ტეგები

, ,


1991 წლის მარტის ბოლოს უზენაესი საბჭოს პრეს-ცენტრმა დეპუტატებს შეახსენა გამოეჩინათ წინდახედულობა და სიფრთხილე განცხადებების გაკეთებისას.  „ბატონმა ნ. ნათაძემ სესიის სხდომაზე სამაჩაბლოს ქართველებისთვის, რომლებიც საკუთარ ოჯახს თუ სოფლებს იცავენ, განსაკუთრებული სტატუსის  ( სახალხო ლაშქარი) მინიჭება მოითხოვა. გარდა იმისა, რომ ასეთი სტატუსი ვერავითარ იურიდიულ ნორმებს ვერ ესადაგება, ის ქმნის საკავშირო და უცხოელი ჟურნალისტების ყალბ წარმოდგენას სამაჩაბლოში არაოფიციალური შეიარაღებული ფორმირებების არსებობის შესახებ, გარდა ამისა ჩვენ ვთხოვთ სხვა დეპუტატებს თავიანთი დამოკიდებულება არაქართველი მოსახლეობის და ოპოზიციის მიმართ დემოკრატიის საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით გამოხატონ, რამეთუ გაუფრთხილებლობით წარმოთქმული ყოველი სიტყვა საერთაშორისო პრესაში ცალკე სტატიის და მსჯელობის საგანი ხდება.“ ( უზენაესი საბჭოს პრეს – ცენტრი. 1991 წლის მარტი)

და ისევ  უზენაესი საბჭო და ეროვნული კონგრესი, გამსახურდია და ოპოზიცია. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ოპოზიციას „მოსკოვის აგენტურა“ 5 მარტის სატელევიზიო გამოსვლაშიც  უწოდა.  ამ შემთხვევაში ზვიად გამსხაურდია ხაზს უსვამდა, რომ ეკონომიკური პირობების გაუარებისთვის, აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში დაძაბულობისთვის ოპოზიცია აკრიტიკებდა მთავრობას და არ ახსენებდა  მოსკოვს.

ზ. გამსახურდია: „მოსკოვის ხელში უმნიშვნელოვანესი იარაღია — ეკონომიკური ბლოკადა,J_Kasradze (869) რომელიც ჩვენ გამოგვიცხადეს, ენერგეტიკული ბლოკადა, რომელიც ჩვენ გამოგვიცხადეს, რომელზეც, სხვათა შორის არაფერს ამბობს ე.წ. ოპოზიცია, როცა მთავრობას აკრიტიკებს, როცა ეკონომიკური პირობების გაუარესებაზე ლაპარაკობს. არავინ ახსენებს მოსკოვს, რომელიც ყველა ჩვენი უბედურების მთავარი მიზეზია.

ცენტრმა პირველი დღეებიდანვე გამოგვიცხადა ეკონომიკური ბლოკადა, შეგვიმცირა გაზის მოწოდება და ელემენტარული უზრუნველყოფა, მაქსიმალურად შეგვიმცირა სურსათ-სანოვაგეთი მომარაგება. ეს პირდაპირ განაცხადა სსრკ პრემიერ -მინისტრმა პავლოვმა და საგანგებოდ აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა შეკვეთა უნდა მოისპოსო.  ამას არსად არ ამბობს ჩვენი ე.წ. ოპოზიცია, ჩვენს წინააღმდეგ  როცა გამოდის. ჰოდა ვფიქრობ, თუ ამ მომენტებს გავითვალისწინებთ, ეს ოპოზიცია კი არა, მოსკოვის აგენტურაა საქართველოში..

ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ოპოზიციის, დისკუსიების, აზრთა დაპირისპირების წინააღმდეგი ვიყოთ. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია ოპოზიცია, მაგრამ იქ კონსტრუქციულ მიზნებს ისახავს, იქ იდეათა ბრძოლაა, შეხედულებათა დაპირისპირება, მაგრამ არა ღალატი, არა ქვეყნის ინტერესებისთვის დაბრკოლებათა შექმნა და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა…

სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესებს, აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებენ, არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ეს ყველა კონფლიქტი მოსკოვის ინსპირირებულია და მთელი ტაქტიკა გამიზნულად არის მიმართული ჩვენს წინააღმდეგ, რათა საქართველოს ხელი მოაწერინონ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. ავიღოთ, მაგალითად სამაჩაბლოს სიტუაცია, ე.წ. ოპოზიცია გვარწმუნებს, თითქოს სამაჩაბლოს ამბები ჩვენს სინდისზე იყოს. ეს იგივეა, რომ ვილნიუსის ამბები ლანდსბერგისს დააბრალო და არა კრემლს, რომელმაც ლიტვაში ტანკები გაგზავნა.“