ტეგები

, , ,


1991 10 მარტს სოხუმის ცენტრალურ მოედანზე საკავშირო რეფენდუმის მხარდასაჭერი მიტინგი გაიმართა. მიტინგის ინიციატორები ახლადშექმნილი პოლიტიკური ბლოკის “კავშირის” წარმომადგენლები იყვნენ.  გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” წერდა:

“ორგანიზატორები თავდაპირველად აპირებდნენ მოეწყოთ მიტინგი  ლენინის სახელობის მოედანზე, მაგრამ სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა არ მისცა თანხმობა და ამასთან აღნიშა, რომ ასეთი მიტინგის მოწყობამ შეიძლება მოსახლეობის ნაწილის ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს, რადგან 17 მარტის რეფერენდუმისადმი დამოკიდებულება საზოგადოების სხვადასხვა ფენებში ერთმნიშვნელოვანი არ არის.

ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სამართალდამცავმა ორგანოებმა  მოედანი გადაკეტეს, მაგრამ მიტინგი მაინც გაიმართა სტადიონზე. მიტინგი გახსნა და მას უძღვებოდა სომხური კულტურულ – საგანმანათლებლო ორგანიზაციის „კრუნკის“ ხელმძღვანელი ალბერტ ტოპოლიანი. მან თქვა, რომ მისი აზრით, კავშირის დაშლა მოასწავებს კატასტროფას მილიონობით საბჭოთა ადამიანისთვის და ამიტომ საჭიროა მონაწილეობის მიღება 17 მარტის რეფერნდუმში.

მიტინგზე სიტყვა წარმოთქვა აფხაზეთის სახალხო ფორუმის „აიდგილარას“ თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აჩბამ. მან, კერძოდ, თქვა, რომ აფხაზეთი ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერის მომხრეა და „აიდგილარას“ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს პრეფექტურის ინსტიტუტის შემოღების მიმართ. დაახასიათა ის, როგორც ანტიდემოკრატიული ორგანო და პოლიტიკური აგრესიის დაწყება აფხაზეთის წინააღმდეგ.

მიტინგზე მიიღეს რეზოლუცია 17 მარტის რეფერენდუმის მხარდასაჭერად, „სამხრეთ ოსეთის“ მხარდასაჭერად. აგრეთვე მიმართვა ქართველი ხალხისადმი, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველმა ერმა უნდა გამოთქვას თავისი ნეგატიური დამოკიდებულება პრეფექტურის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელმაც შეიძლება არარად აქციოს ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის.

მიტინგის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებანი გაეგზავნათ გორბაჩოვს, სსრ კავშირის და საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოებს.

მიღებული იყო აგრეთვე დეპეშა სსრ კავშირის პრეზიდენტისა და აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარისადმი, რომელშიც გამოთქმულია თხოვნა განახორციელონ საჭირო ადმინისტრაციული ღინისძიებანი აფხაზეთში 17 მარტის რეფერენდუმის თავისუფლად ჩატარების უზრუნველსაყოფად.”