ტეგები

, , ,


1991 წლის თებერვალში ჯაბა იოსელიანი და “მხედრიონის” სხვა თავკაცები დააკავეს. იოსელიანი დაკავება მოჰყვა შავნაბადაზე “მხედრიონის” ბაზაზე მომხდარ შეტაკებას, რომლის დროსაც ერთ-ერთი მხარესაც საბჭოთა არმიის ნაწილი წარმოადგენდა. მართლაც საინტერესო ფაქტი იყო. მომხდარის გამო “მხედრიონის” წევრები და მასთან ერთად “ეროვნული კონგრესის” წარმომადგენლები უზენაეს საბჭოს და მის თავმჯდომარეს  უყენებდნენ ბრალდებებს, უზენაესი საბჭო კი აცხადებდა, რომ ადგილი უნდა ჰქონოდა გარიგებას საოკუპაციო ძალასა და “ეროვნულ მოძრაობას მიტმასნილ დანაშაულებრივ ორგანიზაციას შორის, რომლის კავშირი ხელისუფლებას  ჩამოშორებულ და ძველის აღდგენაზე მეოცნებე კორუფციულ მაფიასთან სრულიად აშკარა” იყო. უზენაესი საბჭოს ვერსიით შავნაბადზე სცენა გათამაშდა.

 

“სამხედროების მოქმედება, რა თქმა უნდა, სუვერენული რესპუბლიკის უფლებების შელახვაა. აკი ამ მოქმედებასთან დაკავშირებით განუცხადა კიდეც პროტესტი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი  საბჭოს პრეზიდიუმმა სსრ კავშირის პრეზიდენტსა და სსრ კავშირის  თავდაცვის მინისტრს.”  – აღნიშნავდა  გაზეთ “მხედრიონის” ერთ-ერთი ავტორი 1991 წლის თებერვლის ბოლოს გამოქვეყნებულ სტატიაში. მაშინ მომხდარს   სხვადასხვა წყაროებში გამოქვეყნებული მასალებით გაგახსენებთ.  წაიკითხეთ რას წერდა 1991 წლის თებერვალში გაზეთი “მხედრიონი,” “ქართველ მაშველთა კორპუსის” გამოცემა და როგორი იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს შეფასება.

შავნაბადაზე სროლა იყო 1991 წლის 18 თებერვალს,გაზეთი “მხედრიონი” აღნიშნავდა, რომ იმავე დღეს: “შუადღისას, რუსთაველის პროსპექტზე ერთდროულად ორი მიტინგი გაიმართა – მთავრობის სახლისა და ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ. მთავრობის სახლთან მრავალათასიან მიტინგზე გამოსულმა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ, უზენაესი საბჭოს წევრებმა თემურ ქორიძემ და მანანა ძოძუაშვილმა, რესპუბლიკის საგარეო საქმეთა  მინისტრმა გიორგი ხოშტარიამ და სხვებმა დაგმეს სამხედრო ძალის გამოყენება რესპუბლიკის მოქალაქეთა წინააღმდეგ, ამასთან განაცხადეს, რომ შავნაბადასთან მომხდარი შეტაკება „მხედრიონის“ მიერ არის ინსცენირებული და მიზნად ისახავს საფრთხე შეუქმნას ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს და რესპუბლიკის მთავრობას, რომ­­ საოკუპაციო ჯარის წინააღმდეგ ყოველგვარი გამომწვევი მოქმედება, შეიძლება, ჩვენს რესპუბლიკაში ჯარის დამატებითი ნაწილის შემოყვანისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ სისხლიანი ანგარიშსწორების საბაბი გახდეს.

ოპერისა და  ბალეტის თეატრის შენობასთან გამართულ მიტინგზე კი ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრმა ჯუმბერ კოპალიანმა, პროფესორმა გურამ ყორანაშვილმა, „მხედრიონის“ ხელმძღვანელმა ჯაბა იოსელიანმა და  ეროვნულ – დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ გია ჭანტურიამ შავნაბადას კონფლიქტში ბრალი რესპუბლიკის პარლამენტს და მის თავმჯდომარეს დასდეს.

