ტეგები

, ,


„ყურადღება უნდა მივაპყროთ იმ ფაქტს რომ ამ დოკუმენტში, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ, ფიგურირებს გამოთქმა: ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ამით ვგონებ გარკვეულია ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, რუსეთის სახელმწიფო არ ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში და ცენტრის მსგავსად დაჟინებით არ მოითხოვს ჩვენგან ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენას, “ — საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია ნათქვამში გულისხმობდა boriaშეხვედრისა და მოლაპარაკების ოქმს, რომელსაც მასთან ერთად რსფსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ბორის ელიცინმა  მოაწერა ხელი. გამსახურდიას და ელცინის შეხვედრა ყაზბეგში შედგა, იქ   23 მარტს მიღებულ ოქმში  ასევე ჩაიწერა: „რსფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო  ფორმირების გასაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.

სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან იქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.

რუსეთის, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილო ოსეთის სსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების პირობები შეექმნათ. უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.“

28 მარტს უზენაესი საბჭოს შენობის წინ გამართულ მიტინგზე ( აქ მიტინგებს მმართველი უმრავლესობა მართავდა) წაიკითხეს  მოსკოვში რუსეთის სახალხო დეპუტატთა რიგგარეშე ყრილობისთვის და პირადად ბორის ელცინისთვის გასაგზავნი დეპეშის ტექსტი. მასში,აღნიშნული იყო, რომ  ბლოკ „მრგვალი მაგიდა- თავისუფალი საქართველოს“ მიერ გამართულ მრავალათასიან მიტინგზე ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოუცხადეს დემოკრატიულ რუსეთს და პირადად ბორის ელცინს.

რამდენიმე დღეში, 31 მარტს, საქართველოს ისტორიული რეფერენდუმის დღეს,  რუსეთის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მიიღო დადგენილება და ქართველებში  „დემოკრატიული რუსეთით“ მცირე  აღფრთოვანებაც დასრულდა. საპასუხო  განცხადება, რომელსაც უზენაესი საბჭოს სახელით ხელს ზვიად გამსახურდია აწერდა, ასე იწყებოდა: “ამა წლის 31 მარტს რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მიიღო დადგენილება სამხრეთ ოსეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, ეს დადგენილება, გარდა იმისა, რომ საქართველოს რესპუბლიკის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა, ჩამოყალიბებულია მიუღებელი მბრძანებლური  კილოთი, რაც არ ეკადრება ესოდენ დიდ ფორუმს.”

რუსეთის  სახალხო დეპუტატთა ყრილობამ საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობისგან მოითხოვა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენა, ტ. კულუმბეგოვის და სხვა „უკანონოდ დაპატიმრებული პირების“ გათავისულება და არა მარტო..

ზ.გამსახურდია: „გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ყალიბდება იმპერიულად განწყობილი ძალების ერთიანი ფრონტი კანონიერად არჩეულ საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტთან საბრძოლველად, რომელიც ესწრაფვის დაიბრუნოს 1921 წლის თებერვალში ძალით წართმეული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ამ პოზიციას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რასაც მოწმობს გამართული რეფერენდუმის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სიებში შეტანილ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 95-მა პროცენტმა. ის ფაქტი, რომ 1918 წლის 26 მაისის დეკლარაციის საფუძველზე დამოუკიდებელი საქართველოს აღდგენის მოთხოვნას პასუხი გასცა კენჭისყრის მონაწილეთა 99.6-მა  პროცენტმა, იმის გათვალისწინებით, რომ არაქართული მოსახლეობა 30 პროცენტს შეადგენს, მოწმობს საქართველოს რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესის სამართლიანობასა და შეუქცევადობას, იმ სოციალური ბაზის ნამდვილად მრავალფეროვან ხასიათს, რომელსაც ეყრდნობა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი.

31 მარტის რეფერენდუმი ისტორიული მოვლენაა, რომელიც რეალურ გზას უხსნის საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.  სწორედ ამ დღეს რუსეთის სფსრ ყრილობამ მიიღო დადგენილება, რომელიც სხვა არა არის რა, თუ არა საკავშირო მთავრობის იმპერიული ამბიციების მხარდაჭერა, რასაც ადასტურებს ყრილობის მიმართვა სსრ კავშირის პრეზიდენტისა და სსრ კავშირის ფედერაციის საბჭოსადმი, რომელშიც მოითხოვენ განხორციელდეს სასწრაფო ღონისძიებანი სამხრეთ ოსეთში ვითარების ნორმანლიზაციისთვის.

რა შეიძლება მოჰყვეს წესრიგის დასამყარებლად ცენტრალური მთავრობის სასწრაფო ღონისძიებებს შეგეძლოთ გენახათ თბილისში, ბაქოში, ვილნიუსში, რიგასა და სხვა რეგიონებში.

გაოცებას იწვევს, რომ დადგენილება მიიღო უმრავლესობამ, რუსეთის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლების ჩათვლით, რომლებიც თითქოსდა საკავშირო მთავრობის დიდაქტიკურ და იმპერიულ ზრახვათა წინააღმდეგ იბრძვიან.“  — ზვიად გამსახურდიას მიერ ხელმოწერილი ეს განცხადება 3 აპრილით თარიღდება. ერთიანი საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას  უკვე გაკეთებული ჰქონდა ისტორიული არჩევანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის  აღდგენის სასარგებლოდ.