ტეგები

, , ,


zvio“მაწუხებს კრიმინალური ბანდები. მაწუხებს ის, რომ მაფიოზური დაჯგუფებები შეეკვრნენ ხელმოცარულ პოლიტიკოსებს და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროშით გვევლინებიან, ასულელებენ ხალხს. ჩვენ უნდა დავამთავროთ სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბება; ბოლო უნდა მოეღოს ქაოსს და ანარქიას, რაც საქართველოს ზოგიერთ რაიონში სუფევს. ხალხს ჭამა-სმა და ჩაცმა – დახურვა უნდა. ამას კი ახალი ეკონომიკა სჭირდება. ერთი სიტყვით, საზრუნავი და საწუხარი უამრავი გვაქვს. ერთადერთი, რაც არ გვყოფნის დროა. “1991 წლის თებერვალი.

 

ვითარება საქართველოში ძალიან რთული იყო. უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისა და კრიმინალის ალაგმვის  კამპანიის ფარგლებში “მხედრიონის” მეთაურისა და წევრების დაპატიმრების გამო, ეროვნულ კონგრესში წარმოდგენილი ლიდერები გამსახურდიას ხელისუფლებას ოპოზიციის დევნა – ტერორში ადანაშაულებდნენ და დაკავებულების განთავისუფლებას მოითხოვდნენ.  როგორი იყო ოპოზიციის ბრალდებებზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას პასუხები? ეროვნულ კონგრესში გაერთიანებულ პარტიებს ის ეროვნული მოძრაობის ღალატში სდებდა ბრლას: “კონგრესში გაერთიანებული პარტიები უკვე მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის გზას კი არ ადგანან, არამედ შეიარაღებული ტერორის გზას.”

გაეცანით  განცხადებებს, რომლებიც ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 23 თებერვალს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა, განცხადებებს “მხედრიონზე,” ეროვნულ კონგრესზე და  “მხედრიონის” დაკავებული მეთაურის ქომაგ ინტელიგენციაზე.

“დავამტკიცებთ, რომ ინტელიგენციის ამ გადაგვარებულ წარმომადგენლებს მართავს მოსკოვი.

“მოგეხსენებათ, რომ არც ერთ სახელმწიფოში არ არის დაშვებული ტერორიზმი, ტერორიზმს გმობს საერთაშორისო სამართალი.  ყველა სახელმწიფო, თვით ტოტალიტარული სახელმწიფოები, თვით საბჭოთა კავშირი. ტერორიზმის დაშვება ყოვლად გამორიცხულია ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში… მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში, ჩვენი გადაგვარებული ინტელიგენციის გარკვეულმა ნაწილმა საჭოჭმანო გახადა ეს ჭეშმარიტება და ამ ბანდებთან ალიანსით გამოდის. ამ ტერორისტების განთავისუფლებას მოითხოვს… აღმაშფოთებელი ამბავია და ჩვენ ამას ვამხელთ. ვამხელთ და დავამტკიცებთ, რომ ინტელიგენციის ამ გადაგვარებულ წარმომადგენლებს მართავს მოსკოვი, და იმათაც მალე გამოვააშკარავებთ, ვისი ინსპირირებითაც მოქმედებენ ეს ტერორისტული ბანდები ე.წ. „მხედრიონისა“ საქართველოში. დავამტკიცებთ იმასაც, რომ შავნაბადას ინციდენტი იყო დადგმა, რომ ეს იყო ინსცენირება საქართველოში ვითომდა შეიარაღებული აჯანყებისა.

რა სურს ცენტრს? მეგობრებო, ცენტრს სურს, რომ საქართველოში მოხდეს შეიარაღებული აჯანყება, რომ საქართველოში საბჭოთა არმიას პირდაპირ დაესხას თავს გარკვეული ძალები, მოხდეს მათ შორის შეჯახება და შემდეგ ცენტრმა შემოიყვანოს აქ დიდი ძალები და მთელ საქართველოში გამოცხადდეს კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა. ამაში შესანიშნავად უწყობს ხელს ე.წ. „მხედრიონის“ ბანდები. მოხდა ეს შავნაბადაზე და ეს იყო დასაწყისი. ჩვენ რომ არ დაგვეპატიმრებინა ამ ბანდის ხელმძღვანებელი, დღეს მთელ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გვქონოდა.”

