ტეგები

, , ,


1991 წლის 20 თებერვალს საზოგადოება “ცოდნის” დარბაზში პრესკონფერენცია გამართა “ეროვნულ – დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ გიორგი ჭანტურიამ. ამ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ ცნობები შემოგვინახა გაზეთმა, რომელსაც ერქვა “7 დღე,”  

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” 1991 წელს ვიხსენებთ. ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე და ეროვნული კონგრესის წარმომადგენელი გიორგი ჭანტურია 1991 წლის თებერვალში ოპოზიციის მიზნად ასახელებდა ხალხის თვალში უზენაესი საბჭოს კომპრომეტაციას.

.

gia“ბატონმა გიორგი ჭანტურიამ სამაჩაბლოს კრიზისიდან გამოსვლის ორი ვარიანტი წარმოადგინა. პირველი – სტატუს -კვოს აღდგენა ( როცა  ორივე მხარე თავის გადაწყვეტილებებს აუქმებს და კვლავ აღდგება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოქლი), ეს კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა გვიანი რომ არ იყოს, დღეს სტატუს -კვოს აღდგენა უკან დახევას ნიშნავსო.

მეორე – სამაჩაბლოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, უკიდურეს შემთხვევაში – დადგენილებიდან მე- 11  მუხლის ამოღება, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის რაიონებში სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მოქმედება კანონდებოდა. აფხაზეთთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ დროულად უნდა გაუქმდეს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს ყველა ის კანონი თუ დადგენილება, რომლის ძალითაც აფხაზეთის ასსრ კანონები პრიორიტეტით სარგებლობს საქართველოს კანონებთან შედარებით, ხელი უნდა ავიღოთ პრეფექტების დანიშვნაზე აფხაზეთში  ( თვით გალის რაიონშიც), აუცილებელია საერთო ენის გამონახვა იმ ახალ აფხაზურ დემოკრატიულ ძალებთან,  რომლებიც ანტიქართულად არიან განწყობილნი, მაგრამ არა კომუნისტური, არამედ აფხაზური პოზიციებიდან.

დღეს საქართველოში მიმდინარეობს ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური, მორალური და ფიზიკური განადგურების პროცესი, განაცხადა გიორგი ჭანტურიამ. მის მიერ მოწოდებლი ცნობით, საქართველოში უკვე დაპატიმრებულია 76 კაცი – ზოგი „საქართველოს მხედრიონის,“ ზოგი კი ეროვნულ – დემოკრატიული პარტიის წევრი. მოკლულია 3 „მხედრიონელი,“ მათ შორის ერთ-ერთი თელაველი მღვდელია. ზაზა ვეფხვაძე ორთაჭალის ციხეშია მოთავსებული, ჯაბა იოსელიანის ადგილსამყოფელი  უცნობია, არსებობს ვარაუდი, რომ ის მოსკოვშია გადაყვანილი.

23 თებერვალს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის წინ დანიშნული აქციის შესახებ ეროვნულ -დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ თქვა: საოკუპაციო ჯარის წინააღმდეგ მიმართულ ყველა აქციას მივესალმები, მაგრამ დღეს, როდესაც უზენაესი საბჭო ჩასაფრებულია,რათა სისხლი დაიღვაროს, მე ამ აქციის წინააღმდეგი ვარ. გამსახურდიასა და პატრიკეევს გამზადებული სცენარი არ უნდა შევთავაზოთ, აქცია რომ კინოს სახლთან გაიმართოს, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.

სიბეცე იქნება, ჩვენი ეკონომიკური კრიზისი დღევანდელ უზენაეს საბჭოს რომ დავაბრალოთ, ეს 70 წლიანი კომუნისტური რეჟიმის შედეგია, დასძინა გიორგი ჭანტურიამ ეკონომიკურ საკითხებზე საუბრისას. საქმე ის არის, რომ უზენაეს საბჭოს არ სურს კონტრაქტების დადება რესპუბლიკებთან, ფირმებთან, იგი დაადგა ეკონომიკური ხელშეკრულებების კურსს, რომელიც პოლიტიკურ ასპექტსაც გულისხმობს. ჩვენ მივდივართ  სამოკავშირეო ხელშეკრულებისკენ. ყველა უზენაესი საბჭო, მათ შორის საქართველოსიც, აქეთკენაა მოწოდებული. არმიის პროვოკაციულმა გამოხტომებმა ლიტვაში მთელი ლიტველი ხალხი, თვით რადიკალური შეურიგებელი ოპოზიციაც კი გააერთიანა უზეაესი საბჭოს გარშემო. კრემლი ხედავს, რომ მისი მარიონეტული ხელისუფლების აქციები საქართველოში ეცემა, თქვა ედპ-ს თავმჯდომარემ.

კითხვაზე, როგორი იქნება თქვენი პარტიის უახლოესი მომავლის სამოქმედო პრგრამა, ბატონმა ჭანტურიან უპასუხა: „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრემლთან, საოკუპაციო ჯართან და საქართველოს უზენაეს საბჭოსთან  ბრძოლა ერთიდაიგიევა. ჩვენი მიზანია უზენაესი საბჭოს კომპრომეტაცია ხალხის თვალში. უნდა დაინიშნოს ხელმეორე არჩევნები, რომელშიც ჩვენ – შეურიგებელი ოპოზიცია, ისევ არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ მხარს დავუჭერთ ყველა პატიოსან ეროვნულ ძალას.” (  ზვიად ქორიძე, გაზეთი “7 დღე,” 1991 წლის თებერვალი)