ტეგები

, ,


1991 წლის ზამთარში საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში მცხოვრები ოსები აქტიურად გამოხატავდნენ აღშფოთებას ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, გმობდნენ ოსი ექსტრემისტების ქმედებებს და გამოდიოდნენ ქართველებსა და ოსებს შორის შუღლის ჩამოგდების წინააღმდეგ. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” შემოგთავაზებთ კიდევ ერთ საინტერესო წერილს ჩვენი ოსი თანამემამულეებისა, როგორც ნიმუშს ქართველების და ოსების ერთობისა და ნათესაობისა.

თენგიზ და როსტომ სანაკოევის ღია წერილი სათაურით “ყველას ერთნაირად გვემუქრება.” (“ლიტერატურული საქართველო,” 1991)

“ჩვენი დედულეთი სამაჩაბლოა. ბავშვობა სოფელ ქურთაში გვაქვს გატარებული  და მთელი ის სოფლები, სადაც ახლა ოსი და ქართველი ხალხის მტრები დათარეშობენ, მშობლიური და ახლობელია ჩვენთვის.

ჩვენი პაპა ვანო მაჩაბელთან მეგობრობდა და ჩვენი ოჯახები ერთად აშენებდნენ ხილის ბაღებს. ხილის ბაღებში ვინმემ არ წარმოიდგინოს ჩვეულებრივი ვაშლითა და ატმით დახუნძლული ხეხილი. ეს იყო უნიკალური ნარგავები, რომლებიც ვანო მაჩაბელს საფრანგეთიდან ჩამოჰქონდა;

ქურთაში  30 – იან წლებში  2-3 ოსური ოჯახი სახლობდა, ასე თითებზე ჩამოსათვლელი იყვნენ ისინი ახლო-მახლო სოფლებში;

გვახსოვს: ჯავის მხრიდან ამხედრებული ფაფახიანი და ქამარ-ხანჯლიანი ოსები რომ ჩამოივლიდნენ, ბავშვები უკან მივდევით და ბავშვური სიანცით ვაბრაზებდით. ხალხიც ქუჩებში გამოეფინებოდა ხოლმე. ისინი კი თავმომწონედ ჩაიჯირითებდნენ და ამით მთავრდებოდა მათი  გამოჩენა, ახლა რომ ვფიქრობთ, ალბათ ადგილებს ათვალიერებდნენ დასასახლებლად.

მტრული განწყობა ადგილობრივ ქართველებსა და  ოსებს შორის არასდროს ყოფილა. გვახსოვს, საეკლესიო დღესასწაულზე გარშემო სოფლებიდან როგორ ამოდიოდნენ ოსებიცა და ქართველებიც ღვთისმშობლის ეკლესიაში. ერთი წესითა და რიგით ცხოვრობამ კი ბევრი შერეული ოჯახი გააჩინა და აბა, რომელიმეს  გეთქვა, სხვა ხარ და ნუ ქართველობო.

cxinvali

ცხინვალის ღვთისმშობლის ეკლესია

20 – იანი წლების ამბებმა ბიძაჩვენი დავით კაჟაშვილიც შეიწირა. იგი რამდენიმე კაცთან ერთად საბძელში შეამწყვდიეს ოსმა „ორჯონიკიძეებმა“ და საბძელს ცეცხლი წაუკიდეს.

ვინ არიან ის ავაზაკები, ვინც დღეს საქართველოს მიწა-წყალს ედავება? ძნელი დასაჯერებელია, რომ ისინი საქართველოში საუკუნეობით მცხოვრები ოსები არიან, რომელთა სამშობლო და სოფელიც საქართველოა. ისინი მე-11 არმიას შემოყოლილნი არიან, მათ საქართველოში ყველა სიკეთე მოიმკეს, მეცნიერული ხარისხებიც ქართველების დახმარებით „შეიძინეს“ და წლების განმავლობაში ასე დაუსჯელად, ისტორიის გაყალბებით ტვინს ურევდნენ ოს ახალგაზრდებს; რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის დუმილი და ჩვენი ისტორიკოსებისთვის უფლებების ჩამორთმევა – პასუხი გაეცათ ამგვარ მონაჩმახზე, კარგ ნიადაგს უმზადებდა იმ ბოროტებას, რის წინაშეც დღეს პირისპირ დავდექით.

იქნება, დღევანდელმა ხალხის ნების გამომხატველმა მთავრობამ, საქართველოს ყველა კეთილისმყოფელი ადამიანის დახმარებით, მოახერხოს ამ განუკითხაობის ალაგმვა და ყველა დამნაშავეს პასუხი აგებინოს ქართველი და ოსი ხალხის წინაშე. პასუხს ვითხოვთ იმ ოსი მეცნიერებისგან, ვინც აქვეყნებდა ყალბ რუქებს და წერდა სიცრუით სავსე ნაშრომებსა და წერილებს. მათ ისეთივე სასჯელი  დაიმსახურეს, როგორც იმ ოსმა ბანდიტებმა, ყუმბარებით ხელში რომ დარბიან სამაჩაბლოს მიწაზე.

ცენტრი საქართველოს თავის ნების გამოხატვას არ პატიობს და მის დასასჯელად არ ერიდება არავითარ საშუალებას,.იკრიბება ღრუბელი საქართველოს ცაზე და თუ ამ ცისქვეშეთში მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანი ერთნაირად არ აღიმაღლებს ხმას საქართველოსა და ქართველი ხალხის დასაცავად, ტყვიად წამოსული წვიმა ყველას ერთნაირად გვემუქრება.”