შეკითხას – თუ არსებობს მონაცემები მოსახლეობის რა ნაწილი შეიძლება იდგეს “მხედრიონის” და ეროვნული კონგრესის უკან? ზვიად გამსახურდიამ უპასუხა:

“მათ მხარს უჭეს ძალზე  მცირე ნაწილი საქართველოს მოსახლეობისა, რომელიც ალბათ ერთ პროცენტსაც არ შეადგენს. ჩვენ ამას დავამტკიცებთ, დავუსაბუთებთ რეფერენდუმით. ჩვენ მოვაწყობთ გამოკითხვას თუ რამდენმა პროცენტმა მისცა ხმა ე.წ. ეროვნულ კონგრესს და დავამტკიცებთ, რომ ეს იყო ფალსიფიცირებული არჩევნები და გამოვავლენთ ყველას, ვინც ამ არჩევნებში ნამდვილად მიიღო მონაწილეობა. თქვენ დარწმუნდებით, რომ ეს საქართველოს მოსახლეობის მეასედ პროცენტსაც არ უდრის.”

ე.წ. კონგრესში გაერთიანებული პარტიები ჩვენი ეროვნული მოძრაობის მოღალატეები არიან”და აი, რატომ – თავდაპირველად, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მოძრაობა იმთავითვე იყო მშვიდობიანი, ყოველგვარი შეიარაღებისგან  თავისუფალი და თვით კონცეფცია ჩვენი მოძრაობისა იყო მშვიდობიანი პოლიტიკური  ბრძოლის კონცეფცია. ეს იყო ის, რასაც ინდოეთში ქადაგებდა მაჰათმა განდი, რასაც პოლონეთში ქადაგებდა ლეჰ ვალესნა და ამით იყო ჩვენი მოძრაობა ძლიერი. ამაში იყო ჩვენი მოძრაობის უდიდესი მორალური ძალა და ამ მორალურმა ძალამ გაიმარჯვა 9 აპრილის შემდეგ..”

“ეს დაინახა კრემლმა და ინტენსიურად დაიწყო ზრუნვა იმისათვის, რომ თავისი აგენტურის მეშვეობით ჩვენი მოძრაობის შიგნით შეექმნა შეიარაღებული ჯგუფები და მიაღწია კიდეც ამას. სწორედ ეს ადასტურებს, რომ კონგრესის უკან  დგას  კრემლის აგენტურა, ვინაიდან კონგრესი დღეს ემყარება შეიარღებულ ძალებს და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს. კონგრესში გაერთიანებული პარტიები უკვე მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის გზას კი არ ადგანან, არამედ შეიარაღებული ტერორის გზას. ვინაიდან პირდაპირ, განსაკუთრებით, ჭანტურიას პარტია, უკვე შეეზარდა „მხედრიონს,“მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის. ესენია შეიარაღებული ტერორისტული ბანდები, რომლებიც მთელ საქართველოში ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ. თავს ესხმიან მილიციას, მოქალაქეებს, პოლიტიკურ ოპონენტებს.

რატომ დაადგნენ კონგრესის პარტიები ამ გზას? იმიტომ, რომ მათ ხალხში მხარდაჭერა არა აქვთ და სურთ ტერორი, შეიარაღებული ძალადობით დანერგონ თავიანთი იდეები და აიძულონ ხალხი გახდეს მათი მიმდევარი, ეს არის მთავარი უბედურება, ამაში მდგომარეობს კონგრესის ღალატი ეროვნული მოძრაობისადმი.”

განმარტება იმის შესახებ, ვის არ შეიძლება ეწოდოს პოლიტპატიმარი

“კიდევ ვიმეორებ, რომ ქურდობა, ყაჩაღობა, იარაღის და მანქანის გატაცება – ეს პოლიტიკური დანაშაული არ არის. ისინი, მართალია, თავიანთ მოქმედებას პოლიტიკურ სარჩულს უდებენ, მაგრამ ეს არის ჩვეულებივი სისხლის სამართლის დანაშაულები. სხვათაშორის ჭანტურიას და სხვებს პოლიტპატიმრის შარავანდედით სურთ შემოსონ „მხედრიონის“ წვერები. თავიანთ პარტიებში აწვერიანებენ, რომ მათ ერქვათ პოლიტპატიმრები. ქურდობისა და ყაჩაღობისთვის დაჭერილ პიროვნებებს ეროვნულ -დემოკრატიული პარტიის წევრებად აცხადებენ. სხვათა შორის, მათი პარტიის წევრებიც მრავლად არიან დაჭერილი ყაჩაღობისთვის, ქურდობისთვის და ა.შ და იმის ილუზია, რომ მე ეროვნულ  – დემოკრატიული პარტიის წევრი ვარ და ნუ მიჭერ, ყაჩაღობის, ქურდობის და ადამიანის მოტაცების ნება მაქვსო,  მის ილუზია ნურავის ექნება. არც ისე ადვილია  დღეს  უკვე თვალახელილი მოსახლეობის მოტყუება.” ზ.გამსახურდია. 1991 წ. 23 თებერვალი. თბილისი.