ტეგები

, ,


1991 წლის დასაწყისში, როცა ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ქართული მილიცია რუსი სამხედროებისგან ზურგგამაგრებული ოსი ექსტრემიტების შემოტევას იგერიებდა, ზვიად გამსახურდიამ  ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლისადმი საკუთარი მიმართვა გაასაჯაროვა. ამ მიმართვაში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე სსრკ საჯარისო ნაწილის ოსი ეროვნების სამხედრო მოსამსახურეებს ასახელებდა, რომლებიც მისი ინფორმციით მჭიდრო კავშირში იყვნენ ოს ექსტრემისტებთან და იარაღით ამარაგებდნენ მათ. გამსახურდია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს ამ პირების დასჯას და სსრკ თავდაცვის მინისტრთან ცხინვალში დისლოცირებული სამხედრო ბაზის სხვაგან გადატანის საკითხის დასმას სთხოვდა. ზვიად გამსახურდიას მიმართვას რუსმა სარდალმა გაზეთ”კრასნაია ზვეზდას” ფურცლებიდან და  პროგრამა ” ვრემიადან “უპასუხა. მან კატეგორიულად უარყო საბჭოთა საჯარისო ნაწილიდან ოსი ექსტრემისტების იარაღით მომარაგება და თქვა, რომ ექსტრემისტებს მხოლოდ თვითნაკეთი იარაღი შეიძლება ჰქონოდათ. ეს უკანასკნელნი კი ქართულ მილიციას ყუმბარმტყორცნებიდან ესროდნენ.

ზვიად გამსახურდიას წერილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს, სარდლის პასუხი და ვითარება ჯავასა და ცხინვალში 1991 წლის იანვრის ბოლოს.

90

“ქ. ცხინვალის ტერიტორიაზე განლაგებულია სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო  ჯარების საჯარისო ნაწილი N47913. ჩვენი ცნობებით, ამ ნაწილის  ოსი ეროვნების სამხედრო მოსამსახურეები: პოდპოლკოვნიკი მ.ვ.კოჩიევი – მეთაურის მოადგილე პოლიტნაწილში, აგრეთვე სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს 61902-ე საჰაერო – სადესანტო პოლკის სამხედრო მოსამსახურეები პ. ხაჩიროვი, ო. ფუხაევი, ს.  ბიჩეკოევი, გ.ჯიოევი, ა. ალბოროვი, ო.გოგოლაევი, რ.ვალიევი, ე. დათიკაევი, რ. ჯიოევი, ა. ბოსტაევი და ბ. ჯიოევი შეთქმულები არიან ექსტრემისტთა ბანდებთან, რომლებიც ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მოქმედებენ და ამარაგებენ მათ რაკეტული იარაღით და ტყვია – წამლით, რასაც რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შორის მსხვერპლი მოჰყვა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.

სეპარატისტთა ლიდერები მ. კულუმბეგოვი და ა. ჩოჩიევი ხშირად აფარებენ თავს ამ სამხედრო ბაზს.

ყოველივე ზემოთთქმულის გამო, დაბეჯითებით გთხოვთ, კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მისცეთ ზემოთხსენებული სამხედრო მოსამსახურენი და სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინაშე აღძრათ ამ ბაზის სხვაგან გადატანის საკითხი, ამასთან წინასწარ შეუთანხმოთ ეს რეპუბლიკის ხელმძღვანელობას. თუ ამ საკითხს სასწრაფოდ არ გადაწყვეტთ, იძულებული გავხდებით უმაღლეს საკავშირო ინსტანციას მივმართოთ.

საქართველოს რესპუბლიკის უზეანესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია.

p.S  დღემდე ეს წერილი არ გამოგვიქვეყნებია, რადგან თქვენგან წერილობით პასუხს ველოდით, რაც სიტყვიერად აღმითქვით. აღმითქვით აგრეთვე, რომ ზომებს მიიღებდით, მაგრამ ყველაფერი ძველებურად გრძელდება. მეტიც 30 იანვარს სოფელ ავნებში იმავე სამხედრო ნაწილის ჯავაშანტრანსპორტიორები თავს დაესხნენ სკოლის შენობას, ავტომატები დაუშინეს მას და დაჭრეს ქართველი მილიცელი. ჯავშანტრანსპორტიორები მიუხტნენ ქართულ სოფელ ერედვს და თოფები წაართვეს ქართულ მოსახლეობას. ასე რომ, როგორც ვხედავთ, ჯარი ჩვენი მოსახლეობის და მილიციის წინააღმდეგ ომობს, ამიტომ  გადავწყვიტე ჩვენს მიმოწერას ღია ხასიათი მივანიჭო და ეს აღამაშფოთებელი ფაქტები მსოფლიო საზოგადოებრიობას ვაუწყო.”

