ტეგები

,


რაზე წუხდა ქალაქ ცხინვალის ქართველი კომენდანტი 1991 წლის დასაწყისში, როცა ვითარება ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში უკიდურესად დაძაბული იყო? როცა ქართული მილიციის შენაერთებსა და ოს სეპარატისტთა შეიარაღებულ ფორმირებებს შორის ნამდვილი ბრძოლები მიმდინარეობდა?  გივი კვანტალიანის წუხილები ( ის ამავდროულად შს მინისტრის მოადგილე იყო) ცხინვალის რეგიონის ინტელიგენციის პასიურობას უკავშირდებოდა მშვიდობის აღდგენის საქმეში, განსაკუთრებით ოსებისას. 

1991 წლის თებერვლის ბოლოს  ცხინვალის კომენდანტმა გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, რომელიც მიმოიხილა ყოფილ ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარება და იქვე განაცხადა, რომ  ცხინვალის რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი —  ინტელიგენციია ( როგორც ოსები, ისე ქართველები) შექმნილ რთულ ვითარებაში უმოქმედებას იჩენდა და არ აქტიურობდა  მშვიდობისა და წესრიგის აღდგენის საქმეში. კომენდანტი საჯაროდ გამოთქვამდა საყვედურს იმის გამო, რომ ინტელიგენციამ  ვერ დაუპირისპირა თავისი „ავტორიტეტული სიტყვა“ ექსტრემისტებისა და სეპარატისტების გამოხდომებს. „სამწუხაროდ ოსი ინტელიგენციის დიდი ნაწილი ამ შავბნელი ძალების მხარეს აღმოჩდა.“ — აღნიშნავდა კვანტალიანი  და გამოდიოდა  წინადადებით: „ქართველებსა და  ოსებს შორის ჩატეხილი  ხიდის აღსადგენად მიზანშეწონილია საქტელერადიოკომიტეტმა შემოიღოს რუბრიკა „ქართველებისა და ოსების ტელეხიდი,“ სადაც მკაფიოდ იქნება ნაჩვენები ქართველი და ოსი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობა, ფოლკლორი, ხელოვნება, პროზა, პოეზია და სხვა საინტერესო მასალები, რომლებიც კაცთმოყვარეობის, ჰუმანიზმის, ეროვნული, ზნეობრივი იდეალების ყოველდღიურ ცხოვრებაში დაკანონების, სამართლიანობის, წესრიგის, ხალხის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიზნისკენ იქნება მიმართული.“

1991 წლის 23  თებერვალს  გამოქვეყნებულ განცხადებაში ცხინვალის კომენდანტმა  განმარტა ცხინვალისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი და აღნიშნა: „ოსი ექსტრემისტებისა და სეპარატისტების გავლენით სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ( განსაკუთრებით ქ. ცხინვალში ) არსებული მთელი რიგი წარმოებები დაშვებული პროდუქციის ნაცვლად ამზადებდნენ ცეცხლსასროლ და ცივ იარაღს, აღნიშნულის აღსაკვეთად მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერება, რამაც მძიმე პირობები შეუქმნა სამედიცინო და საბავშვო დაწესებულებებს. გამომდინარე ჰუმანური გრძნობებიდან, დღეიდან მიზანშეწონილად ჩაითვალოს აღნიშნული დაწესებულებებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.“

1991 წელი „დამოუკიდებლობის გაკვეთილებში”