ტეგები

, , ,


“ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ქართველი ხალხი ორად გაიხლიჩა, სიძულვილმა შეგვჭამა, ნიჭი და ენერგია ერთმანეთთან მტრობაში დავხარჯეთ, შემზარავი პერსპექტივა გველის – სამოქალაქო ომი, უკიდურესი ეკონომიკური კრიზისი ( არსებითად შიმშილობა) დიდი ტერიტორიის დაკარგვა.” აკაკი  ბაქრაძე. 1991 წლის 23 თებერვალი.

ზუსტად იმ პერიოდში, როცა დააპატიმრეს ჯაბა იოსელიანი და მხედრიონის სხვა წარმომადგენლები, როცა საკმაოდ გამწვავდა დაპირისპირება უზენაეს საბჭოსა და ეროვნულ კონგრესს შორის, როცა თბილისის ცენტრში ერთმანეთის პარალელურად მხარეთა მხარდასაჭერი მიტინგები ეწყობოდა, აკაკი ბაქრაძე გამოვიდა სატელევიზიო მიმართვით, რომლის შინაარსმაც თბილისში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს იყო მიმართვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსადმი და საქართველოში მოქმედი ყველა პარტიისდამი. პუტჩამდე 10 თვე იყო დარჩენილი. გთავაზობთ აკაკი ბაქრაძის გამოსვლის სრულ ტექსტს. საინტერესო ტექსტია იმ ძალიან რთული პერიოდის გასაცოცხლებლად.

 

 

KAKO 2“დღეს რომ მთელ სსრკ -ში ურთულესი და უმძიმესი ვითარებაა, ეს არავისთვის არის ახალი ამბავი, აშკარად ახლოვდება დიდი სამოქალაქო ომი, ეს საფრთხე ერთხელ დადასტურდა 19 თებერვალს ბ. ელცინის განცხადებით. ამ განცხადების მერე ან ელცინი უნდა დაეცეს ან გორბაჩოვი. ორiვეს მძლავრი ძალები ჰყავთ მომხრე. მათი დაპირისპირება ან დაჯახება რა უბედურებასაც მოიტანს, ამის მიხვედრა ძნელი არ არის. ეს ხდება იმ დროს, როცა სრულიად მოუგვარებელია ეროვნული საკითხები, ყევლა დარგში მძვინვარებს გადაუჭრელი კრიზისი, საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარეობს ომი, რომელიც იმუქრება მსოფლიო ომად გადაქცევით.

საქართველოს თავისი დიდი სატკივარი აქვს: ომია გაჩაღებული შიდა ქართლში. ჯერჯერობით ამ  ომში ქართველობა მარცხდება, ეს იმიტომ, რომ საქართველოს არ ჰყავს არმია. ქართულ მილიციას არა აქვს იარაღი. საქართველოს წინააღმდეგ კი იბრძვის „ადამონ ნიხასის“ ტერორისტები პლუს საბჭოთა არმია პლუს კრემლის ხელისუფლება. ეს უაღრესად უთანასწორო ბრძოლაა. ამას ემატება საბჭოთა პროპაგანდის ინფორმაციული ომი ქართველთა წინააღმდეგ. ამ პროპაგანდის მიზანია გამოიყვანოს ქართველი დამნაშავედ, ხოლო დამნაშავეთა დასასჯელად მოახდინოს ახალი ინტერვენცია საქართველოში.

