ტეგები

, ,


რა ზომებს იღებდა გამსახურდიას ხელისუფლება მაშინ, როცა ცხინვალის რეგიონში, განვითარებული კონფლიქტის გამო საბჭოთა  პრესა და ტელევიზია  ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებდა?

1991 წლის თებერვალში საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ხოშტარია ჩავიდა მოსკოვში და პრესკონფერენცია გამართა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში. იქ მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს,  სცადა აეხსნა მათთვის,  რეალურად რა ხდებოდა ცხინვალის რეგიონში. მოსკოვში ჩატარებული პრესკონფერენციის შესახებ ცნობა გაზეთმა “საქართველოს რესპულიკამ” გამოაქვეყნა.

GOGIA“გიორგი ხოშტარიამ ჟურნალისტების წინაშე გააკეთა განცხადება, რომელშიც პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოში და, კერძოდ, სამაჩაბლოში მიმდინარე მოვლენებს ტენდენციურად და ცალმხრივად აშუქებენ მასობრივი ინფორმაციის საკავშირო საშუალებები. მან დაახასიათა რესპუბლიკაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია და დამსწრეთა ყურადღება გაამახვილა მიზეზებზე, რომლებაც გამოიწვია კონფლიქტი შიდა ქართლში. აღნიშნა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გვერდს უვლიან ამ კონფლიქტის მთავარ მიზეზებს  და ცდილობენ საქართველო გამოიყვანონ მის ტერიტორიაზე მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხის მჩაგვრელის როლში.

– ქართველი ხალხის, მისი მთავრობისა და უზენაესი ხელისუფლებისთვის ამგვარი ჩირქის მოცხობის აბსურდულობა აშკარაა, საკმარისია მხოლოდ ობიქტურად  გაერკვეთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ირგვლივ შექმნილ ვითარებაში, ჟურნალისტები, აღნიშნა ხოშტარიამ, მკითხველს აჩეჩებენ ისეთ ცხელ -ცხელ ფაქტებს, რომლებმაც მართლა შეიძლება აღაშფოთოს ყოველი ნორმალური კაცი, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ სწორედ ქართველები გარბიან საკუთარი მიწა – წყლიდან, და იმათმა რიცხვმა, ვინც უსახლკაროდ დარჩა ან დატოვა საკუთარი სახლი ფიზიკური მოსპობის საფრთხის გამო, უკვე რამდენიმე ათასს გადააჭარბა. იღვრება ყოვლად უდანაშაულო ადამიანთა სისხლი, ჩვეულებრივ საქმედ იქცა ქართველთა სახლების გადაწვა, ისევე როგორც გახშირებული სროლა, ოსების მხარე კარგად არის შეიარაღებილი. ქართული მილიცია კი, რომელიც წესრიგს უნდა იცავდეს, პრაქტიკულად განიარაღებული. თუმცა, თქვა მინისტრმა, კონფლიქტი სამაჩაბლოში და მისი ტრაგიკული განვითარება მოსალოდნელი იყო, რადგან ოსურ კრიზისს მარჯვედ იყენებს ცენტრი, რათა საქართველომ ხელი მოაწერინოს საკავშირო ხელშეკრულებაზე.”