ტეგები

, , ,


1991 წლის 28 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სახელით ზვიად გამსახურდიამ გაეროს, მსოფლიოს ქვეყნების ხალხებს და მთავრობებს მიმართა. გამსახურდია მსოფლიოს ატყობინებდა, რომ მოსკოვი აპირებდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოსურნე საქართველოს დასჯას და საქართველოს ახლადარჩეულ ხელისუფლებას დილემის წინაშე აყნებედა  – დათანხმებულიყო სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერას ან შეგუებოდა შიდა ქართლისა და აფხაზეთის  დაკარგავს.

“კრემლის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის ახალი კერების შესაქმნელად მიღებული ზომები შეიძლება განხილულ იქნეს, მხოლოდ და მხოლოდ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესია.” – აცხადებდა გაეროსადმი gaeroმიმართვაში ზვიად გამსახურდია. საქართველოს ხელისუფლება ითხოვდა  სასწრაფოდ შექმნილიყო საერთაშორისო კომისია ( გაეროს და ევროპარლამენტის ექსპერტების მონაწილეობით ) ადგილზე  სინამდვილის შესასწავლად, რათა ფართო საზოგადოებრიობას მიეღო უტყუარი ინფორმაცია საქართველოში ( შიდა ქართლში) მიმდინარე პროცესების შესახებ, რათა საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში არ შეეყვანა მოსკოვის კამპანიას, რომელიც საქართველოსთან თავის “გამოუცხადებელ ომს ეთნოკონფლიქტად წარმოაჩენდა..” გაეცანით 1991 წლის 28 თებერვლის მიმართვას. საინტერესო ტექსტია.

“უკვე რამდენიმე თვეა, რაც შიდა ქართლის, ყოფილი ეგერთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიაზე, ანუ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრს, ქართველი ხალხის ისტორიულ სამშობლოს, სულიერი და მატერიალური კულტურის აკვანს წარმოადგენს, მიმდინარე პროცესებს სსრკ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და საზღვარგარეთის მთელი რიგი სააგენტოები აშუქებენ, როგორც ეთნოკონფლიქტს, რომელშიც საქართველოს რესპუბლიკის ახალი მთავრობა ცდილობს ოს ხალხს ეროვნული ავტონომია წაართვას. ეს სიცრუე და მონაგონი, რომელსაც თან ახლავს ცენტრალური ტელევიზიის მიერ ფალსიფიცირებული ვიდეოინფორმაცია, მიახლოებითაც კი ვერ ასახავს რეალობას.

სინამდვილეში შიდა ქართლში მიმდინარეობს ცენტრის – საკავშირო მთავრობის გამოუცხადებელი ომი რესპუბლიკასთან, რომელმაც უარი თქვა მონაწილეობა მიიღოს „განახლებული ფედერაციის“ შექმნაში და ხელი მოაწეროს სამოკავშირეო ხელშეკრულებას.

სწორედ ოს ბიუროკრატიაზე დაყრდნობით, რომელმაც მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია 1922 წელს უკანონოდ შექმნილ ავტონომიური ოლქში, ე.წ. „სამხრეთ ოსეთში,“ ცდილობს დღეს ცენტრი ხელ -ფეხი შეუბორკოს 1921 წელს ძალით წართმეული სრული სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმავალ ქართველ ხალხს.

ოსი მოიერიშეების მოქმედებაში ცენტრის აქტიური მონაწილეობა აშკარაა თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ რეგიონში განლაგებული სსრკ შინაგანი ჯარები ხელს უწყობენ მათ თავდასხმებს ქართულ მილიციასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხოლო უახლესი ტიპის იარაღით, რაკეტებითაც კი, მოიერიშეები რეგიონში განლაგებული სამხედრო ნაწილებიდან მარაგდებიან.

ოსი სეპარატისტების, საჯარისო დანაყოფებისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, განსაკუთრებით კი სსრკ ცენტრალური ტელევიზიის კოორდინირებული მოქმედება იმას მოწმობს, რომ საქართველოს რესპუბლიკას დილემის წინაშე აყენებენ – ან ხელი მოაწეროს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ანდა დაკარგოს შიდა ქართლისა და აფხაზეთის ოდითგან თავისი ტერიტორიები.