ამ სიტუაციაში ქართველი ხალხი უნდა იყოს ერთიანი. ყოვლად დაუშვებელია ერის შიგნით განხეთქილება. არადა, ყველა ნათლად ხედავს ამ განხეთქილებას: უზენაესი საბჭო და ეროვნული კონგრესი, უზენაესი საბჭო და ქართველ მაშველთა კორპუსი მხედრიონითურთ. ამის გამო ერიც ორად გაიყო. მართალია უზენაეს საბჭოს მეტი მომხრე ჰყავს, მაგრამ ეროვნული კონგრესიც და მაშველთა კორპუსიც არ არის დარჩენილი უმოკავშირეოდ. ეს რეალობაა და იგი უნდა დავინახოთ. შეტაკებისა და სისხლისღვრისთვის  ეს დაპირისპირება საკმარისია. დაჭერა – დაპატიმრებით ეს უმძიმესი პრობლემა  არ მოგვარდება. პირიქით, კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას, ხალხს ორად გათიშავს და გარდაუვალს გახდის სისხლიან შეტაკებას, რითიც უთუოდ ისარგებლებს სსრკ-ის ხელისუფლება. არც ის საბედისწერო შეცდომა უნდა დავივიწყოთ, რაც ერთხელ უკვე ჩაიდინა ქართველმა ხალხმა, როცა „სოციალისტური ბედნიერების“ მოპოვება თანამოძმეთა სისხლით სცადა. ნუ გავიმეორებთ ამას, არც ეროვნული თავისუფლების მოპოვება შეიძლება თანამოძმეთა სისხლით. ჩვენს ხალხს დღემდე სტკივა ბაზალეთის ტრაგედია. ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია არა მარტო გიორგი სააკაძე და თეიმურაზ პირველი, არამედ მთელი ქართველი ხალხი, რომელმაც ვერ გამონახა გზა მათ შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად. თუ დღესაც მოხდება ქართველთა შორის სისხლიანი შეტაკება, დამნაშავე მარტო უზენაესი საბჭო, ეროვნული კონგრესი და ქართველ მაშველთა კორპუსი არ იქნებიან, დამნაშავე იქნება ქართველი ხალხი, რომელმაც ვერ უპატრონა თავის შვილებს.

ახლა ჩვენ თვალწინ უნდა დაგვიდგეს ის ძეგლი, რომელიც ესპანეთშია აღმართული. ერთ მხარეს  დასაფლავებულია 1936-37 წლების სამოქალაქო ომში დაღუპული კომუნისტები, მეორე მხარეს – ფრანკოს მომხრეები, შუაში ჯვარია აზიდული, საფლავის ძეგლს წარწერა აქვს: თქვენ ორივენი ესპანეთის შვილები ხართ. დედას შეუძლებელია ერთი შვილი სძაგდეს და მეორე უყვარდეს. ასეთი დედა უბედურზე უბედურია. თუკი ესპანეთში შესაძლებელია თანაბრად პატივი სცენ ორი მტრული ბანაკის წარმომადგენლებს, ნუთუ საქართველოში შეუძლებელია ერთი და იმავე ეროვნული მოძრაობის ორი ფრთის მორიგება – შეთანხმება?

უეჭველია, უდაოა უთუმცაოა: დაპირისპირებულ ძალთა პრობელა უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ამ მიზნით გთავაზობთ შემდეგს:

პირველი: შედგეს  საბჭო ქართველი ინტელიგენციის იმ წარმომადგენლებისგან, რომელნიც არ ეკუთვნიან პარტიას და არ ოცნებობენ რაიმე პოლიტიკურ კარიერაზე. ეს საბჭო იქნება შუამავალი უზენაეს საბჭოსა და ეროვნულ კონგრესს ( პლუს ქართველ მაშველთა კორპუსს) შორის. ამ საბჭომ უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ შეთანხმება არ დაირღვეს არცერთი მხრიდან, რომ ყველა სადაო – საკამათო საკითხი მოგვარდეს პრესაში აზრთა თავისუფალი გაცვლა – გამოცვლით და არა შეიარაღებული დაპირისპირებით.

მეორე: ქვეყანაში არაოფიციალური შეიარაღებული დაჯგუფებები არ უნდა არსებობდეს. ეს ცხადია. ამიტომ ყველა დღეს შეიარაღებული დაჯგუფება დამოუკიდებელი სახით, შევიდეს  ერთიან ქართულ შეიარაღებულ ძალებში ( მაგალითად, დივიზია „მხედრიონი,“ დივიზია „თეთრი გიორგი,“ დივიზია „შევარდენი“ და ა. შ. შეიარაღებულ დაჯგუფებათა მეთაურები, თანაბარი უფლებით, იქნებიან საერთო სამხედრო საბჭოს წევრები. სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელად კი დაინიშნოს ან ავღანეთში ნაომარი ქართველი ოფიცერი ან გადამდგარი ქართველი გენერალი, რომელიც არ  ეკუთვნის არც ერთ პარტიას და არ აქვს პოლიტიკური ამბიციები.