18 თებერვლის საღამოს, 19 საათსა დ 40 წუთზე საბჭოს ქუჩაზე დააკავეს „მხედრიონის“ მეთაურის მოადგილე ზაზა  ვეფხვაძე, რომელსაც აღმოაჩნდა და ჩამოერთვა ჩახმახზე შეყენებული მაკაროვის სისტემის დამბაჩა. დიდი რაოდენობით ვაზნა და 42 ათასი მანეთი. მის მანქანას სახელმწიფო ნომრები არ ჰქონდა.

jaba juba19 თებერვალს კი, დილის რვა საათზე, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, მეგობრის ბინაში დააკავეს “მხედრიონის” მეთაური ჯაბა იოსელიანი. იგი შეიარაღებული იყო, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია.

იოსელიანს და ვეფხვაძეს წაუყენეს ბრალდება, პირველს – საქართველოს სისხლის სამართლის 228 -ე მუხლის მეორე ნაწილით, მეორეს  238 – ე მუხლის პირველი ნაწილით.

იოსელიანს ბრალად  ედება, რომ „ მან პირთა ჯგუფთან ერთად ჩაიდინა ბოროტი ხულიგნობა, განიზრახა მოქმედება, რითაც უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, რაც თავისი  შინაარსით გამოირჩეოდა  უაღრესად დიდი ცინიზმითა და განსაკუთრებული თავხედობით, გარდა ამის მან შეიძინა და უკანონოდ, სათანადო ნებართვის გარეშე ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და  საბრძოლო მასალას.

სახელდობრ: 1990 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, იოსელიანი და მისი თანმხლები, გამოძიებით დადგენილი პირები, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახლის წინ თავს დაესხნენ ე.წ. ეროვნული კონგრესისა და მაშველთა რაზმის  „მხედრიონის“ უკანონი მოქმედებათა წინააღმდეგ  მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილე ქალებს, სახალხოდ აგინეს მათ უცენზურო სიტყვებით, სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს ისინი, რის შედეგადაც პირადად ჯაბა იოსელიანმა მოქალაქეებს: მზია მიმინოშვილს და ცისმარ ზანგალაძეს მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის  მოუშლელად, გარდა ამისა, 1991 წლის 19 დეკემბერს, დაკავების დროს, იოსელიანს აღმოაჩდა და ჩამოერთვა მაკაროვის სისტემის ტექნიკურად გამართული იარაღი და 16 ცალი საბრძოლო ვაზნა.”

084

“საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებმა დააკავეს საქართველოს „მხედრიონის“ მეთაური ბატონი ჯაბა იოსელიანი და ამ ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელები. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მიუხედავად ხელისუფლების მხრივ არაერთი გაფრთხილებისა, „მხედრიონი“ რჩებოდა პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად, ხოლო მისი წევრების მიერ ჯერ კახეთის რაიონებში, ბოლოს კი სამტრედიაში განხორციელებული ბანდიტური თავდასხმები სულ უფრო თავხედური და სახიფათო ხდებოდა. თითქოს მოვლენათა ამავე  რიგში უნდა განგვეხილა შავნაბადას ინციდენტიც, მაგრამ ამ ინციდენტის დეტალური ანალიზი, ვფიქრობ, სულ სხვა ეჭვებს აღძრავს.

საქმე ის არის, რომ მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული ორგანიზაციის უვნებელყოფის ოპერაცია ვერ განხორციელდებოდა ხანგრძლივი მოსამზადებელი მუშაობის, შესაძლო ვარიანტების გათვლისა და ძალთა  სწორი განაწილების გარეშე. ოპერაციის დაწყების დღე, საფიქრებელია, წინასწარ იყო დადგნილი და ფრიად საკვირველია, რომ „შავნაბადას ინციდენტი“ სწორედ  წინადღეს მოხდა. ასეთი უცნაური დამთხვევა ახსნას მოითხოვს.

