ტეგები

,


1991 წლის დასაწყისში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ დაიწყო უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება, რასაც ახლდა პროტესტი და ზოგ შემთხვევაში შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა “მხედრიონის” წევრების მხრიდან.ყველაზე უმტკივნეულოდ “მხედრიონი” ზუგდიდში დაიშალა. “მხედრიონის” ზუგდიდის სადროშომ თვითლიკვიდაციის გამოცხადებით და იარაღის ჩაბარებით უპასუხა ხელისუფლების მოწოდებას იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარების შესახებ. გთავაზობთ 1991 წლის თებერვალში, ოფიციალურ პრესაში გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურად აღწერდა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღების პროცესს. ეს ძალიან რთული პროცესი იყო. 

“საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოები განაგრძობენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისთვის იარაღის ჩამორთმევას და დამნაშავეთა დაკავებას.

1991 წლის 16 თებერვალს ქალაქ სამტრედიაში ცეცხლი დაუშინეს პრეფექტურის შენობას და დაჭრეს ორი მშვიდობიანი მოქალაქე.

jabaმილიციამ დააკავა ამ თავდასხმის აქტიური მონაწილე „მხედრიონის“ წევრები: სამტრედიის რაიონის მკვიდრი ვ. გვარამაძე, ბ. კახაძე და ზ. შამულიძე, აგრეთვე ლანჩხუთის საშუალო სკოლის პედაგოგი, ეროვნულ – დემოკრატიული  პარტიის წევრი დარეჯან გუგეშაშვილი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა თავდასხმაში და საზოგადოებას მოუწოდებდა მხარი დაეჭირათ მათთვის.

ვ. გვარამაძეს  ჩამოერთვა მცირეკალიბრიანი შაშხნა. მისი ბინიდან ამოღებულა  ღილაკიანი დანა. ბ. კახიძის ბინიდან ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ავტომატის ვაზნები. გ. შამულიძის ბინიდან –  1 რადიომიმღებგადამცემი, 4 ცალი გადამცემი თავისი ანტენით, ავტომატის დანა ბუდით, პისტოლეტის ჩასადები, ხანჯალი, კაფსულ-დეტონატორები, 12 კალიბრიანი თოფის ვაზნები.

ამას გარდა, მილიციამ  სამტრედიაში ამოიღო „მხედრიონის“ წევრების მიერ გატაცებლი ერთი ჯავშანტრანსპორტიორი, შავი ფერის გაზ-24 მარკის უნომრო ავტომანქანა, ასევე თეთრი ფერის უნომრო ვაზ – 2121 ავტომანქანა, ზილისა და გაზ –  63 მარკის თითო ავტომანქანა.

19 თებერვალს სოფელ ენისელში მილიციამ დააკავა „მხედრიონის“ ყვარლის ორგანიზაციის მეთაური, ორჯერ ნასამართლევი, უმუშევარი მ. იობაშვილი და მისი ვაჟი ა. იობაშვილი, ასევე უმუშევარი. ამავე სოფელში „მხედრიონის“ შტაბ – ბინის ტერიტორიიდან ამოიღეს სხვადასახვა მარკის 16 ავტომანქანა, ტყვია – წამალი, ფეთქებადი ნივთიერება და 4 ცალი უცხოური წარმოების რადიოგადამცემი.

20 თებერვალს 12 საათზე ცაგერის რაიონის სოფელ ჭალისთავის ტერიტორიიდან მილიციის მუშაკებმა ამოიღეს „მხედრიონის“ ცაგერის ორგანიზაციის წევრების მიერ გატაცებული სხვადასხვა მარკის 28 სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა.

როგორც ცნობილია, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ვინც ნებაყოფლობით  ჩააბარებს იარაღს და დატოვებს უკანონო შეიარაღებული ფორმირების რიგებს, მის მიმართ არ იქნება აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ,  ვინც ყურად არ იღებს ჩვენს არაერთგზის მოწოდებას, მათ მიმართ გამოყენებული იქნება სათანადო, მკაცრი ზომები. საქართველოს მილიციის ამ განცხადებას გამოეხმაურა „მხედრიონის“ ზუგდიდის ორგანიზაცია და 19 თებერვალს გამოაცხადა თვითლიკვიდაცია.

