ტეგები

, , ,


ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღების პროცესის დაწყებას სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა. იარაღის ჩაბარების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო “მხედრიონის’ წევრების და სხვათა დაკავებას თან სდევდა საპროტესტო აქციები სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში თუ ოპერის ბაღში. “ეროვნული კონგრესის” წარმომადგენლები მიმდინარე დაკავებებს პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ ტერორად ნათლავდნენ. აქ  გაეცნობით ცნობებს, რომლებსაც 1991 წლის თებერვლის ბოლოს გაზეთი “ქართული ქრონიკა” აქვეყნებდა, ამ გაზეთს კი გამსახურდიას მკვეთრ ოპოზიციაში მყოფი ეროვნულ – დემოკრატიული პარტია ( ედპ)  გამოსცემდა. მისი ლიდერი და წევრები “ეროვნულ კონგრესსაც” წარმოადგენდნენ.

პირველი მრავალპარტიული არჩევნებით  უზენაესი საბჭო სულ რაღაც 3 თვის არჩეული იყო, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს (ზ. გამსახურდია) ოპონენტები უკვე დიქტატორს ეძახდნენ.”ქართული ქრონიკის” მაშინდელ ცნობებში წაიკითხავთ იმის შესახებ, რაში ადანაშაულებდნენ მას. 

“19  თებერვალს, დილით, ლაგოდეხში „მხედრიონის“ წევრებთან ერთად დააპატიმრეს ედპ-ს წევრები ( 10 კაცი, მათ შორის ედპ-ს ლაგოდეხის კომიტეტის მდივანი გიორგი ხიდაშელი) ვითომდა იარაღის უკანონო ტარებისთვის.”

“1991 წლის 19 თებერვალს 8 საათსა და 30 წუთზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზ. გამსახურდიას ბრძანებით შსს თანამშომლებმა მეგობრის ბინაში დააკავეს ეროვნული კონგრესის წევრი და პატრიოტული ორგანიზაცია „მხედრიონის“ ხელმძღვანელი ჯაბა იოსელიანი. ჯერჯერობით მისი ადგილსამყოფელი უცნობია. მანამდე, 18 თებერვალს, საღამოთი, ასევე შსს-ს თანამშრომლების მიერ დაპატიმრებული იქნა ეროვნული კონგრესის წვერი და „მხედრიონის“ ერთ-ერთი აქტივისტი ზაზა  ვეფხვაძე.’

20 თებერვალს, თბილისში, 12 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტური პრეს-კლუბის ინიციატივით შედგა მიტინგი. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს დაპატიმრებულთა დაუყოვნებლივ განთავისუფლება. დაგმეს საბჭოთა ჯარების და საქართველის უზენაესი საბჭოს მოქმედება. მიტინგზე გამოვიდა 18 თებერვალს დაპატიმრებული „მხედრიონის“ წევრის ზაზა ვეფხვაძის მეუღლე, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ქმარი დააკავეს ქუჩაში, საკუთარ მანქანაში შსს-ს თანამშრომლებმა, თან სასტიკად სცემს და გამოლანძღეს.”

20 თებერვალს ედპ-ს წევრმა დაჯერან გუგეშაშვილმა ( ის იმყოფება სამტრედიის შსს წინასწარი პატიმრობის საკანში) შიმშილობა გამოაცხადა. დ. გუგეშაშვილი არ იძლევა ჩვენებას და მოითხოვს, რომ მასთან შეხვედარზე დაუშვან პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები, აგრეთვე ედპ-ს მთავარი კომიტეტის წევრები, რათა მათი თანდასწრებით საპროტესტო განცხადება გააკეთოს.”

20 თებერვალს ოპერის თეატრთან, სადაც მიმდინარეობს  მჯდომარე გაფიცვა, შედგა ეროვნული კონგრესის მიერ ორგანიზებული მორიგი მიტინგი, სადაც დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია ახალ – ახალი დაპატიმრებების შესახებ, რასაც ხელმძღვანელობს შსს ზ. გამსახურდიას ბრძანებით. მიტინგზე აგრეთვე აღინიშნა, რომ მოსალოდნელია საქართველოს უზენაესმა საბჭოპ უახლოეს დროში მიმართოს ოფიციალურ ტერორს.მჯდომარე გაფიცვა გრძელდება.”

მიმდინარე წლის 20 თებერვალს, თბილისში, კონსტიტუციურ – მონარქისტული პარტიის giaშტაბ-ბინაში პრესკონფერენცია ჩაატარა ედპ-ს თავმჯდომარემ გიორგი ჭანტურიამ. ეს ღონისძიება კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით უნდა ჩატარებულიყო კინოსტუდიაში, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე კინოსტუდიის ხელმძღვანელობამ მიიღო ოფიციალური ბრძანება მისი აკრძალვის შესახებ.

პრესკონფერენციას ესწრებოდა დაახლოებით 500 კაცი,  ოფიციალური და არაოფიციალური პრესის წარმომადგენლები. აგრეთვე  სტუმრები ლიტვიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან.

გ. ჭანტურიამ გააკეთა მოხსენება საბჭოთა იმპერიასა და მის ფონზე საქართველოს სადღეისო ვითარებაზე, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ამაზე საკუთარი პოზიცია და თვალსაზრისი.

იგი ხაზგასმით შეეხო მოღალატურ, ანტიდემოკრატიულ, კრემლთან  შეთანხმებულ საქართველოს უზენაეს საბჭოსა და მისი თავმჯდომარის პოლიტიკას. გ. ჭანტურიამ ჯერ კიდევ საბჭოთა  არჩევნების ჩატარებამდე დაადანაშაულა გამსახურდია სუკთან თანამშრომლობაში  და გამოიწვია ტელე – დებატებში, რაზეც გამსახურდიამ უარი განაცხადა. პრესკონფერენციაზე დაინტერესებულ პირთა მოთხოვნით ჭანტურიამ წარმოადგინა  ზ. გამსახურდიას მამხილებელი ზოგიერთი დოკუმენტი და ფაქტი, შემდეგ კი ყურადღება გაამახვილა იმ რეალურ საშიშროებაზე,  რაც ემუქრებოდა კრემლისა და მისი ადგილობრივი აგენტების –  უზენაეს საბჭოში მოკალათებულთა –  მხრიდან ოპოზიციას, ეროვნულ კონგრესს და ა.შ. აღნიშნა, რომ გამორიცხული არაა ამათ მიმართონ  არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ოპოზიციის ფიზიკურ განადგურებას, მით უმეტეს, რომ  რეპრესია-დაპატიმრებები უკვე დაწყებულია და არნახული ტემპით ვითარდება. ოპოზიციის უმთავრეს ამოცანად ჭანტურიამ დასახა საინფორმაციო სამსახურის გაძლიერება, რათა გზა გადაეღობოს კრემლსა და საქართველოს მარიონეტულ უზენაეს საბჭოს და მის თავმჯდომარეს  ზ.გამსახურდიას  ხელი მოაწერონ სამოკავშირეო ხელშეკრულებას.”