1991 წლის პირველ თვეებში, როცა ვითარება უკიდურესად გამწვავდა  ცხინვალის რეგიონში და რეგიონის მკვიდრი ქართული მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა, სეპარატისტული მოძრაობა ძლიერდებოდა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც. თებერვლის ბოლოს აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ჯგუფმა ( კ. სიჭინავა, გ. ნაჭყებია, შ. შარტავა, რ. კუხალაშვილი, მ. ნოდია, ნ. ქარქაშაძე, ო. ზურხბაია, ლ. აბაშიძე, ნ. კონჯახია, ნ. ხარაიშვილი) მიმართა აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს  არძინბას და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრებს. აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ იმის შესახებ, რა აწუხებდათ 1991 წლის თებერვალში აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს ქართველ დეპუტატებს, რა დიდ საშიშროებას ხედავდნენ ისინი ვ. არძიბას და მისი დაჯგუფების მაშინდელ მოქმედებებში.

“უკანასკნელი ნახევარი წლის მოვლენები მოწმობენ, რომ საზოგადოებრივ – პოლიტიკური ცხოვრება აფხაზეთში დრამატულ ხასიათს ღებულობს. სეპარატისტულად განწყობილმა ძალებმა განახორციელეს არა ერთი და ორი აქცია, რომელსაც უკიდურესად საშიშ კონფრონტაციამდე მიჰყავს მოძმე ხალხები. არ ცხრება ვნებათაღელვა ე.წ. სტატუსის შესახებ, რომელსაც ეწირება არა მარტო მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ჯანსაღი ურთიერთობა, არამედ შესაძლოა, ჩვენი საერთო მომავალიც.

ასეთ სიტუაციაში გაკვირვებას იწვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ვ. გ. არძინბას პოზიცია, რომელიც აშკარად მიუღებელია მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის და ფაქტობრივად ხელს უწყობს ერთა შორის კონფრონტაციის გაღრმავებას.

უხეშად ირღვევა უზენაესი საბჭოს სესიების მოწვევის პროცესუალური საკითხები, რის შედეგადაც არამცთუ მოსახლეობა, არამედ მისი წევრებიც მოკლებულნი  ვართ ინფორმაციას იმ საკითხების შესახებ, რომლებიც გამოიტანება განსახილველად, უკეთეს შემთხვევაში სესიის მოწვევამდე ერთ-ორი დღით ადრე ვგებულობთ და მასაც არაოფიციალურად, დღის წესრიგის მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც ტრადიციულად განიხილება. ისეთი საკითხები, რომლებსაც აფხაზეთის მოსახლეობისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, გამოკვეთილი არ არის და დღის წესრიგში ფიგურირებს, როგორც „სხვადასხვა,“ ხოლო თუ რას ნიშნავს ეს, ჩვენ არაერთგზის დავინახეთ.

დიდ უკმაყოფილებას გამოვთქვამთ უზენაესი საბჭოს იმ სესიის მუშაობის გამოც, რომელმაც მიიღო კანონი „აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის ცვლილებების და დამატებების შესახებ.“აქაც უხეშად იქნა დარღვეული საჯაროობისა და დემოკრატიის პრინციპები. ცვლილებების და დამატებების პროექტი წინასწარ პრესაში არ გამოქვეყნებულა და, რაც მთავარია, სესიაზე არ გამართულა მსჯელობა – განხილვა მისი მიღების წინ. ის ფაქტიურად მიღებული იქნა, როგორც იტყვიან, არა პირველი წაკითხვით, არამდე წაკითხვის გარეშე.

როგორც ცნობილი გახდა, უზენაესი საბჭოს კაბინეტში ამჟამად მუშავდება ზოგიერთი ისეთი კანონპროექტი, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას და თავისი შინაარსით სეპარატისტულია.

arzinbaსამწუხაროდ, აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ვ. არძინბა იმყოფება კონსერვატიული ძალების გავლენის ქვეშ და ერთობ საეჭვოა რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგას მდგომარეობის ნორმალიზაციისა და ერთაშორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით. მიგვაჩნია, გამონაკლისი  არც უზენაესი საბჭოს მორიგი სესია იქნება, რომელიც მომზადებულია მის მიერ და დანიშნული 28 თებერვალს.

უზენაესი საბჭოს მირიგი სესიის წარმატებით მუშაობისთვის, აუცილებლად მიგვაჩნია, 12-15 დღით გადაწეულ იქნას მისი მოწვევის თარიღი და ამ პერიოდში მოეწყოს დეპუტატთა ჯგუფისა და პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლების შეხვედრა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრებთან სესიის დღის წესრიგისა და დადგენილებების პროექტების გაცნობის, საბოლოო ჯამში კი – წინასწარი კონსენსუსის მიღწევის მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს  ვალდებულად ვთვლით, თქვენს წინაშე დავსვათ საკითხი უზენაესი საბჭოს მორიგი სესიის მოწვევის მიზანშეუწონლობის შესახებ. ამასთან, ვაცხადებთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა ერთაშორის ურთიერთობათა შესაძლო გამწვავებისთვის დაეკისრებათ უზენაესი საბჭის წევრებს და პირადად თქვენ –  ვ . არძინაბას, როგორც აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს.”