ტეგები

, , ,


1991 წლის თებერვლის დასაწყისში, დაპატიმრებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ჯაბა ოსელიანმა “ქართველ მაშველთა კორპუსის” გაზეთში გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, რომლითაც შეეცადა მკითხველისთვის დეტალურად გაეცნო საკუთარი შეხედულებები უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეზე ზვიად გამსახურდიაზე და უზენაესი საბჭოს ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებზე.  გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს აღნიშნული წერილიდან, რაც გაგახსენებთ, თუ  რა რა პრეტენზიებს უყენებდაზვიად  გამსახურდიას “ქართველ მაშვლეთა კოროუსის” მეთაური და “ეროვნული კონგრესის” წარმომადგენელი ჯაბა იოსელიანი. პუტჩამდე ჯერ კიდე 10 თვე იყო დარჩენილი.

juba“უცნაურ დროში ვცხოვრობთ მე და შენ მკითხველო, მეოთხე თვეა ეროვნული მთავრობა გვყავს, მაგრამ ჩვენი ერის საქმე რომ უკან – უკან მიდის, ჯიუტი ფაქტია, რომელთანაც ვერაფერს გააწყობ. არა, რასაკვირველია ყველაფერი ცუდად არაა, აი, მაგალითად, საკავშირო სამოქალაქო დღესასწაულები რელიგიურზე შევცვალეთ, საქართველოს „სოციალისტურის“ ნაცვლად პირდაპირ „რესპუბლიკა“ დავარქვით, პარლამენტის წევრებს უდიდესი ხელფასითა და პრივილეგიებით ვინახავათ და რაც მთავარია, „ნებისმიერი ქართველი პატრიოტი ბუშსა და მიტერანზე მაღლა დგას, არათუ ზვიად გამსახურდია, როგორც ეს ღრმააზროვნად განაცხადა მიტინგზე აკაკი ასათიანმა.

მაგრამ დახეთ ბედის უკუღმართობას! ჩვენი მთავრობის ისეთ ერთგულ გაზეთში, როგორიც „ახალგაზრდა ივერიელია“ ( არ გეგონოთ გაზეთ „ივერიაში,“,რომელსაც „მოღალატური“ ორგანიზაცია  –  ი. ჭავჭავაძის სახ. საზოგადოება –  გამოსცემს!)  შემდეგმა ცნობამ გაჟონა: „ ლტოლვილები სამაჩაბლოდან – ქალები. ბავშვები, მოხუცები, მამაკაცებიც.. 5 წლის ბავშვი არ დაინდეს, არ დაინდეს 50 წლის ექიმი ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება მათ ემსახურებოდა. შ-მ თავი ჩამოიხრჩო, ამბობენ, თვალწინ გაუუპატიურეს ცოლ-შვილიო. ახლახან აქ იყო, მათ ჩამოყვანას აპირებდა, ახლა შემოთვალეს: დამმარხავიც არავინ ჰყავს, ვინ ხართ პატრონიო.“

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ასეთი ლტოლვილები თვით  უზენაესი საბჭოს აღიარებით სამი ათასია, ეს იმას  ნიშნავს, რომ სამაჩაბლო წმინდა ოსურ ოლქად იქცევა და თუ ჩვენი მთავრობის „ბრძნული“ პოლიტიკით საქართველოს სხვა რაიონებში მცხოვრებ ოსებაც იქით მივრეკავთ, მაშინ მართლა შეიქმნება იქ „ოსური რესპუბლიკა” …

————————————————————————

იქნებ ამ სავალალო ჩვენს ყოფას  რაიმე ახსნა ან გამართლება მოუძებნა თვით „პრეზიდენტმა,“ როგორც მას მორიდებით მიმართა პრესკონფერენციაზე  რამდენიმე ქართველმა ჟურნალისტმა და „პრეზიდენტმაც“ გვამცნო „ხსნის გზა“ ამა წლის 2 თებერვლის პრესკონფერენციაზე, რომელიც ჩვენი ტელევიზიით გადაიცა. მოკლედ შევჩერდეთ ამ გადაცემაზე.