ეს შეიარაღებული ძალა დამცველია მთელი ქართველი ხალხის, მთელი საქართველოს ინტერესებისა და არა რომელიმე პარტიისა ან პოლიტიკური დაჯგუფებისა. ამ შეიარაღებულ ძალას გნებავთ გვარდია ერქვას, გნებავთ სხვა რამ სახელი, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.

მესამე: ყოველ მოძრაობას, ყოველ პარტიას შეიძლება მიეტმასნოს ნაძირალა, მაგრამ ამ ნაძირალას მიხედვით არ შეიძლება ამ მოძრაობაზე, ამ პარტიაზე მსჯელობა. არ შეიძლება არც ის, რომ ერის ერთ ნაწილს მოვუწოდოთ ამხედრდეს მეორე ნაწილის წინააღმდეგ, თუნდაც ეს ნაწილი მცირე იყოს. ყოველ დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს უმცირესი ნაწილის უფლებაც, მისი დაცვის შესაძლებლობა, თუ ეს წესი დავარღვიეთ, მაშინ ერს ვუბიძგებთ ბოროტმოქმედებისკენ. დიქტატურა იქ იწყება, სადაც უმცირესობა იჩაგრება უმრავლესობის სახელით.

აუცილებელად მიგვაჩნია შეიქმნას ნეიტრალურ იურისტთა კომისია, რომელიც შეისწავლის დღეს არსებულ ყველა არაოფიციალური შეიარაღებული დაჯგუფების, ცხადია, მხედრიონისა და მის დაპატიმრებულ წევრთა საქმიანობას. თუ კომისია დაადგენს მხედრიონის დაპატიმრებულ წევრთა კონკრეტულ დღევანდელ დანაშაულს, მაშინ მიეცეს ისინი სასამართლოში, მანამდე კი დატუსაღებულნი, მათ შორის მხედრიონის მეთაური პროფესორი ჯაბა იოსელიანი გათავისუფლდნენ თავდებით.

მეოთხე: სამწუხაროდ გაზეთების სიმრავლის მიუხედავად ქართულ პრესაში შეიქმნა ინფორმაციული ვაკუუმი, ინფორმაცია ცალმხრივია, ამ ცალმხრივობას ბოლო უნდა მოეღოს, რომ მთელ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე თავად გააკეთოს დასკვნა. ყოველ დროში და ყველა ქვეყანაში ცალმხრივი ინფორმაცია არის დანაშაულის ხელისშეწყობის პირობა.

აუცილებელია, რომ რადიოთი, ტელევიზიით, ჟურნალ – გაზეთების, ერთი სიტყვით პრესის ყველა საშუალებით, თავისუფლად სარგებლობდეს ყოველი მოქალაქე, რა თქმა უნდა, ინფორმაცია საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ობიქტურობისა  და  ეთიკის ყველა ნორმის დაცვით.

ვგმობთ 1991 წლის 18 თებერვალს შავნაბადაზე მომხდარ ბოროტმოქმედებას, როცა საბჭოთა არმიის ნაწილები თავს დაესხა ქართველ მაშველთა კორპუსის მძინარე წევრებს შუაღამით. საზოგადოებას არ აკმაყოფილებს ამ ფაქტზე პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია და მოვითხოვთ სრულ და ობიექტურ ინფორმაციას, გამჟღავნებას იმისა, ვისი განკარგულებით მოხდა ეს და იმათ დასჯას, ვინც მძინარე ადამიანთა წინააღმდეგ გამოიყენა იარაღი.

ეს გახლავთ მიმართვის ტექსტი, შეიძლება ზოგიერთს იგი მოეწონოს, ზოგიერთს არა, მაგრამ ობიექტური ადამიანი ვერ იტყვის, რომ მასში არ არის ცდა გამოიძებნოს შეთანხმების გზა. თუ ჩვენ ყევლანი შევეცდებით  გამოვძებნოთ შეთანხმების გზა, შეუძლებელია ვერ ვიპოვოთ იგი. დაჭერა და ციხე ვერ მოაგვარებს პრობლემას. არავის დაუჭერია, არავის გადაუსახლებია, არავის დაუხვრეტია იმდენი ხალხი, რამდენიც ბოლშევიკებს, მაგრამ კარგად ხედავთ – რომ ვერაფერი მოაგვარეს. ჩვენს თვალწინ ინგრევა მათი შექმნილი სახელმწიფო. დღეს ქართველ ხალხს  ახალი საქართველოს აშენება უნდა და არა ნგრევა, სიძულვილით კი ვერ ავაშენებთ ახალს.

