ტეგები

, , ,


1991 წლის 31 მარტს ერთიანი საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, მეორე 117დღესვე  ზვიად გამსახურდია გამოეხმაურა გორბაჩოვის მოწოდებას —  საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სისხლისღვრა ცხინვალის რეგიონში, აღეკვეთა ექსტრემისტების თარეში და პრობლემის გადასაჭრელად დაეწყო მოლაპარაკებები.  საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს  შეატყობინა, რომ რიგი საკითხების გადასჭრელად საქართველოს მხარემ წამოიწყო მოლაპარაკება რუსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეიძლება მოლაპარაკებები ეწარმოებინა ექსტრემისტებთან და ტერორისტებთან და, რომ იმ პერიოდში რეგიონში შედარებით სიმშვიდე იყო, სროლა აღარ ისმოდა.

2 აპრილს სოფელ ტყვიავში სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ჯავშანტრანსპორტიორთა კოლონამ ორ გოგონას გადაუარა.  ერთ -ერთის, ნინო მეტრეველის, მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. „ ესეც თქვენი ამასწინანდელი დეპეშის კიდევ ერთი ტრაგიკულ შედეგი, ისევე როგორც საბჭოთა  რაკეტით სოფელ ნიქოზში ლადო მჭედლიძის მკვლელობა და სხვა გლეხების დაჭრა. ასეთ შედეგებს იწვევს ცენტრის „მეურვეობა.“ მოვითხოვ შეწყდეს ყოველგვარი ჩარევა სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის საქმეებში.” —  წერდა გამსახურდია გორბაჩოვს  3 აპრილს.

5 აპრილს ქართულ სოფლებს თამარაშენს, აჩაბეთს, ქემერტს  და სხვებს ოსმა ექსტრემისტებმა შინაგანი ჯარის ნაწილების მხარდაჭერითა და მათი ჯავშანტრანსპორტიორებით ყველა მხრიდან შეუტიეს, დაიღუპა თამარაშენის ორი მოსახლე: ე. ელბაქიძე და ზ. მეტრეველი, სამი კი დაიჭრა. იმავე ღამეს ერედვ — ხეითის გზაზე მოკლეს მილიციის კურსანტი თ. დათაშვილი და სოფელ მერეთის მცხოვრები ვ. ტატიშვილი. 6 აპრილს ზვიად გამსახურდია გორბაჩოვს და ლუკიანოვს ( სსრკ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე) საპროტესტო განცხადებით მიმართავდა, რომელშიც ხაზს უსვამდა, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე  შემოდიოდა საბჭოთა არმიისა და სსრკ შინაგან საქმეთა სამინიტროს დამატებითი კონტინგენტი, მოსკოვიდან ჩამოსული პოლკოვნიკი ალექსანდროვი კი აცხადებდა, რომ ეს ჯარები არ დაექვემდებარებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის მიერ დანიშნულ კომენდანტს.

ზ. გამსახურდია: „ეს არის აშკარა  აგრესია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ, გრძელდება რესპუბლიკის მოსახლეობის გენოციდი, იზრდება საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღშფოთება, რასაც ემატება ეკონომიკური პირობების სერიოზული გაუარესება, ფასების ზრდა და ცენტრისმიერი ბლოკადა. ყოველივე ამის შედეგად „მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკური ორგანიზაციის, აგრეთევ საქართველოს მშრომელთა ინიციატივით რესპუბლიკაში მზადდება საყოველთაო გაფიცვა მუშებისა, მოსამსახურეებისა, რკინიგზელების, მეზღვაურების, რომლებიც უერთდებიან გაფიცულ სსრ კავშირის მშრომელებს და იზიარებენ ყველა მათ მოთხოვნას. ამავე დროს მოითხოვენ: ყოფილი ავტონომიიდან გაიყვანონ საბჭოთა არმიის ნაწილები და სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების დამატებითი კონტინგენტი. დაიხუროს და გაუქმდეს როკის უღელტეხილი და გვირაბი. დაბრუნებულ იქნან ცხინვალის კომენდანტი და მისი მოადგილეები, რომლებიც საქართველოს შიგან საქმეთა სამინისტრომ დანიშნა.” ( 6 აპრილი. 1991 წ.)

რამდენიმე დღეში ეროვნულ — დემოკრატიული პარტიის მთავარმა კომიტეტმა გაავრცელა  განცხადება: „ჩვენ დიდი ხნით ადრე გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება ე.წ. ლიტვური გზის მიმართ და ამჯერად აღარ გავიმეორებთ, თუ რატომ მიგვაჩნია დამოუკიდელობის დეკლარაციები მიზანშეუწონლად  ეროვნულ —  გამანთავისუფლებელი მოძრაობისთვის.

სამაგიეროდ ჩვენი ყურადღება მიიპყრო და მოწონება დაიმსახურა უზენაესი საბჭოს  ხელმძღვანელობის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს დეოკუპაცია ეროვნული — დაუმორჩილებლობის  გზით უნდა განხორციელდეს. სრული კატეგრიულობით ვაცხადებთ, რომ მიუხედავად პოზიციათა სხვაობისა მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, ასევე უაღრესად დაძაბული დამოკიდებულებისა ჩვენსა და ოფიციალურ ხელისუფლებას შორის ედპ საქართველოს უზენაეს საბჭოს ყოველმხრივ ხელს შეუწყობს ეროვნული დაუმორჩილებლობის  განხორციელებაში და საქართველოს დამპყრობლისგან  გათავისუფლებაში. ღმერთი შეეწიოს მებრძოლ საქართველოს!“