ტეგები

, , ,


“დღეს ეს ფაშისტური ხროვა ზვიად გამსახურდიას თაოსნობით, უკვე მთავრობის  სათავეშია მოსული.” ჯაბა იოსელიანი. 1991 წლის მარტი.

1991 წლის ზამთარში  ჯაბა იოსელიანის  დაპატიმრების შემდეგ, საზოგადოების ნაწილმა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება “მხედრიონის” მეთაურის განთავისუფლების მოთხოვნით. ამ ფაქტს ციხიდან გამოეხმაურა ჯაბა იოსელიანი. მაშინდელი ოპოზიციური პრესა ციხეში დაწერილ მის წერილებს საინტერესო რუბრიკით  აქვეყნებდა.

cixe 1

“გაზეთებიდან შევიტყვე და ჩემი ყურითაც მოვისმინე, რომ ერთი ნაწილი ქართველებისა თხოულობს ჩემს განთავისუფლებას. ბუნებრივია, რომ ამ ფაქტმა მე იმედი გამიძლიერა ჩემი ქვეყნის მომავლისადმი, მაგრამ ძვირფასებო, ჯერ ერთი, რისი სათავდებო ვარ მე? ან ვისთვის დგება ეგ ხელმოწერები? არ გიფიქრიათ ვინ არის ის კაცი, რომელმაც ყურად უნდა იღოს თქვენი მოთხოვნა ან, ღმერთმა დაიფაროს თხოვნა?  ( მე ტექსტი არ ვიცი).

მეორეც, ჩემზე არ არის საქმე. აქ საქმე ეხება „მხედრიონს.“ იმ ახალგაზრდებს – ჭეშმარიტ, უანგარო და მამაც პატრიოტებს, ვინც ქვემო ქართლში, ბოლნისისა და მარნეულის რაიონში პირველი ამოუდგა მხარში საკუთარ ხალხს. „მხედრიონი“ პირველი ჩავიდა აფხაზეთში გაჭირვების  ჟამს. „მხედრიონი“ იყო ვინც აღკვეთა აფხაზ ექსტრემისტთა მუქარა სოხუმის უნივერსიტეტში გამოცდების დროს. „მხედრიონი“ ჩავიდა აფხაზეთში არჩევნების დროს, რათა არ მომხდარიყო ძალდატანება და სხვა ექსცესები.“მხედრიონი“ მაშინც ჩავიდა აფხაზეთში, როცა სურდათ ქართველ დაღუპულთა ხსოვნა შეებღალათ და აღკვეთა ეს მკრეხელობა. „მხედრიონი“ ორჯერ იყო ცხინვალსა და ლიახვის ხეობაში და მისმა მოქმედებამ განაპირობა შედარებითი სტაბილურობა მთელი წლის განმავლობაში. „მხედრიონის“ და ქართველ მაშველთა კორპუსის ერთმა მუჭა ბიჭებმა ასახელეს საქართველო ირანის მიწისძვრის დროს. „მხედრიონის“ რიგებში ნახეს სამართალი სწორედ იმ ახალგაზრდებმა, რომლებმაც კომუნისტური რეჟიმის დროს კომკავშირს ციხე ამჯობინეს, დღეს კი საიმედო ვაჟკაცებად იქცნენ.”

ციხიდან გამოგზავნილ ამ წერილში ჯაბა იოსელიანი ეხმაურებოდა მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან “მხედრიონის” მისამართით გამოთქმულ ცნობილ ბრალდებებს.

juba„როგორც ჩვევიათ არაკაცებს, ჭორებითა და ცილისწამებით ჩუმ- ჩუმად გვიტეხდნენ სახელს, ეგენი სუკ-ის აგენტები არიან, აბა, საიდან აქვთ იარაღიო. დღეს ეს ფაშისტური ხროვა ზვიად გამსახურდიას თაოსნობით, უკვე მთავრობის  სათავეშია მოსული.

მათ არ მოსწონდათ, როცა ჩვენ მათ ავანტიურისტულ მოქმედებას წინ აღვუდექით, იყო ეს აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში, მერაბ კოსტავას ფონდსა თუ სამტრედიაში. ისინი გაცოფდნენ, როცა დაინახეს, რომ „მხედრიონი“ შეეჭიდა მათ ფაშისტურ კურსს, იყო ეს ოსეთის სამარცხვინო კრიზისი, ე.წ. გვარდიის შექმნა დიქტატურის საყრდენის მიზნით, დღესდღეობით კომუნისტებზე უფრო დრაკონული კანონების გატარება ხალხის ზურგს უკან. ტერორი ფსიქოლოგიური თუ პირდაპირი და ბოლო – ე.წ. პრეფექტთა ხალხის მჩაგვრელი ინსტიტუტი.

ჩვენ უამრავი საბუთი, მოწმე და მტკიცება გვაქვს დღევანდელი, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისათვის, ხელისუფლების გამოსამზეურებლად, ამიტომ ახლა ჩვენ გვნათლავენ ბანდიტენად, თქვენი სახელით, ქართველო ხალხო, ვაჭრობენ და ციხეში გვერეკებიან.

მე არ მივმართავ  მაღალფარდოვან მოწოდებებსა და ცნობილ სენტენციებს, მე უბრალოდ ვიტყვი – სიმართლე არ დაიმალება.

რაც შეეხება ჩვენს განთავისუფლებას, მე ვფქირობ, ეს ნაადრევია. ვდრე საქართველოს ბედ-იღბალს ატრიალებს კაცი, რომელმაც ურცხვად, ალბათ მილიონობით ადამიანის წინაშე ტელევიზიით ორჯერ დააბეზღა მთელი დემოკრატიული მოძრაობა ( ერთხელ როგორც აბიურაციის ქმედმა მშიშარამ, მეორედ – როგორც სუკის მოწმემ), სულში ჩააფურთხა ქართველ ხალხს და თავი მოსჭრა მთელ დუნიაზე, ვიდრე ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის (!) თუნდაც ერთი სტუდენტი მოითხოვს ადამიანის დაპატიმრებას, თუნდაც იგი დამნაშავე არ იყოს, – ჩემი ადგილი ციხეშია.”

 

cixe 2