ტეგები

, , ,


„ დვანის წმინდა გიორგის ეკლესია, ეკლესია წმინდა გიორგის კვართისა, კოხიჯვარი, არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ჩრდილო დასავლეთით, კონუსური მთის წვერზე, თარიღდება მე-6 საუკუნის მესამე მეოთხედით (ნ. ჩუბინიშვილი), გვიან ფეოდალურ ხანაში ეკლესიის გარე კედლისთვის  რიყის ქვით დაუშენებიათ მაღალი სათავდაცვო კოშკი. ეკლესია ნაგებია ღია მომწვანო-მორუხო ფერის სწორად გათლილი ნატეხი ქვით.. “( საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი 5). 

1991 წლის 11 აპრილს საბჭოთა ჯარისკაცებმა სოფელ დვანში გადაწყვეს წმინდა სამებისა და წმინდა გიორგის უძველესი ტაძრები, „ვანდალიზმის ეს აქტი საქართველოს ისტორიის მოსპობის ცდის ტოლფასია., “- აღნიშნავდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია საბჭოთა კავშიტის პრეზიდენტისადმი ( გორბაჩოვი) და შს მინისტრისადმი ( პუგო) მიმართვაში, რომელიც 1991 წლის 12 აპრილით თარიღდება, იხილიეთ აღნიშნული მიმართვის სრული ტექსტი:

„ სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ნაწილებმა, რომლებიც შემოყვანილი არიან საქართველოში, კერძოდ, სამაჩაბლოში ქართველი ხალხის ნების მიუხედავად, განსაკუთრებით გაააქტიურეს საომარი მოქმედება ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ, სახელდობრ, მას შემდეგ, რაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

დღეს, როცა თვით კომუნისტური იდეოლოგიაც კი არ უარყოფს რელიგიის საჭიროებას პიროვნების სულიერი ჰარმონიის ფორმირებისათვის, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები და საბჭოთა არმია სჩადიან ანტიჰუმანური, მკრეხელური ვანდალიზმის აქტებს.

dvani1991 წლის 11 აპრილს შინაგანი ჯარების ნაწილებმა, რომლებიც ქარელის რაიონის სოფელ დვანში შეიჭრნენ, სამეთვალყურეო პუნქტის გაუქმების საბაბით დაწვეს წმინდა გიორგის ეკლესია და წმინდა სამების ეკლესია – ისტორიული ძეგლები, რომლებიც ქართველი ხალხის სულიერი სიმდიდრის დასტურია. 11 აპრილს ჩადენილი ვანდალიზმის აქტი საქართველოს ისტორიის მოსპობის ცდის ტოლფასია.

ამავე დროს გაცნობებთ, რომ სოფელი დვანი ოც კილომეტრზე მდებარეობს ტერიტორიიდან, რომელზეც ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ გამოცხადებული საგანგებო წესების მოქმედება.

საგანგებო წესების მოქმედების ტერიტორიის თვითნებური გაფართოება, სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში უხეში ჩარევა, მისი ტერიტორიული მთლიანობის დანაწევრების ცდა, აგრეთვე ლოკალური ტერიტორიის ანექსიის ცდაა.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო კატეგორიულად მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაიყვანოთ სამაჩაბლოს ტერიტორიიდან სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ნაწილები და აღადგინოთ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დანიშნული ქალაქ ცხინვალის სამხედრო კომენდანტის უფლებამოსილებანი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 12 აპრილი”