ტეგები

, ,


1991 წლის 15 მარტს მოსკოვში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მელტოკის რეზიდენციაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მივანი ჯეიმს ბეიკერი შეხვდა საბჭოთა სივრცის ლიდერებს  და საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ სიგუა. სომხეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე  ვ. მანუკიანი,  ზოგიერთი საკავშირო დეპუტატიც. დისკუსია საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეფორმებს შეეხებოდა. შეხვედრაზე სიტყვა წარმოთქვა ზვიად გამსახურდიამ. მან საბჭოთა კავშირში შექმნილ ვითარებაზე  და აშშ – საბჭოთა კავშირის ურთიერთობათა პრობლემებზე ისაუბრა. მოსკოვში გამართულ შეხვედრა -დისკუსიაზე გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” წერდა.

beik

 

“ბატონმა ზვიად გამსახურდიამ აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირში არავითარი რეფორმები აღარ მიმდინარეობს, პირიქით, ხდება მობრუნება ტოტალიტარული სახელმწიფოს ძველი პრაქტიკისა და მეთოდებისკენ, რაც გამოიხატება ეროვნულ – განმანთავისუფლებელ მოძრაობათა ჩახშობაში. მან აღნიშნა, რომ დღევანდელი საბჭოთა ხელმძღვანელობა ცდილობს დასავლეთის მოტყუებას ვითომდაც განახლებული  ე.წ. „სუვერენულ სახელმწიფოთა ფედერაციის შექმნით,“ რაც სხვა არაფერია, თუ არა ნეოკოლონიალიზმისა და იმპერიული სტრუქტურების შენარჩუნების მორიგი ცდა.

თუ დასავლეთის ქვეყნებმა ირწმუნეს სადამ ჰუსეინის მტკიცება იმის შესახებ, რომ ერაყმა ქუვეითი კი არ დაიპყრო, არამედ აღადგინა ისტორიული სამართლიანობა და შექმნა სახელმწიფოთა ბედნიერი ერთობა ამ აქციით, ასევე არ უნდა იწრმუნონ გორბაჩოვის მტკიცება იმის შესახებ, თითქოს,  ე.წ. საბჭოთა ერები ნებაყოფლობით ერთიანდებიან რაღაც ფედერაციაში. დასავლეთმა არ უნდა დაივიწყოს უახლესი ისტორია, კერძოდ ის, რომ ე.წ. საბჭოთა კავშირი შედგება საბჭოთა ჯარის მიერ ოკუპირებული, ანექსირებული ქვეყნებისგან, რომლებსაც მან წაართვა დამოუკიდებლობა და ახლა სურს თვითმყოფადობის წართმევაც.

ბატონმა გამსახურდიამ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ის ქვეყნააა, რომელმაც დედამიწის ზურგზე მოსპო მონობა, დაიცვა პიროვნების უფლებანი და თავისუფლებანი, დღეს კი მას უდიდესი  მისია აკისრია – მან უნდა მოსპოს ხალხთა მონობა, უნდა იხსნას დამონებული ერები და ხელი შეუწყოს მათ განთავისუფლებას ისევე, როგორც ხელი შეუწყო ქუვეითის  განთავისუფლებას. თუმცა ეს ყოველივე არ ნიშნავს, რომ ეს უნდა განხორციელდეს კვლავ ომის მეშვეობით.

ბატონმა გამსახურდიამ  განაცხადა  აგრეთვე, რომ ბედნიერია  იმით,  აქ, ამავე დარბაზში, 1988 წლის 29 მაისს რომ  უთხრა ყოველივე ეს პრეზიდენტ რეიგანს, რომელმაც ანალოგიური მიღება გამართა და მისგან მოისმინა გარანტია, რომ ადრე თუ გვიან საბჭოთა კავშირისგან დაპყრობილი ერებიც განთავისუფლდებიან და რომ ამერიკის  წვლილი დიდი იქნება ამ საქმეში.

 

2ბატონმა ბეიკერმა მდუმარებით მოისმინა ეს არგუმენტები და არავითარი საწინააღმდეგო შენიშვნა არ გამოუთქვამს. მხოლოდ დასძინა, რომ მისი აზრით  გარკვეული რეფორმები გატარდა საბჭოთა კავშირში, თორემ ეს შეხვედრაც არ გაიმართებოდა. შემდეგ მან დაუსვა შეკითხვა ზვიად გამსახურდიას: იქნება თუ არა ნამდვილი რეფორმა, მაგალითად, საბჭოთა კავშირიდან გასვლის კანონის სრულყოფა და მისთვის სამართლიანი ფორმის მიცემა, რაზეც ზვიად გამსახუდიამ მიუგო, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაიჯერებს საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეფორმების რეალურობას. მით უმეტეს, თუ ასეთი კანონი ოდესმე განხორციელდება პრაქტიკაში რომელიმე ერის მიმართ. სხვა თანადამსწრეებმაც აღნიშნეს, რომ საბჭოთა კავშირში მდგომარეობა კრიზისულია, რომ სკკპ და პარტაპარატი გადასული არიან შეტევაზე დემოკრატიული ძალების წინააღმდეგ და ცდილობენ ძალაუფლების დაბრუნებას.

ბატონ ჯეიმს ბეიკერსა და ზვიად გამსახურდიას შორის გაიმართა ხანმოკლე პირადი საუბარიც. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გამოთქვა დიდი დაინტერესება საქართველოს მიმართ, გამოამჟღავნა დიდი კეთილგანწყობა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ბატონმა ზვიად გამსახურდიამ და ბატონმა თენგიზ სიგუამ იგი მოიწვიეს საქართველოში, რაზეც  ხალისით დათანხმდა და აღუთქვა მათ,  რომ, როგორც კი მიეცემა შესაძლებლობა, ეწვევა საქართველოს. მათ მოიწვიეს  საქართველოში აგერეთვე ამერიკის ელჩი ბ-ნი მელტოკი და მისი მეუღლე.”