ტეგები

, , ,


დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ლატვიამ მოქალაქეობა მხოლოდ მათ მიანიჭა, ვისი წინაპრებიც დამოუკიდებელ ლატვიაში ცხოვრობდნენ. რუსულენოვანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოქალაქეობის მიღმა დარჩა. მოქალაქეობის მისაღებად მას ნატურალიზაციის პროცედურის გავლა მოსთხოვეს, რაც სახელმწიფო ენის და ისტორიის სწავლას გულისხმობდა. მოქალაქეობის მიღების მსგავსი წესი შემოიღო დამოუკიდებელმა ესტონეთმაც

საქართველოში 1991 წლის მარტში საარჩევნო კომისიას საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მოვალეობის შესრულება დაევალა. თავის საჯარო გამოსვლებში უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია განმარტავდა 31 მარტის რეფერენდუმის  უდიდეს მნიშვნელობას და ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი უშუალოდ იქნებოდა დაკავშირებული მიწის საკუთრებისა და მოქალაქეობის საკითხებთან.

zviadi„ეს, ჩვენო ძვირფასებო, ვაჭრობა როდია? მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში მოქალაქეობას იღებენ მაშინ, როცა არის ურთიერთვალდებულებებისადმი მზადყოფნა: პოტენციური მოქალაქისა სახელმწიფოს წინაშე და სახელმწიფოსი მოქალაქის წინაშე. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქეობის მიღება გულისხმობს ქვეყნის ენისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემას,“ — მიმართავდა ზვიად გამსახურდია ჯავახეთის სომეხი ეროვნების მოსახლეობას და დასძენდა: „მე მაწუხებს, რომ, როცა „უცხოელებზე“ ვლაპარაკობთ, ამას სომხები თავიანთი მისამართით აღიქვამენ. არავითარ შემთხვევაში. ეს სხვებს ეხება, იმათ, ვინც  უკანონოდ დასახლდა ჩვენს მიწაზე, უკანონოდ შეიძინა სახლები, თანაც რაღაც გაუგებარი პრეტენზიები აქვთ. ვიცი, რომ არის პრობლემები პრეფექტების დანიშვნასთან დაკავშირებით. მათი დანიშვნის დროს ვითვალისწინებთ მშრომელთა სურვილს, თქვენ ხომ ჯერ კიდევ არ მიგიციათ საშუალება მათთვის თავი გამოიჩინონ?“

ჯავახეთის სომეხი მოსახლეობისდამი მიმართვაში ზვიად გამსახურდია აღნიშნავდა, რომ ურთიერთგაგების ატმოსფეროში  ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა და გამოდიოდა მოწოდებით: „ყველა ჩვენგანის ხმა 31 მარტს შეიძლება ის ერთადერთი იყოს, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი სახელმწიფოს — საქართველოს ბედს. თუ იქნება დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო, სოციალურად დაცული იქნება ჩვენი მრავალეროვანი ოჯახის თითოეული წევრი, დაცული იქნებიან ჩვენი ოჯახები, შვილები შვილიშვილი. მარტში თუ ვიტყვით „დიახ“ თავისუფალ საქართველოს, — ნიშნავს, რომ სექტემბერში გაცილებით უფრო გაუადვილდება სომხეთს. ორი დემოკრატიული დამოუკიდებელი რესპუბლიკა — საქართველო და სომხეთი  უნდა იყოს! მაშასადამე, იქნება მშვიდობისა და თანხმობის გარანტიები.

საქართველოში მცხოვრები სომხები გაჭირვების ჟამს მუდამ იარაღით  ხელში ქართველებთან  ერთად იცავდნენ ჩვენს ქვეყანას. ახლა თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მხარს დაგვიჭერთ, საქართველო და სომხეთი — ეს ორი ქრიტიანული პატარა კუნძული კავკასიაში ერთად ესწრაფვიან თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. დაე, აღსრულდეს ჩვენ წინაპართა მრავალსაუკუნოვანი ოცნება ჩვენი სახელმწიფოების თავისუფლების შესახებ!“