ტეგები

, , ,


1991 წლის 31 მარტს დანიშნული ისტორიული რეფერენდუმის წინ საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ აფხაზ ხალხს მოუწოდა გამოეცხადებინა ბოიკოტი საკავშორო რეფერენდუმისთვის, სამაგიეროდ მონაწილეობა მიეღო 31 მარტოს რეფერენდუმში. „დამოუკიდებელ საქართველოში თქვენ გაცილებით მეტს მოიგებთ, ვიდრე მოდერნიზებულ საბჭოთა იმპერიაში“,- მიმართავდა გამსახურდია აფხაზებს. „დამოუკიდებლობის გაკვეთილებში“ 1991 წლის მარტია. საკავშირო რეფერენდუმი მოსკოვის გადაწყვეტილებით 17 მარტს უნდა ჩატარებულიყო. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბილიკაში ეს რეფერენდუმი მაინც გაიმართა, როგორ და რა შედეგებით, ამის შესახებ აქ წაიკითხავთ.

ზვიად  გამსახურდია  აფხაზებს ეუბნებოდა: „სახიფათო იქნება აფხაზეთის მოსახლეობისთვის მონაწილეობა 17 მარტის საკავშირო რეფერენდუში, რაც მიზნად ისახავს ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებას აფხაზეთში, ქართველების, აფხაზების, სომხების, რუსების და სხვა ეროვნებების ურთიერთდაპირისპირებას, ხალხთა შორის სისხლისღვრის პროვოცირებას. ამიტომ მოგიწოდებთ ნუ აყვებით პროვოკატორებს — ჩვენი ისტორიული მტრების აგენტებს. ბოიკოტი გამოუცხადეთ საბჭოთა რეფერენდუმს და მონაწილეობა მიიღეთ საქართველოს რესპუბლიკის 31 მარტის რეფერენდუმში, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან. დამოუკიდებელ საქართველოში თქვენ გაცილებით მეტს მოიგებთ, ვიდრე მოდერნიზებულ საბჭოთა იმპერიაში, რომლის მიზანიც არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი.“

ამავე მიმართვაში  გამსახურდია შეეხო გალის რაიონში პრეფექტის დანიშვნასთან  დაკავშირებით შექმილ ხმაურს და აღნიშნა, რომ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ  საქართველოს კანონის მოთხოვნის იგნორირებით  დასამტკიცებლად არ წარმოადგინა  კანდიდატურები, რომ არაერთგზის მოწვევის მიუხედავად, ვლადისლავ არძინბა  არ ჩამოვიდა  თბილისში პრეზიდიუმის სხდომაზე დასასწრებლად. ამის გამო დაინიშნა გალში პრეფექტიო, — განმარტავდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე  და დასძენდა, რომ არძინბას შესთავაზა სხვა კანდიდატურის  დასახელება, ის კი პროცესს კვლავ აჭიანურებდა.

აფხაზეთში საბჭოთა რეფერენდუმი მაინც გამართეს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თხოვნით მის მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტები აკვირდებოდნენ. მიგვიანებით  შვეიცარიელი ჟურნალისტი მარტინ ბარკხოფი წერდა, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში საკავშირო რეფერენდუმი არჩევნების დღეს გამოცხადებული წესების თანახმად მოეწყო. აღმოჩნდა, რომ სსრ კავშირის ყოველ მოქალაქეს ხმის მიცემა მისთვის სასურველ საარჩევნო ოლქში შეეძლო. უბნებზე მოწყობილმა საკონტროლო შემოწმებამ ცხადყო, რომ ხმის მიმცემთა 60 პროცენტზე მეტი სხვა ოლქებიდან იყვნენ ჩამოსულები. დამკვირვებლებს კი არ ჰქონდათ საშუალება შეემოწმებინათ ერთი და იმავე პირის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის ფაქტები. მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისია, რომელიც რეფერენდუმის მომზადებისას ურიცხვ დარღვევებს აღნიშნავდა, რეფერენდუმის წინადღეს დაშალეს.

99

უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაუქმებული იყო სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების სისტემა. აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანა აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუცია,  რაც არ მოხდა. 12 მარტს ოჩამჩირეში მოიწვიეს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს სესია და საბჭოს თავმჯდომარედ  სერგეი ბაღაფში აირჩიეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ზვიად გამსახურდიამ აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ვლადისლავ არძინბას მიმართა: „თქვენი ასეთი საქციელი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამით თქვენ საფრთხე შეუქმენით მოქალაქეთა მშვიდობიან ცხოვრებას, აღვივებთ ერთა შორის შუღლს. თქვენ, როგორც განათლებულ პიროვნებას, მეცნიერს, ყოველ შემთხვევაში ასეთად გიცნობთ, უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ ყოველი ადამიანის, განსაკუთრებით ხელმძღვანელის ვალია იცხოვროს სიკეთის, ურთიერთპატივისცემის მაღალზნეობრივი პრინციპებით, არ აჰყვეს პირად ამბიციებს და წაქეზებას. დღეს აფხაზეთის მოსახლეობის ბედი თქვენ გაბარიათ, აქედან 47 პროცენტზე მეტი ქართველის, შეცდომის უფლება არა გაქვთ, რადგან ერთა შორის ჭიდილში გამარჯვებული არ არსებობს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დაფიქრდით, გაითვალისწინეთ ისტორიის გაკვეთილები და როგორც საქართველოს  რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა მიიღეთ მონაწილეობა მის მუშაობაში. რაც მთავარია შეუსაბამეთ თქვენი პოლიტიკა საქართველოს კანონმდებლობას, რომლის იურისდიქციის ქვეშ ბრძანდებით.“ ( 27 მარტი. 1991 წ.)