შესაძლოა ამ პრესკონფერენციის დროს მავანმა და მავანმა ჟურნალისტმა გაბედული  კითხვებიც დასვა, რაც ჩვენ არ გვინახავს, მაგრამ, რაც ტელევიზორში გვიჩვენეს  პირდაპირ საცოდაობა იყო  – ისეთი მავნელობა, ლიქვნა და ქვემძრომობა „პრეზიდენტის“ წინაშე, რომ კაცს პირდაპირ გული აერეოდა. ეს ოხერი,  ბუშსა და გორბაჩოვს ისეთ კითხვებს უსვამენ  ჟურნალისტები, რომ ლამის ჭირის ოფლი ადენინონ, ხოლო ჩვენს „პატარა პრეზიდენტს“ ვერა და ვერ შეჰბედეს ერთი მართალი კითხვა. რას ვგულისხმობ პირველ რიგში  – “ ესაა პრობლემა ე.წ. „სამხრეთ ოსეთისა.“

ამას ვერ წავართმევთ!  „ლიტსაქართველოს“ რედაქტორმა ელიზბარ ჯაველიძემ ( ჯუმბერ პატიაშვილისა და ზვიად გამსახურდიას საერთო ძმაკაცმა, სწორდ იმან, ვინც ორი წლის წინ პირველმა თავისი გაზეთით გააფთრებული იერიში მიიტანა საქართველოში არსებულ პირველ არაფორმალურ ორგანიზაციაზე „ილ. ჭავჭავაძის საზოგადეობაზე,“ რომლის  გამგეობაში მაშინ მერაბ კოსტავაც იყო!  „ლიტ.საქართველომ“ მაშინ მათ საქმიანობას „ღია კარის მტვრევა“ და „ავანტიურა” უწოდა!)  აი, ამ ელიზბარ ჯაველიძემ იკითხა:  რა ხდება  ე.წ. „სამხრეთ ოსეთში?“ რატომ გამოვიდა იქიდან ჩვენი მილიციის ნაწილი და რად მოჰყვა  ამას ქართველ ლტოვილთა რიცხვის ზრდა? ეს მეორე კითხვა მას არ დაუსვამს, მაგრამ იგულისხმებოდა.

დაახლოებით ამ კითხვაზე „პრეზიდენტმა“ ასე უპასუხა: ფაქტიურად ოსი ექსტრემისტების გარდა ჩვენ იქ გვებრძვის  საბჭოთა არმია და ამიტომაც ჩვენ მათ ვერ მოვერიეთ!

ამის შემდეგ „პრეზიდენტმა“ დაასახელა  ლტოლვილთა რიცხვი და აღწერა ცალკეული შემთხვევები მშვიდობიან ქართველ მოსახლეობაზე  საბჭოთა არმიის ძალმომრეობისა, მაგრამ საკითხავია (და ეს კითხვა იქ ვერავინ დასვა)  თუ რა ხელი ედება ამ სიტუაციაში არსებულ მთავრობას და პირადად ზ. გამსახურდიას.

ხალხო! განა ასე გამოტვინდით, რომ აღარ გახსოვთ ამ თვენახევრის წინ ტელევიზორში ნანახი ჩვენი პარლამენტის სესია, როდესაც იქ ტაშის გრიალით შეხვდნენ რუს გენერალს, რომელიც თავად მოიწვიეს და სამაჩაბლოსკენ  გზა დაულოცეს ოსების ასალაგმავად? განა საბჭოთა ჯარის ქმედებას იურიდიული  საფუძველი  საქართველოს უზენაესმა საბჭომ არ შეუქმნა? რაო, მათ მოგვატყუეს და აღარ დაგვემორჩილენო? მაგრამ, ჯანსაღმა ოპოზიციამ  პარლამენტში ( რამდენიმე კაცმა) და განსაკუთრებით პარლამენტს  გარეთ, ამის თობაზე განგაში არ ატეხა?  დიახ, უბედურებაც ისაა, რომ გამსახურდიას  პირველ მტრად სწორედ ოპოზიცია მიაჩნია და ცხადია, მისი აზრი ყურად არ იღო. ახლა იმის თქმასაც  კადრულობს  პარლამენტის  მორჩილი უმრავლესობა – საბჭოთა ჯარები  ისედაც იდგნენ სამაჩაბლოშიო. არა, ბატონებო, არა!  ამდაგვარად საბჭოთა ჯარები მთელ საქართველოში და მის დედაქალაქშიც დგას, მაგრამ ერთი არსებითი სხვაობით – ისინი ყაზარმებში არიან! ხოლო თქვენ „დააკანონეთ“ მათი ყაზარმებიდან გამოსვლა და კომენდანტის საათში მათი თარეში.

ამას მაინც  იზამდნენო? შეიძლება, მაგრამ მაშინ ჩვენც სხვა რამ გვექნებოდა სათქმელი. ყოველ შემთხვევაში „ცენტრის“ დადგენილების უარყოფა საბჭოთა ჯარებთან ერთად ჩვენი მილიციის საქართველოში პატრულირების შესახებ ხომ წარმატებით განხორციელდა? ასევე უნდა გვექნა ზემოხსენებულ შემთხვევაშიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უზნეობაა, როდესაც საერთო კავკასირ სახლში რუსის ჯარს ვიყენებთ ანგარიშსწორებისთვის, ეს ჩვენი, ქართველების სახელის გატეხვაა. ასე თუ ისე, მთავრობის ზემოხსენებული ღონისძიება ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ კატასტროფით დამთავრდა. ქართველთაგან დაიცალაა ქართული ტერიტორია, არის ადამიანთა მსხვერპლი ორივე მხრიდან. ქართველი მილიციელები საზარბაზნე ხორცად არიან ქცეულნი საბჭოთა არმიის მიერ უახლესი იარაღით აღჭურვილი ოსი ქესტრემისტებისა და იგივე არმიის წარმომადგენლებისთვის. გონიერ მთავრობას ყველა ეს მოსალოდნელი ვარიანტი უნდა გამოეთვალა და გაეთვალისწინებინა.