1991 წლის თებერვალში “ახალგაზრდა ივერიელმა” გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადება, რომელიც შეიცავდა ცნობებს  გამსახურდიას მიმართვაზე საპასუხო განცხადების შესახებ. რუს სარდალს თავისი პასუხი საკავშირო პრესაში გამოუქვეყნებია.

“7 თებერვალს, გაზეთმა „კრასნაია ზვეზდამ,“ იმავე საღამოს კი პროგრამა „ვრემიამ“ გამოაქვეყნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის გენერალ  პატრიკეევის პასუხი ბატონ ზვიად გამსახურდიას წერილზე, რომლითაც საქართველოს რესპუბიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე სარდლისგან მოითხოვს პასუხი მოჰკითხოს სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც  იარაღით ამარაგებენ ოს ექსტრემისტებს.

პატივცემული სარდალი აღნიშავს, რომ ექსტრემისტებს მხოლოდ თვითნაკეთი იარაღი აქვთ, რომ მათ არავითარ შემთხვევაში არ ექნებათ რაკეტები, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო  რეაქტიული ჭურვები, რომლებსაც შვეულმფრენიდან უშვებენო.

8 თებერვალს პროგრამა „ვრემიას“ კორესპონდენტს საქართველოში ნანა ღონღაძეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა საშუალება მისცა გადაეღო ეს რაკეტები და კიდევ ის იარაღი, რომელიც ოს ექსტრემისტებს ჩამოვართვით ცხინვალში.

იმასაც დავუმატებთ, რომ ცხინვალში განლაგებულია სამხედრო შვეულმფრენების პოლკი. ექსტრემისტებს ჭურვ – რაკეტების შესაძენად შორს არ დასჭირდებოდათ წასვლა.

და კიდევ ერთი, პროგრამა „ვრემიამ“ გადმოსცა, ქართველმა „ბოევიკებმა“ სროლა აუტეხეს ავტომანქანას, რომელშიც სამხედროები ისხდნენო, მაგრამ არაფერი უთქვამთ იმაზე, რომ 6 თებერვალს უკვე მეორედ ზნაურის რაიონის სოფელ ავნევს თავს დაესხა საბჭოთა არმიის ჯავშანტრანსპორტიორი, საიდანაც ესროლეს ორი ყუმბარა და ტყვიამფრქვევის ცეცხლი დაუშინეს სოფელს. არც იმას ამბობენ, რომ სამხედროების მიერ უკვე დაჭრილია მილიციის 4 თანამშრომელი.”

იმის ნათელსაყოფად, თუ  რა ხდებოდა ამავე პერიოდში ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, მოვიყვანთ შს სამინისტროს ცნობას ცხინვალსა და ჯავაში 22-23 იანვრის  (1991) მდგომარეობის შესახებ.

java

“ოსმა ექსტრემისტებმა, რომლებმაც დაარღვიეს  წინა დღეს დათქმული პირობა სროლის შეწყვეტისა და ცხინვალის ქუჩებში ბარიკადების აღების შესახებ, 22 იანვარს 15 საათზე და 30 წუთზე ქალაქის ყველა კუთხიდან ცეცხლი დაუშინეს საქართველოს მილიციის მუშაკებს. 16 საათზე ექსტრემისტების მიერ გასროლილი ტყვიით დაიჭრა თბილისის კრწანისის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების მუშაკი მილიციის სერჟანტი იური ფეიქრიშვილი.

19 საათისთვის ექსტრემისტებმა ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან დაიწყეს ნაღმსატყორცნებითა და ყუმბარმტყორცნებით სროლა. ნაღმი აფეთქდა ცხინვალის შესასვლელში განლაგებული სახელმწიფო ავტოინსპექციის საგუშაგოს შენობის გვერდით. ძლიერი აფეთქება მოხდა პუშკინის ქუჩაზეც. დაახლოებით 21 საათზე გასროლილმა ჭურვმა შეანგრია უნივერმაღის კედელი.

ღამის საათებში რკინიგზის ვაგზლის მხრიდან ისროდნენ რაკეტებს. ხოლო პედაგოგიურ ინსტიტუტთან მოწყობილი პიკეტიდან მთელი ღამის განმავლობაში ისროდნენ ყუმბარმტყორცნიდან.

ექსტრემისტების შემოტევაზე მილიციის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა 3 ექსტრემისტი, დაიჭრა რამდენიმე. საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა  და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის.

23 იანვარს მთელი ღამის განმავლობაში ბარიკადებიდან და ცალკეული შენობებიდან ექსტრემისტები ცეცხლს უშენდნენ მილიციის საგუშაგოებს.”