გავიხსენოთ, თუ ვინ არიან ამ ინციდენტის მონაწილეები: ერთის მხრივ, საოკუპაციო არმიის ნაწილები,  რომელთა ამოცანაა ძირმომპალი იმპერიის გადარჩენა და ეროვნულ – განმანთავისუფლებლი მოძრაობის სისხლში ჩახშობა, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნულ მოძრაობას მიტმასნილი დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის კავშირი ხელისუფლებას  ჩამოშორებულ და ძველის აღდგენაზე მეოცნებე კორუფციულ მაფიასთან სრულიად აშკარაა. ბუნებრივია, რომ საერთო მიზნით დაკავშირებულ ამ ორ ძალას შორის უნდა მომხდარიყო გარკვეული შეთანხმება. „შავნაბადას“ ინციდენტი სწორედ ამგვარი შეთანხმების არსებობის არაპირდაპირი სამხილია.

წარმოვიდგინოთ, რომ „მხედრიონისა“ და არმიისთვის წინასწარ გახდა ცნობილი, რომ მზადდება „მხედრიონის“ გაუვნებელყოფის ოპერაცია, რა დახმარება უნდა აღმოეჩინა ამ შემთხვევაში არმიას? ბატონი ჯაბა იოსელიანი კულუმბეგოვი როდია, რომ სამხედრო ნაწილში შეიფარო, მას სულ სხვა მისია აკისრია და მის რეპუტაციას სხვაგვარი გაფრთხილება სჭირდება. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია „შავნაბადას“  მსგავსი სპექტაკლის დადგმა, რათა ხელისუფლება მძიმე არჩევანის წინაშე დააყენო და მის მიერ მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის დაგეგმილი აქცია შეაფერხო.

მაშ, ასე, ქართველებო, „ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს“ ოკუპანტებმა ალყა შემოარტყეს და სროლა აუტეხეს. თუ ხელისუფლება არმიას დაუპირისპირდება  და  ალყის მოხსნას მოითხოვს, მაშინ გმირებად  ქცეულ  მხედრიონელთა გაუვნებელყოფაზე ხელი უნდა აიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კოლაბორაციონიზმის ბრალდებას ვერსად გაექცევა და ოპოზიციის წისქვილზე მიუშვებს წყალს.ხელისუფლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ამ შემთხვევაში ერთადერთ სწორ ნაბიჯს მიაგნო, როცა მკაცრად დაგმო როგორც „მხედრიონის,“.ასევე საოკუპაციო ჯარის მოქმედება, ხოლო შემდეგ, ყველაფერის მიუხედავად, განახორციელა დაგეგმილი ოპერაცია.

აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს, 18 თებერვალს, მთავრობის სახლის წინ გამართულ მიტინგზე ბატონმა ზვიად გამსახურდიამ ბოლომდე გახსნა ხსენებული პროვოკაცის მექანიმზი.

დროა, იმათ, ვინც „შავნაბადას ინციდენტის“ მსგავს ბინძურ პროვოკაციებს გეგმავს, შეიგნონ, რომ ეროვნული ხელისუფლება კვლავაც წარმატებით გაშიფრავს მათ ხრიკებს. ისტორიის განაჩენი უთუოდ აღსრულდება, საქართველოში არის ძალა, რომელსაც ხელეწიფება იმპერიის დამარცხება პოლიტიკური  და  არა მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით, ეს ძალაა ქართველოი ერი, ხოლო ერის ნდობა, გაცხადებული დემოკრატიულ , მრავალპარტიულ არჩევნებში, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების უდიდესი  კაპიტალია.”

