ტეგები

,


საქართველის უზენაესი საბჭოს პრეს ცენტრი.  

14 მარტი 1991

“რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი, რომელიც დღეს გააჩნია ქართველ ხალხს,  არის სრული და შეურყეველი კონსოლიდაცია. ერთი ეროვნული დროშის ქვეშ გაერთიანება.

ნუ დავივიწყებთ – საერთაშორისო სამართალი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ერს თავის სუბიექტად სცნობს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარწმუნდება, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მხარი დაუჭიროს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეას.

ხალხის ნების გამოხატვის ერთადერთ სამართლებრივ გზად  მთელს მსოფლიოში აღიარებულია დემოკრატიული არჩევნები და რეფერენდუმი. საქართველო იურიდიულად არ არის ვალდებული, რეფერენდუმის ჩატარების საშუალებით მოახდინოს ეროვნული თვითგამორკვევა, მაგრამ დემოკრატიული ტრადიციების ერთგული ქართული ეროვნული მოძრაობა მაინც დგამს ამ ნაბიჯს.

მრავალი საუკუნის მანძილზე საქართველო ყოველთვის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. მე-20 საუკუნეშიც კი, რომელიც იმპერიების ნგრევის, ძველი სახელმწიფოების აღდგენის თუ ახალი რესპუბლიკების წარმოქმნის საუკუნეს წარმოადგენდა, საქართველომ შეძლო აღედგინა წინა საუკუნეში დაკარგული  სახელმწიფოებრიობა, მაგრამ 1921 წლის ანექსიის შემდეგ ქვეყნის მართვის რეალური ბერკეტები იმპერიის  ხელში აღმოჩნდა. ამიტომ დღის წესრიგში დადგა რეფერენდუმი, რომლის საშუალებითაც ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ, სრულიად არაორაზროვნად და მტკიცედ უნდა განუცხადოს მთელ მსოფლიოს „საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უნდა აღიდგინოს.“

ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში მისაღები და აუცილებელია აზრთა პლურალიზმი, შეხედულებათა სხვაობა, ოპოზიცია, მაგრამ ჭეშარიტი დემოკრატია იმით განსხვავდება ქაოსისა და ანარქიისგან, რომ გარკვეულ ისტორიულ, შემოწმებულ და საყოველთაოდ აღიარებულ კანონებს ემორჩილება.

დღეს საქართველო გამოუცხადებელი ომის მდგომარეობაშია, ამდენი ფარული და აშკარა მტრის არსებობა ძნელად მოსანახია, ამიტომ გვმართებს დღეს როგორც არასდროს ერთად დგომა, ამიტომაცაა დღეს სამშობლოს ღალატის ტოლფასი ერის  წმინდათა წმინდა ინტერესებზე მაღლა ვიწრო, პოლიტიკური ამბიციების დაყენება, ამიტომ შერისხავს მოღალატეებად შთამომავლობა და ისტორია ყოველ ჩვენგანს, ვინც კი თავისი მოქმედებით ნებსით თუ უნებლიეთ მტრის წისქვილს დაასხამს წყალს.”