ტეგები

, ,


1991 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ მხარი დაუჭირა  პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას. პირველ საპრეზიდენტო არჩევნებამდე საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების მოვალეობის შესრულება ზვიად გამსახურდიას დაეკისრა, არჩევნები კი 26 მაისს დაინიშნა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატების რეგისტრაციაში გატარება საიწყო. პრეზიდენტად კენჭისყრაზე ზვიად გამსახურდიასთან ერთად პრეტენზიას აცხადებდნენ: ირაკლი შენგელაია, გიორგი ყორღანაშვილი, როინ ლიპარტელიანი, ჯიმი მიქელაძე, ქართლოს ღარიბაშვილი, ვალერიან ადვაძე, ნოდარ ნათაძე და თამაზ კვაჭანტირაძე. რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ ჯაბა იოსელიანს, – „ საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც დაასახელა ეს კანდიდატურა, არ მიეცა მისი მხარდამჭერი ამომრჩევლების სიების შეგროვების უფლება,“  ეს უარი კი ახლადმიღებული კანონის მოთხოვნიდან გამომდინარეობდა. ვნახოთ რა ეწერა მაშინდელ ცნობაში საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადებასთან დაკავშირებით.

507

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 24 აპრილს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში გაატარა ზვიად გამსახურდია, ფილოლოგი, საქართველოს რესპუბლიკის  პრეზიდენტი, „მრგვალი მაგიდის“ სპიკერი, საქართველოს ჰელსინკის კავშირისა და სრულიად საქართველის წმინდა ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე. პოლიტიკურმა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო,“ რომელმა დაასახელა იგი ამ თანამდებობის კანდიდატად, პირველმა წარუდგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იმ ამომრჩეველთა სია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ბატონ ზვიად გამსახურდიას კანონის თანახმად. ამ სიის შესწავლის შემდეგ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ.

წინა დღეს კი, 23 აპრილს გვიან საღამოს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა პოლიტიკური პარტიებისგან, საარჩევნო ბლოკებისა და ამომრჩეველთა ჯგუფებისგან განცხადებათა მიღება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. ამ თანამდებობის პრეტენდენტთა შორის კიდევ რვა კაცია, ესენი არიან:

ირაკლი შენგელაია –  ლიტერატორი, ინტელექტუალური ასოციაციის „თავისუფალი აზრის“ პრეზიდენტი, ორგანიზაციისგან „დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის  („ დასი“ ),  „საქართველოს ლიბერალურ – დემოკრატიული ეროვნული  პარტიისგან“,  „ქრისტიან -დემოკრატიული კავშირისგან,“ რომლებიც შედიან  პოლიტიკურ ბლოკში „თავისუფლება.“

გიორგი ყორღანაშვილი, ინჟინერ-მეტალურგი, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, „საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე,“ „საქართველოს კონსტიტუციურ -დემოკრატიული პარტიისგან.“

როინ ლიპარტელიანი –  სწავლული აგრონომი, „სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირის თავმჯდომარე,“ „ სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირისგან.“

ჯიმი მიქელაძე –  იურისტი, „საქართველოს დამოუკიდებელი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი,“ „ საქართველოს დამოუკიდებელი კომპარტიისგან.“

ქართლოს ღარიბაშვილი – იურისტი, საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, მოძრაობა “დემოკრატიული საქართველოს“  თავმჯდომარე, მოძრაობა „დემოკრატიული საქართველოსგან.“

ვალერიან ადვაძე –  ეკონომისტი, „საქართველოს ეროვნული თანხმობისა  და აღორძინების კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარე, „ საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირისგან.“

ნოდარ ნათაძე – ფილოლოგი,  მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის სექტორის გამგე, „საქართველოს სახალხო ფრონტის“ გამგეობის თავმჯდომარე,  „საქართველოს სახალხო ფრონტის“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ამომრჩეველთა ჯგუფისგან.

თამაზ კვაჭანტირაძე – ფილოლოგი, ჟურნალ „ბალავარის“ მთავარი  რედაქტორი, „საქართველოს თავისუფალ -დემოკრატთა კავშირისგან.“

საქართველოს რესპუბლიკის ყველა დასახელებულ პრეზიდენტობის კანდიდატს მინიჭებული აქვს მხარდამჭერი ამომრჩევლების სიების შეგროვების უფლება. კანონის თანახმად, ეს სიები, რომლებზეც უნდა იყოს სულ ცოტა 10 000 ამომრჩევლის ხელმოწერა, უნდა წარედგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციისთვის, არჩევნებამდე არა უგვიანეს 23 დღისა, ესე იგი არა უგვიანეს 1991 წლის 2 მაისის 22 საათისა.

როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ჯაბა იოსელიანის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგინების შესახებ ამომრჩეველთა ჯგუფის განცხადება არ ყოფილა მიღებული, რადგან იგი შემოვიდა „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ კანონში ცვლილებათა შეტანის თაობაზე უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის შემდეგ. ამ ცვლილებების თანახმად კი არჩევნებში არ მონაწილეობენ პირები, რომელთა მიმართ სისხლის სამართლებრივ – საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არჩეულია აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. ამის შესაბამისად საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც დაასახელა ეს კანდიდატურა, არ მიეცა მისი მხარდამჭერი ამომრჩევლების სიების შეგროვების უფლება. საქინფორმი“. ( 1991 წ. აპრილი).