——————————————————-

და  ბოლოს,  რას წერდა “მხედრიონის” ლიდერების დაპატიმრების ფაქტზე და შავნაბადაზე მომხდარზე გაზეთი “მხედრიონი” ( “ქართველ მაშველთა კორპუსის გამოცემა)

“ა.წ. 18 თებერვალს, გამთენიისას, დილის სამ საათზე, წითელი არმიის ნაწილები  40 ჯავშანტრანსპორტიორით დ აორი ტანკით თავს დააესხნენ გარეუბან „შავნაბადაზე“ მდებარე „ქართველ მაშველთა კორპუსის“ ბაზას და ავტომატებით სროლა აუტეხეს იქ მყოფ მძინარე ახალგაზრდებს, ვითომდა განიარაღების მიზნით.

„მაშვლეთა კორპუსის“ წვერთაგან დაჭრეს და მხეცურად ცემეს რამდენიმე კაცი. დაიჭირეს ოცი ადამიანი, წაიღეს იარაღი, ტანკებითა და ჯავშანტრანსპორტიორებით გადაუარეს და მიწასთან გაასწორეს „მხედრიონის“ წევრების მანქანები.

18 თებერვალს, საღამოს, „ქართული ეროვნული მილიციის“ თანამშრომლების მიერ დაპატიმრებულ იქნა „მხედრიონის“ სამხედრო საბჭოს წევრი ზაზა ვეფხვაძე. ხოლო 19 თებერვალს, დილით, „ქართველ მაშველთა კორპუსის“ საბჭოს და „საქართველოს მხედრიონის“ საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი ჯაბა იოსელიანი. ამავე დღეს დაიწყეს „მხედრიონისა“ და ედპ-ს წევრების დაპატიმრება საქართველოს ყველა რაიონში.

ლაგოდეხის რ-ში, საკანონმდებლო კომისიის თავ-რემ, ნუგზარ მოლოდინაშვილმა თხოვნით მიმართა „მხედრიონის“ სამხედრო საბჭოს წევრს გელა გოდერძიშვილს  დაედო იარაღი, რათა სისხლი არ დაღვრილიყო ( აღსანიშნავია, რომ ისინი ადრე თანაკურსელები იყვნენ ),გელა გოდერძიშვილი დაემორჩილა „მეგობარს“ და უსიტყვოდ დადო იარაღი. განიარაღებისთანავე „ეროვნული მილიციის“ წარმომადგენლებმა სროლა აუტეხეს განიარაღებულს. გელა გოდერძიშვილი იძულებული შეიქმნა ხელი წაევლო იარაღისთვის და სროლით ეპასუხა თავდამსხმელებისთვის. მძიმედ დაჭრილი „ტერორისტი“ საპატიმროში წაიყვანეს.

პატიმართა უმრავლესობა არაადამიანურადაა ნაცემი. „მხედრიონის“ წევრთა უმიზეზოდ დაპატიმრება გრძელდება. საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ გაცემულია მოკვლის ბრძანება და „ეროვნული სუკ“-ისა და „ეროვნული მილიციის“ მიერ იძებნება „მხედრიონის“ სამხედრო საბჭოს წევრი თამაზ  ყურაშვილი ( მეტსახელად „ბუღა“)

19 თებერვალს, საღამოს, „მხედრიონის“ წევრებმა დაიწყეს საპროტესტო მჯდომარე აქცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში, მოთხოვნით: „ თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“ „გაანთავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი ან დაგვიჭირეთ ჩვენც!“ აქცია დღემდე გრძელდება.

„საქართველოს მხედტიონი“ თვლის, რომ 18 თებერვალს და მის შემდეგ განხორციელებული ტერორისტული ოპერაციები არის კრემლისა და საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ ჩატარებული ერთობლივი აქცია, ქართველი ხალხის სამუდამოდ შესაშინებლად და დასაკნინებლად, ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის ჩასახშობად. „ საქართველოს მხედრიონი“ დარწმუნებულია, რომ ქართველ ერს ეყოფა გონიერება გაარჩიოს მტყუან – მართალი და დადგეს სამართლიან, სწორ, უკომპრომისო გზაზე –  თავისუფლებისკენ.”

 

გამოყენებულია  ფოტო  ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან.