ტეგები

, ,


1991 წლის თებერვალში თამაზ გამყრელიძემ მიხეილ გორბაჩოვს მიმართა. ქართველი აკადემიკოსი, საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი და საკავშირო სახალხო დეპუტატი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო სადამსჯელო აქციის შესახებ აფრთხილებდა. თამაზ გამყრელიძეს ეს  მიმართვა ცხინვალის რეგიონში მაშინ შექმნილმა უკიდურესად რთულმა ვითარებამ დააწერინა და, რაც მთავარია, ამ ვითარების გამრუდებულად წარმოჩენამ საკავშირო პრესასა და ტელევიზიაში. მიმართვის ავტორი ანვითარებდა მოსაზრებას, რომ “ცენტრალური პრესის” მაშინდელი კამპანია, დეზინფორმაციის კასკადი, ყველაფრის ქართველებისთვის  გადაბრალება, შესაძლო სამხედრო ოპერაციის გასამართლებლად ხდებოდა.

gamyrelize” პატივცემულო ბატონო მიხეილ!

უკიდურესად შემაშფოთა 1991 წლის 7 თებერვლის „იზვესტიის“ პუბლიკაციამ სათაურით „რუსულენოვანი მოსახლეობა ითხოვს შველას.“მასში ლაპარაკია ცხინვალის რუსულენოვანი მოსახლეობის შესახებ, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვის, ბორის ელცინ ისა და  სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის ბორის პუგოს სახელზე გაგზავნა ტელეგრამები თხოვნით „დაიცვას იგი ქართველ მოიერიშეთა თარეშისგან.“

ჩვენ საერთოდ დიდი ხანია შევეჩვიეთ დეზინფორმაციასა და სიმართლის დამახინჯებას მასობრივი ინფორმაციის ცენტრალური ორგანოების მხრიდან, რომლებიც  ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე პროცესებს ასახავენ მრუდე სარკეში და ყველაფერს თავდაყირა აყენებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ადგილობრივი ოსური მოსახლეობა ხდება „მსხვერპლი ქართველ მოიერიშეთა მიერ წარმოებული გენოციდისა.“იქმნება სახე აგრესიული ერისა, რომელიც სპობს თავის ტერიტორიაზე ეროვნულ უმცირესობებს და სხვა ეროვნების ადამიანებს, ამავე დროს იფარება ის ფაქტები, რომ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ოლქში დარბეულია სწორედ ადგილობრივი ქართული მოსახლეობა, მოკლულია ქართველი მილიციელები, მივლენილნი ამ რეგიონში წესრიგის დასაცავად, არის ათასობით ქართველი ლტოლვილია აყრილი მშობლიური ადგილებიდან,მაგრამ განსაკუთრებით შემაშფოთებელია აღნიშნულ პუბლიკაციაში ის, რომ აქ მოულოდნელად ჩნდება ფაქტორი – „რუსულენოვანი მოსახლეობა,“ რომელიც ითხოვს დაიცვას ადგილობრივი „მოიერიშეებისგან.“

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ეს კეთდება წინასწარ შემუშავებული და პრაქტიკაში მრავალგზის აპრობირებული სცენარით, რომლის მიხედვით „რუსულენოვანი მოსახლეობა“ უნდა გამოჩნდეს, როგორც წესი, მოვლენათა განვითარების დასკვნით ეტაპზე, უშუალოდ ჯარის სპეციალური დამსჯელი ნაწილების ამოქმედების წინ, ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორების, სასანგრე ნიჩბებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით. ამასთანავე საჯარისო ნაწილების ყოველი ასეთი სისხლიანი ჩარევის შემდეგ ირკვევა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა და უმაღლესმა პოლიტიკურმა და სამხედრო ხელისუფლებამ, არაფერი იცოდა ტრაგიკული მოვლენების თაობაზე და  ამის შესახებ მხოლოდ მომხდარი ფაქტის შემდეგ გაიგო.

ვშიშობ, რომ საქართველო იმყოფება ამჟამად ჩვენთვის თავს მოხვეულ ეთნოკონფლიქტებთან დაკავშირებულ მოვლენათა განვითარების სწორედ ამ უკანასკნელ, სამხედრო  დარტყმის წინა სტადიაზე, რაც მაიძულებს წინასწარ გაცნობოთ თქვენ საქართველოს რესპუბლიკის მიმართ სისხლიანი აქციის შესაძლო განხორციელების შესახებ.

მოგმართვათ თხოვნით, მიიღოთ სასწრაფო ზომები და აგვაცილოთ მოსალოდნელი სამხედრო ჩარევა და ახალი სისხლიანი კატასტროფა.

პატივისცემით თამაზ გამყრელიძე,

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საკავშირო სახალხო დეპუტატი, აკადემისკოსი. თბილისი, 10 თებერვალი. 1991″