ტეგები

, , ,


საქართველოს უზაენაესი საბჭოს მიერ 1990 წლის ნოემბერში გამოცხადებული გარდამავალი პერიოდი დასრულდა. 1991 წლის 31 მარტს 1991 წლის 9 აპრილი მოჰყვა. ეს დიდი  დღე კი  გაზეთ  „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე ასეთად დარჩა: „9 აპრილს გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის საგანგებო სხდომა, მის დაწყებისთანავე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს შვილების ხსოვნას, რომლებიც ემსხვერპლნენ თბილისში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს.

დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. მოხსენება გააკეთა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ. მან დაწვრილებით გააანალიზა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ქართველი ხალხის ბრძოლის ყველა პერიპეტია, რომელიც დაიწყო მაშინვე, როგორც კი რუსეთის იმპერიამ გასული საუკუნის დამდეგს მოახდინა რუსეთის ანექსია.

გამსახურდიამ  წაიკითხა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის პროექტი. მის განხილვაში მონაწილეობდნენ დეპუტატები ნოდარ ნათაძე, აპოლონ სილაგაძე, ნინო ჯავახიშვილი, ალიკო მელაძე, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ხოშტარია, დეპუტატები გრიგოლ მარგიანი, მზექალა შანიძე, რუსლან ღონღაძე, ლევან ალექსიძე და სხვები. უზენაესმა საბჭომ  ერთხმად მიიღო ეს ნანატრი ჭეშმარიტად ისტორიული დოკუმენტი და თავისი ნება დაადასტურა ხანგრძლივი ტაშითა და ოვაციებით. დარბაზში საზეიმოდ აგუგუნდა რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება.“

ეს ღირსშესანიშნავი დღე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მეთაურის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის  უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სახელით დამსწრეთ მიულოცა უზენაესი საბჭოს წევრმა, ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარმა მამა არჩილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება დაემთხვა ღვთისმშობლის ივერიის ხატის ხსენებას, რომლის პატივსაცემად დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს ლოცვას მცხეთაში. სესიაზე მიიღეს მიმართვა მსოფლიოს ხალხებისა და სსრ კავშირის პრეზიდენტ გორბაჩოვისადმი.

საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა სახელით რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს მიესალმა მწერალი გურამ ბათიაშვილი. მან წაიკითხა ქართველ ებრაელთა მიმართვა სხვა ქვეყნებში მცხოვრები ყველა ებრაელისადმი და მოწოდება მსოფლიო საზოგადოებას გააგებინონ სიმართლე საქართველოზე, თავისუფლებისთვის მისი ხალხის ბრძოლაზე.

გულთბილად მიესალმა შეკრებილებს ინგუში ხალხის ეროვნულ — გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ისა კოძოევი და გულითადად მიულოცა ქართველ ხალხს ღირსშესანიშნავი დღე. მთავრობის სახლის წინ ჩატარდა გრანდიოზული მიტინგი. ის შესავალი სიტყვით გახსნა თემურ ქორიძემ. შემდეგ სიტყვა წარმოთქვა ზვიად გამსახურდიამ –   „დე, იყოს ეს დღე დასაწყისი ქართველის ერის კონსოლიდაციისა. ერთ მუშტად შეკვრისა შინაური და გარეშე მტრის წინააღმდეგ. დღევანდელი დღე ცრემლნარევი სიხარულის დღეა.  ჩვენ ჯერ ცრემლი არ შეგვშრობია თვალზე, 9 აპრილს დაღუპულთა გლოვა, სამაჩაბლოს წამებულთა გლოვა დღესაც გრძელდება. უფალმა მოგვივლინა ეს დღე  ცრემლნარევი სიხარულისა. ასეთი იყო საქართველოს ისტორია — ეს იყო ეკლიანი გზით სვლა ჭეშმარიტებისკენ, საღვთო სიყვარულისკენ. საქართველოს გზა ეკლიანი გზაა ქრისტესი, გზა ჯვარცმისა, დაფვლისა და გარდაუვალი აღდგომისა. ამ დღეს დიდი დაფიქრება გვმართებს, დიდი პატიება, ურთიერთმიტევება. დღეიდან საქართველო მიმართავს მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს, რათა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოს თავისუფალ ერთა თანამეგობრობაში. დღევანდელი დღე მოიტანა 9 აპრილს დანთხეულმა სისხლმა, შემთხვევითი როდია, რომ დღევანდელ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა!“

1991 წლის 9 აპრილს გაკეთდა ეს განცხადებაც:  „ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს ხალხს, რომ მხარი დაგვიჭირა რეფერედუმში, რაც დღევანდელი დღის საფუძველად იქცა. მადლობას ვუხდით ყველა ეროვნების ჩვენს ძმასა და დას და მივესალმებით მათ ერთიანობას.“ ( ზ. გამსახურდია)

1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე,  20-ე  საუკუნის ბოლოს ხმამაღლა ითქვა საუკუნის დასაწყისში ნათქვამი: „ამიერითგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია” საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა!“

apr givi naxucri