ოსთა „საბჭოთა რესპუბლიკის“ გაუქმება ჩვენს მიწაზე იმავე სსრკ-ს მთავრობისათვის უნდა მიგვენდო, რადგან ასეთი რესპუბლიკების არსებობა თავად სსრკ -ს  კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ნამდვილად დაცინვად გაისმა ყოველივე ამის შემედგ გამსახურდიას განცხადება ოსებზე „გამარჯვების“ შესახებ, თვითმარქვია „პრეზიდენტის“ კულუმბეგოვის დაპატიმრების გამო. განა კულუმბეგოვის თავი გადაწონის 3000 ქართველ ლტოლვილს, გაუპატიურებულ ქართველ ბავშვებს და ქალებს, დახოცილ მამაკაცებს და ქართველთაგან დაცლილ ქართულ მიწებს? ნებისმიერი წესიერი მთავრობა ასეთი კრახის მერე გადადგებოდა, მაგრამ ძალაუფლებას  ჩაბღაუჭებულნი ამას არას დაგიდევენ და შესაძლოა მთელი ერი გადაჩეხონ.

ჩვენო ძვირფასო მკითხველო, ერთი უნდა შეგეკითხო: როგორ გუნებზე დგები ხოლმე, როცა მოშიმშილე ქალთა გუნდს აწყდები ჩვენი მთავრობის ბრძანებით ხან მინისტრთა საბჭოს შენობის წინ და ხან სხვადასხვა დაწესებულებებში გაშხლართულს?! იცოცხლე, ჩვენი ისტორიული ქრონიკებიდან ცნობილია, რომ როდესაც მტერმა ოჯახები ამოუწყვიტა, ზოგიერთმა გმირმა ქართველმა ქალმა ვაჟურად გადაიცვა და ჩვენი მეომრების მხარდამხარ მტრებს ვაჟკაცურად ებრძოლა,  ეს სულ სხვა განზომილებაა, მაგრამ როცა მოცლილი დედაკაცები პოლიტიკაში ერევიან ( ვაი მათ ოჯახებს!) და დაუბანლები საზოგადო ადგილას ყრიან, ეს, დამეთანხმებით, ყველა თავმომწონე და რაინდ ქართველში მხოლოდ ზიზღს უნდა  იწვევდეს.

______________________________________________

“ვფირობ მკითხველი დაიღალა გამსსახურდიას „გმირობებით”, ამიტომ შევეცდები  მოკლედ, რამდენიმე  პუნქტში ჩამოვაყლიბო ის სამარცხვინო და ბოროტი ქმედებები, რითაც  „მრგვალი მაგიდის“ სპიკერმა ქართველ ერს ავნო:

საკუთარი ამბიციების გამო და იაფი პოპულარობის მოხვეჭის მიზნით გინება და ქირდვა სხვა ერებისა, ყოველშემთხვევაში, მათთან საერთო ენის გამონახვის არმცდელობა, რაც ძვირად გვიჯდება ჯერჯერობით ოსებთან, ლეკებთან და აფხაზეთან ურთიერთობისას. სხვა ერებს კიდევ გადაგვკიდებს, ეს ღმერთმა უწყის.

გამუდმებით კივილი „ერთიანი, ქრისტიანული საქართველოსი,“  სხვათაშორის ბოლო დროს უკლო, ალბათ ცოტა რამ მიახვედრეს  და ისლამის გინება, გამუდმებით რელიგიის გარევა პოლიტიკაში, ამ მხრივ მან აგვიმხედრა ჩრდილო კავკასიის ხალხი, აზერბაიჯანლები, ამ კუთხით და ავტონომიის შეკვეცით იგი უშნოდ აწვება აჭარასაც და ავიწყდება, რომ თურქეთში მინიმუმ 2 მილიონი მაჰმადიანი ქართველია. ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ჩვენი სიღარიბის გამო აჭარა დღეს თურქეთიდან  ღებულობს ელექტროენერგიას ( რისი პროპაგანდაც ჩვენმა პრესამ გასწია) ადვილი შესაძლებელია, რომ აჭარელთა სიმპათია დედასამშობლოს ნაცვლად კვლვა თურქეთისკენ წარიმართოს.

