ტეგები

, , ,


1991 წლის თებერვლის ბოლოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გაავრცელა მიმართვა, რომლითაც გამოხატა პროტესტი აფხაზეთში (გულრიფშის რაიონი) სსრკ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ნაწილის შემოყვანის გამო, რაც საქართველოს მთავრობის დაუკითხავად მოხდა. უზენაესი საბჭოს განცხადების თანახმად, აფხაზეთში სსრ კავშირის შინაგანი ჯარების 250 კაციანი ნაწილის შემოყვანის შესახებ, წინასწარ არაფერი იცოდნენ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოშიც. ფაქტს, რომელიც თბილისში მოსკოვის სერიოზულ პროვოკაციას შეაფასეს  1991 წლის 27 თებერვლის განცხადებით გაგახსენებთ:

“როგორც  ცნობილი გახდა, მიმდინარე წლის 22-23 თებერვალს, აფხაზეთის ასსრ გულრიფშის რაიონში, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სანატორიუმში სარემონტო – სამშენებელო სამუშაოების ჩატარების საბაბით, რესპუბლიკის ფარგლებს გარედან შემოვიდა სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების 250 ჯარისკაცი, სრული საბრძოლო ეპიკირებით.

აღნიშნული ჯარის ნაწილების შემოყვანა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოხდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დაუკითხავად. როგორც  ირკვევა ეს არ იცოდა არც აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭომ და არც შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ამ ფაქტთან  დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსრ კავშირის შინაგანი ჯარის ნაწილების შემოყვანა მოხდა სსრ კავშირის კანონმდებლობის უხეში დარღვევით და საქართველოს რესპუბლიკის სუვერენული უფლებებისა და ტერიტორიული უზენაესობის სრული უგულებელყოფით.

აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, შინაგანი ჯარის ნაწილების შემოყვანისთვის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.“ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების უფლება – მოვალეობების შესახებ“ სსრ კავშირის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების გამოყენება ხდება საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევების აღკვეთის მიზნით. ამგვარ მოვლენებს აფხაზეთის ასსრ -ში ადგილი არა აქვს. მოქმედი კანონმდებლობა კი შინაგანი ჯარების გამოყენებას სამშენებლო – სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად არ ითვალისწინებს. ასეთ სამუშაოებს ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლო ორგანიზაციები. დარღვეულია აგრეთვე ამავე მუხლით განსაზღვრული წესი, რომლის მიხედვით შინაგანი ჯარების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თხოვნით ან სსრ კავშირის  მინისტრთა საბჭოს თანხმობით, შესაბამისი რესპუბლიკის ან ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან ერთად ამ საკითხის სავალდებულო განხილვით, ანდა სსრ კავშირის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად. როგორც ჩანს, სსრ კავშირის ხელმძღვანელობა მტკიცედ დაადგა არა მარტო სუვერენული რესპუბლიკების უფლებების შელახვას, არამედ საკუთარი კანონების იგნორირების გზას.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს მიაჩნია, რომ აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში შინაგანი ჯარის ნაწილების შემოყვანა არის დესტრუქციული ძალების მორიგი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ამ რეგიონში და მთლიანად რესპუბლიკაში საზოგადოებრივ – პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას.”

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მოითხოვა გილრიფშის რაიონში შემოყვანილი სამხედრო ნაწილის საქართველოდან გაყვანა და სსრ კავშირის პრეზიდიუმის მიერ იმ თანამდებობის პირების თავნებობის აღკვეთა, რომელთა უკანონო გადაწყვეტილებით მოხდა საქართველოში სსრკ შინაგანი ჯარების 250  ჯარისკაცის შემოყვანა.