ტეგები

, ,


საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით 1991 წლის 17 მარტს  მოკავშირე რესპუბლიკებში უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი, რომელიც სსრკ – ს ყოფნა -არყოფნის პრობლემას შეეხებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ  ბოიკოტი გამოუცხადა მას, უფრო მეტიც, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე  საკავშირო რეფერენდუმის ჩატარება ანტიკონსტიტუციურად და დანაშაულად მიიჩნია. საკავშირო რეფერენდუმის ბოიკოტირების შესახებ გამსახურდიას ხელისუფლების გადაწყვეტილებას ბევრი მომხრე ჰყავდა. მომხრეები საკუთარ პოზიციას განმარტავდნენ ისე, როგორ “ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია” განმარტავდა. მისი განცხადება 1991 წლის მარტში გაზეთ “ახალგაზრდა ივერიელში” გამოქვეყნდა.

“17 მარტს დანიშნულია საკავშირო რეფერედუმი, რომლის ჩატარებისას, როგორც ცენტრალური introმასობივი საინფორმაციო საშუალებები გადმოგვცემენ, „ერთიან ძმაურ კავშირში“ შემავალი რესპუბლიკების მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს კავშირის ბედი და უპასუხოს შეკითხვაზე: “ თვლით თუ არა თქვენ საჭიროდ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს, როგორც თანასწორუფლებიან, სუვერენულ რესპუბლიკათა განახლებული ფედერაციის შენარჩუნებას, რომელშიც სავსებით გარანტირებული იქნება ყველა ეროვნების ადამიანის უფლებანი და თავისუფლება?“

ამასთან დაკავშირებით ჩვენ, ისევე როგორც რესპუბლიკის ნებისმიერი საღად მოაზროვნე  მოქალაქე, მხარს ვუჭერთ საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებას საქართველოს რესპუბლიკაში საკავშირო რეფერენდუმის ბოიკოტის შესახებ. ვთლით, რომ რეფერენდუმის მოწყობით ცენტრი ცდილობს დესტაბილიზაციისკენ უბიძგოს საქართველოს არაქართველ მოსახლეობას და კიდევ უფრო გაამწვავოს ისედაც უკიდურეასდ გამწვავებული პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რესპუბლიკაში.

ამასთან, კრემლი საყოველთაო დემოკრატიისა და საჯაროობის ნიღაბს ამოფარებული  ცდილობს გარკვეული ნიადაგი შეუმზადოს ჩვენში არსებული ავტონომიური ფორმირებების ტრანსფორმაციას ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების სუბიექტებად. მითუმეტეს ამის პრეცენდენტი უკვე არსებობს. ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტის შემუშავების დამთავრების შემდეგ, ხელმოწერისას, ცენტრში „შემთხვევით გამორჩათ“ აფხაზეთის ავტონომიური სსრ რესპუბლიკის სახელწოდება და მის მაგივრად ხელშეკრულების პროექტში აფხაზეთის სსრ შეიტანეს. ( იხ. გაზ. „7 დღე“)

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ არაქართველებს ბოიკოტი გამოუცხადონ საკავშირო რეფერენდუმს, მხარში ამოუდგნენ ქართველ ხალხს თავისუფლებისკენ მიმავალ ძნელ გზაზე და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცონ თავიანთი ერთგულება ჩვენი ერთიანი სამშობლოსადმი. ”

იბეჭდებოდა საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების მოსაზრებები.

ამირან ძოწენიძე: “ქრისტიან – დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის” მოადგილე:

“რაც შეეხება სსრკ რეფერენდუმს, აქ ორი აზრი არ არსებობს, საქართველომ მასში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს და მე მინდა მოვუწოდო აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას: ნუ მივლენ 17 მარტს ხმის გასაცემ უბნებში.

მე ვთვლი, რომ ჩვენთვის საქართველოს რეფერენდუმს მხოლოდ მორალური, პროპაგანდისტული მნიშვნელობა აქვს, არ მეგულება დასავლეთის სამყაროში სახელმწიფო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგებს ანგარიშს გაუწევს იურიდიულად, მაგრამ მის შედეგებს (ეჭვი არ მეპარება, რომ დადებითი იქნება) დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოში მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენლისთვის, რადგან თავისუფალი ქვეყანა დაიცავს თავისი ქვეყის მოქალაქეების ინტერესებს, მიუხედავად მათი ეროვნული და რელიგიური კუთვნილებისა.“