მისი ინსპირირებით, მის დამქაშთა მიერ ქართველი ინტელიგენციის ლანძღვა და მასთან ანგარიშსწორება ( გავიხსენოთ რა ხდება ტელევიზიაში, კინოსტუდიაში, ოპერაში, ნ. ნათაძის წინააღმდეგ და სხვა მრავალი) მალე ალბათ რეპრესიებზე გადავლენ.

სახაროვის უნიჭო და ქუჩური კრიტიკა. მართალია სახაროვი  დიდად შეცდა  საქართველოს “მცირე იმპერია“ რომ უწოდა, მაგრამ გვჯერა, რომ ეს არ იყო შეგნებული ცილისწამება. ყოველშემთხვევაში, მისთვის „ცოლის ქუსლისქვეშ“ ყოფნის ძახილი დიდი შეცდომა იყო, რამაც ეტყობა, მართლაც გადაგვკიდა ელენა ბონერი და აგვიმხედრა მთელი რუსი დისიდენტები.

განსაკუთრებით დასაგმობია პრეფექტურის დამკვიდრება, რომელნიც ზემოდან ინიშნებიან და ძველ რაიკომის მდივნებს აჭარბებენ თავიანთი უფლებებთ.ეს ანტიდემოკრატიული ღონისძიება საქართველს ამსგავსებს უწვერ ხოჯას ალბანეთს ან სადამ ჰუსეინის ერაყს. ამას დავუმატოთ ე.წ. ეროვნული გვარდიის შექმნა, რომელიც ჟანდარმენიაა თავისი წესებით და სტრუქტურით. მისი შექმნით იქმნება საშიშროება  სამოქალაქო ომისა, იმიტომ რომ არსებული შეიარაღებული პატრიოტული ფორმირებები  დაუპირისპირდებიან ამას. გვარდია დაემორჩილება ერთ პიროვნებას, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელმაც გააერთიანა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ფუნქციები. ფაქტიურად იქმნება დიქტატურა.

გავიხსენოთ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდლის გენ. კვინიტაძის განცხადება გვარდიასთან დაკავშირებით. გვარდიას იგი არმიის ანომალიას უწოდებდა, გვარდიის შექმნა, როგორც სამხედრო  ორგანიზაციისა იყო ერთი უმთავრესი კი არა, ერთადერთი უმთავრესი მიზეზი ჩვენი კატასტროფისა.

ტენდენციური, პირადულიდან გამომდინრე გაშავება და ცილისწამება პატრიოტული ორგანიზაცისაა „მხედრიონი,“.რომელსაც საქართველოსთვის კარგის გარდა არაფერი გაუკეთებია. მისი ლიკვიდაციის მცდელობა, თუმდაც ის რად ღირს, რომ იგი ამ ორგანიზაცის კრმელის დასაყრდენად აცხადებს და არგუმენტრად ის მოჰყავს, გორბაჩოვმა წინასწარ იცოდაო რომ „მხედრიონი“  კახეთის მილიციას განაიარაღებდაო. იმავე ლოგიკით, განა პირიქით არ შეიძლება განვაცხადოთ რომ  გორბაჩოვმა იცოდა გამსახურდიას მილიცია კახეთში რომ დაჭრიდა და აწამებდა მხედრიონის ბიჭებს და ამ ფაქტმა გამოიწვია მხედრიონის საპასუხო ქმედება?

დაუფიქრებელი და სახიფათო ( საქართველოსთვის) განცხადებები მიტინგზე. მაგ. მისი  განცხადება მიტინგზე, რომ თუ საქართველოში შეიქმნება მმართველობის პარალელური ინსტიტუტი, ჩვენ მას ფიზიკურად მოვსპობთო!

და ბოლოს ერთი საკვირველი გარემობა, რომ ყოფილ დისიდენტს, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს აქამდე თავში არ მოსვლია ყოფილი პოლიტპატიმრების  რეაბილიტაცია. ის კი არა და უზენაესი სასამართლოს წევრებად კვლავ შეყვანილნი არიან ის პირები, რომლებმაც პირადად გაასამართლეს ქართველი პატრიოტები.

ობივატელში გავრცელებულია აზრი, რომ გამსახურდიას შეეძლო თავის დროზე ბედნიერად ეცხოვრა, მას არც ფული აკლდა და არ ქონებაო, როგორვ ვხედავთ მთლად ასე არ ყოფილა საქმე, ფულისა და ქონების გამო იგი საკუთარ დას ედავებოდა, ხოლო ის რაც ობივატელს თავში არ მოსვლია და რისთვისაც გამსახურდია დღენიადაგ იღწვის, ესაა პატივმოყვარეობიდან ამოსული პათოლოგიური სწრაფვა ძალაუფლებისკენ, რის მისაღწევად იგი ზნეობასთან  არავითარ კომპრომისზე არ მიდის.

ioseliani