როგორც მდგომარეობა გვიჩვენებს აფხაზეთში კვლავ იკვეთება ახალი კონფლიქტი, რამდენადაც ამ რეგიონში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის შეუტყობინებლად რამდენიმე ასეული მედესანტე გამოჩნდა. საქართველოს კრემლის მხრიდან ემუქრება მასობრივი სისხლიანი რეპრესიები, რომელთა პროპაგანდისტულ მომზადებას ემსახურება მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ გაჩაღებული ზემოაღნიშნული კამპანია.

ყველანაირად იჩქმალება ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნას და, ამრიგად, საქართველოს ნაწილის „ოსეთად“მონათვლას ( მაშინ, როდესაც ნამდვილი ოსეთი საქართველოს გარეთ, ჩრდილოეთ კავკასიაში მდენარეობს) არც ისტორიული, არც სამართლებრივი არც მორალური საფუძველი არ გააჩნდა და მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა – შეექმნა საქართველოს ტერიტორიაზე პოლიტიკური პლაცდარმი რუსეთის კომპარტიისთვის, რომელიც მანამდე ოსებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდა შიდა ქართლში.

გასაკვირი არ არის, რომ დღესაც კომუნისტი ტერორისტების ანტიქართული პუტჩი შიდა ქართლში მიმდინარეობს სკკპ ვალებისდამი ერთგულებისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენის პოლიტიკური ლოზუნგით.

ქართველი ხალხი მზად არის დაიცვას, როგორც თაცისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ასევე ტერიტორიული მთლიანობა.

ცნობს რა შიდა ქართლის ოსი მოსახლეობის – ეროვნული უმცირესობის – უფლებას სრულ ეროვნულ – კულტურულ ავტონომიაზე, თანამდეროვე საერთაშორისო სამართლის დაწესებული ნორმების ერთგული საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა არ დაუშვებს, რომ საქართველოს ტერიტორის ფარგლებში მათ ჰქონდეთ ავტონომია ან სახელმწიფოებრიობის პრეტენზიის მქონე სხვა წარმონაქმნი.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ უკვე წამოაყენა შიდა ქართლში კონფლიქტის მოსაგვარებლად მთელი რიგი წინადადებანი, მათგან მთავარია სისხლისღვრის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ყველა შეიარაღებული ფორმირების განიარაღება. ამან უნდა უზრუნველყოს მოლაპარაკების დაწყება შიდა ქართლში მცხოვრები ყველა პირის და, უწინარეს ყოვლისა, ოსი მოსახლეობის წარმომადგენელთა სრული უსაფრთხოების პირობებში, რომელთანაც გაიმართება მოლაპარაკება შიდა ქართლის ოსი მოსახლეობის სტატუსის საბოლოო მოწესრიგებისთვის.

მიუხედავად ამისა, საბჭოთა არმიის მხარდამჭერი მოიერიშეების მოქმედება კვლავ გრძელდება და თან სულ უფრო ინტენსიური ხდება. ასეთ პირობებში კრემლის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის ახალი კერების შესაქმნელად მიღებული ზომები შეიძლება განხილულ იქნეს, მხოლოდ და მხოლოდ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესია.

შექმნილ ვითარებაში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებებსა და მთავრობებს მიმართავს შემდეგი მოწოდებებით:

დაუყოვნებლივ შეიქმნას კომპეტენტური საერთაშორისო კომისია გაეროს და ევროპარლამენტის ექსპერტების მონაწილეობით ადგილზე სინამდვილის შესასწავლად, რათა ფართო საზოგადოებრიობამ უტყუარი ინფორმაცია მიიღოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

დახმარება გაეწიოს საქართველოს რესპუბლიკას ყველა იმ საშუალებით, რაც კი საერთაშორისო სამართლით არის გათვალისწინებული სუვერენული სახელმწიფოს ნებისმიერი ფორმით აგრესიისგან დასაცავად.” საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. თბილისი. 1991 წლის 28 თებერვალი.