რა თქმა უნდა, ამ მიმართვის მოსმენის შემდეგ, ის ადამიანები, რომელთაც ტელევიზია, გაზეთები აავსეს მოთხოვნით: ეს დაიჭირეთ, ის გადაასახლეთ, ეს კატორღაში გაგზავნეთ, ის დახვრიტეთ – გამომაცხადებენ საქართველოს მოღალატედ. ამის საბუთი ხელშიაც მიჭირავს, მაგრამ მისი წაკითხვით თავს აღარ შეგაწყენთ, ისედაც იცით რა წერია ამგვარ წერილებში, რომელთაც ხელს ანონიმი ქართველი ქალები აწერენ. ოღონდ ის კი მინდა გითხრათ ყველა ასეთ ქართველ ქალს, ყველა ტელეფონით ტერორისტს, კოლექტიური წერილების ავტორებს, რომ თქვენი საქციელით თქვენ აძულებთ ხალხის საღად მოაზროვნე ნაწილს დღევანდელ  უზენაეს საბჭოს. თქვენ მისი დაცვა გინდათ, მაგრამ, თუ დამიჯერებთ, პირიქით გამოდის. აძულებთ იმიტომ, რომ ეს კოლექტიური და ანონიმური წერილები გვახსენებს ავადსახსენებლ 30 -იან წლებს. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, თუ ავაღორძინებთ 1937 წლის ატმოსფეროს, ეს დაღუპავს არა მარტო არაოფიციალურ შეიარაღებულ  დაჯგუფებებს, არა მარტო ეროვნულ კონგრესს.

ესეც უნდა დავსძინო: შიში გული ნუ შეუწუხდებათ ნურც უზენაეს საბჭოს და ნურც ეროვნული კონგრესის მომხრეებს. მაწუხებს და მალაპარაკებს საქართველოს მომავალი და არა რაიმე პოლიტიკური კარიერის გაკეთების სურვილი. მე ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვი პოლიტიკურ საქმიანობაზე და არც არასდროს მივუბრუნდები მას. ქართველი ხალხის სამსახურს მე გავაგრძელებ  ჩემი ლიტერატურული საქმიანობით, თუკი, რა თქმა უნდა, ეს  ვისმეს  დაჭირდება.

დღეს წამდაუწამ გავიძახით: გაუმარჯოს ქრისტიანულ საქართველოს! მაგრამ როგორ ავაშენებთ ქრისტიანულ საქართველოს, თუ სიძულვილს დავნერგავთ და არა ურთიერთშეწყალებას, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთთანაგრძნობას? განა ქრისტიანობის დაუძინებელი მტერი სავლე მოციქულ პავლედ არ იქცა? ის, ვინც სიმართლეს ღაღადებს, მას  ციხე და პატიმრობა არ სჭირდება თავის სიმართლის დასამტკიცებლად. სიმართლე ყოველთვის და ყველა ვითარებაში იმარჯვებს. იმ  ჭეშმარიტებასაც ნუ დავივიწყებთ, რომელსაც მახარობელი მარკოზი ბრძანებს: „ რომელითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ“.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ქართველი ხალხი ორად გაიხლიჩა, სიძულვილმა შეგვჭამა, ნიჭი და ენერგია ერთმანეთთან მტრობაში დავხარჯეთ, შემზარავი პერსპექტივა გველის – სამოქალაქო ომი, უკიდურესი ეკონომიკური კრიზისი ( არსებითად შიმშილობა) დიდი ტერიტორიის დაკარგვა.

ქართველი ხალხის ერთიანობა, მიღწეული შეთანხმებისა და მორიგების გზით, თუ იხსნის საქართველოს დღევანდელი უმძიმესი და ურთულესი ვითარებისგან.”