„მხედრიონის“ ზუგდიდემა წევრებმა მილიციას ჩააბარეს ავტომატები, კარაბინები, სხვადასხვა სისტემის რევოლვერები, პისტოლეტები, გადაჭრილი თოფები და სხვა იარაღი საბრძოლო ვაზნებითურთ. იარაღის ჩაბარება გრძელდება. გარდა იარაღისა ჩაბარებულია ადრე გატაცებული 30 სატვირთო ავტომანქანა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ზუგდიდელთა მაგალითს სხვებიც მიბაძავენ და ნებაყოფლობით ჩააბარებენ იარაღს და გატაცებულ ტექნიკას.

საქართველოს მილიცია ყველანაირად ცდილობს იარაღის ჩამორთმევის ოპერაცია განახორციელოს ისე, რომ არ მოხდეს შეიარაღებული შეტაკება, არ დაიღვაროს სისხლი. უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრებს წინასწარ სწორედ ამიტომ ეძლევათ წინადადება მშვიდობიანად, შეიარაღებული წინააღმდეგობის გაუწევლად ჩააბარონ იარაღი.

იარაღის  ჩამორთმევის ოპერაციები თითქმის ყველგან შეტაკების გარეშე განხორციელდა, მაგრამ საგარეჯოში ეს ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ“მხედრიონის“ კახეთის სადროშოს ხელმძღვანელს გელა გოდერძიშვილს წინასწარ შეხვდნენ პოლიციის მუშაკები და წინადადება მისცეს მშვიდობინაად ჩაებარებინათ იარაღი და დაეშალათ ორგანიზაცია.

20 თებერვალს, 17 საათსა და 30 წუთზე, „მხედრიონის“ წევრებმა გელა გოდერძიშვილის ხელმძღვანელობით  სროლა აუტეხეს ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ საქართველოს შს სამინისტროს  და საგარეჯოს შინაგან საქმეთა განყოფილების თანამშრომლები, რაზეც მათ სროლითვე უპასუხეს. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრნენ როგორც მილიციის, ასევე „მხედრიონის“ წევრები. მილიცილეთა მხრიდან დაიჭრნენ საგარეჯოს სახელმწიფო ავტოინსპექტორი, მილიციის კაპიტანი შ. ბორაშვილი და შინაგან საქმეთა  რაიონული განყოფილების ოპერრწმუნებული, მილიციის კაპიტანი ნ. ჯავახიშვილი. „მხედრიონის“ მხრიდან დაიჭრნენ კახეთის სადროშის მეთაური გ. გოდერძიშვილი, რომელიც მოთავსებულია თბილისის პირველი საგამოძიებო იზოლატორის საავადმყოფოში, გ. ჭიაურელი, აგრეთვე მოთავსებულია საგამოძიებო იზოლატორის საავადმყოფოში, ხოლო მძიმედ დაჭრილი დ. ოთიაშვილი, ჯერჯერობით, მოთავსებულია საგარეჯოს რაისაავადმყოფოში, რომელსაც მეთვალყურეობას უწევს მილიციის გაძლიერებული დაცვა.

მილიციამ დააკავა „მხედრიონის“ წევრები ა. ფიალური, გ. დარბაისელი, ს. მახარობლიშვილი და ნ. ყუშიტაშვილი.

ჩამორთმეულია 1 ცალი კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი, ორი ხელყუმბარა, ერთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ტყვიამფრქვევის  120 ვაზნა, სადროშოს მეთაურის გელა გოდერძიშვილის ბინიდან ამოღებულია ერთი ხელყუმბარა და ერთი დამცავი ჟილეტი.

გარდა ამისა, მილიციამ ამოიღო „მხედრიონის“ მიერ გატაცებული კამაზის და  ზილ -130- ისა და  ზილ -131-ის ს მარკისმ  სატვირთო  ავტომანქანები და ორი „ჟიგული“.  იარაღისა და ტექნიკის ჩამორთმევა გრძელდება.”