ტეგები

, , , , , ,


ისევ 9 აპრილის ტრაგედია და ქართველები 1991  წლის “დამოუკიდებლობის გაკვეთილებიდან”

“რატომ არ დააპატიმრეთ პატიაშვილი 9 აპრილისთვის?“ — 1991 წლის აპრილის დასაწყისში ჰკითხა ზვიად გამსახურდიას „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტმა. გამსახურდიამ  მას უპასუხა: “იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი შემწყნარებელია და ყველას ყველაფერს პატიობს. ქართველები ბოღმიანი ხალხი არა ვართ. აბა მიაქციეთ ყურადღება: შემზარავი 9 აპრილის შემდეგ თბილისში არავითარი სიძულვილი არ იგრძნობა რუსეთისადმი. საერთოდ არ იგრძნობა არც სხვა ერების მიმართ, ვიღას ახსოვს პატიაშვილი, თუმცა, მან დანაშაული ჩაიდინა და ამისათვის დაისჯება კიდევაც, მაგრამ ხალხს ეს არ ეჩქარება.“

არადა, პატიაშვილი მაინც  ახსოვდათ.  ერთხანს გაუჩინარებული  გამოჩნდა და წეროვნაში გამართულ  შეკრებაზე 9 აპრილს მომხდარის შემსწავლელი კომისიების მუშაობა გააკრიტიკა. მისი მაშინდელი განცხადება მოყვანილია გაზეთ „7 დღეში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორიც ალეკო ასლანიშვილი იყო.  სტატიის თანახმად, პატიაშვილმა 1991 წლის 7 მარტს თქვა: „მიმაჩნია, რომ სობჩაკისა და შავგულიძის კომისიების დასკვნები არასრული და არაკვალიფიციური იყო. პირველი დასკვნით, დანაშაულებრივი მოქმედებისთვის პასუხისმგებლობა ააცილეს ცენტრს, მეორით კი — ყოფილ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, შემდეგ კი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს გუმბარიძეს. დიახ, უნდა მოხდეს წვრილად შესწავლა. თუ ვინმეს არ უნდოდა სისხლის დაღვრა, ეს მე არ მინდოდა.“

reno 4

 

საგულისხმოა, რომ  1991 წლის 7 მარტსვე საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს მე-6 სესიაზე საბჭოთა კავშირის გენერალურმა პროკურორმა ნ. ტიუბინმა წარმოადგინა პროკურატურის დასკვნა თბილისის 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით. ეს დასკვნა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა სამხედრო პირებს, რომელებიც 1989 წლის 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ.  ტიუბინის გამოსვლას  გამოეხმაურა საქართველოს უმაღლესი საბჭოს ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ამბების გარემოებათა შემსწავლელი კომისია და გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, რომელიც ამ სიტყვებით სრულდებოდა: „სსრ კავშირის პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. ყველა თანამდებობის პირი და სამხედრო მოსამსახურე გაამართლა. დამანაშავედ 9 აპრილის ტრაგედიისათვის ფაქტობრივად გამოცხადდა ქართველი ხალხი. ყოველივე ეს და ლიგაჩოვის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ თბილისში 9 აპრილს მიტინგის არმიის გამოყენებით აღკვეთის გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო საბჭოთა კავშირის კპ ცკ-ის გენერალურ მდივანთან მ. გორბაჩოვთან, სსრ საგარეო საქმეთა მინისტრთან ე. შევარდნაძესთან და სხვებთან, გვაფიქრებინებს, რომ თბილისის 9 აპრილის ტრაგედიისათვის პასუხისგებლობა უნდა დაეკისროს სსრ კავშირის უმაღლეს სახელმწიფო და პარტიულ ხელმძღვანელობას მთლიანად, სსრ კავშირის პრეზიდენტის მეთაურობით.“  განცხადებას ხელს აწერდნენ:  9 აპრილს მომხდარი ამბების გარემოებათა გამოკვლევის კომისიის თავმჯდომარე — იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი თამაზ შავგულიძე; ქვეკომისიის თავმჯდომარეები: აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, აკადემიკოსი მალხაზ ზაალაშვილი, აკადემიკოსი ბიძინა ნანეიშვილი, აკადემიის წევრ კორესპონდენტი შოთა ნადირაშვილი, იურდიულ მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ლილუაშვილი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი ჯონი ხეცურიანი, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია.

შეგახსენებთ საბჭოთა სადამსჯელო მანქანის მიერ 1989 წლის  9 აპრილს თბილისში ჩადენილ კიდევ ერთ სასტიკ დანაშაულს, რომელსაც თავის განცხადებაში ხაზს უსვამდა შავგულიძის კომისიაც: „ალესილი ხელბარებისა დ მომწამვლელი ნივთიერებების გარდა 9 აპრილს გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღიც, ამას ადასტურებს დ. ფაილოძის მძიმე დაჭრის ფაქტი. მან დაკარგა ორივე თვალი. მის მიმართ ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული დამამძიმებელ გარემოებაში.“

 

ფოტოზე ასახულია  9 აპრილის დანაშაულის მსხვეპლთა  ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო აქცია თბილისში (რენო სირაძის ფოტოაქრივი).