ტეგები

,


1991 წლის თებერვლის ბოლოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გაავრცელა მიმართვა აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსადმი. “დამოუკიდებლობის გაკვთილებში” შეგვაქვს მიმართვის ტექსტი, რომელიც  ნათელს ფენს იმას, თუ რა დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი 1991 წლის დასაწყისში სოხუმსა და თბილისს შორის.

“როგორც შევიტყვეთ აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი აპირებს აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს სესიის განსახილველად შეიტანოს კანონპროექტები, რომლებიც უხეშად  ხელყოფენ საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და კონსტიტუციის უზენაესობას, უგულებელყოფენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, ეწინააღმდეგებიან სსრ კავშირის კონსტიტუციას, რომელიც აღიარებს აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკას საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში ( 83 -ე მუხლი) და მოკავშირე რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძველზე ავტონომიური რესპუბლიკის იურისდიქციას უქვემდებარებს მოკავშირე რესპუბლიკის უზენაეს იურისდიქციას.

დიდი ხნის მანძილზე აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოში ბატონობს დისპროპორცია  ქართველი  და აფხაზი მოსახლეობის წარმომადგენლობაში, რის გამოც პარლამენტში ვერ აისახება ავტონომიური რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის ჭეშმარიტი ნება, ეს შესაძლებლობას აძლევს დეპუტატთა ჯგუფს კანონებისა და დადგენილებების მისაღებად გამოიყენოს მექანიკური უმრავლესობა, ამასთან უგულებელყოს ნება ქართველი მოსახლეობისა, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენს.

ამას ნათლად მოწმობს ის ფაქტი, რომ კვორუმის უზრუნველყოფის ძალისმიერი, არადემოკრატიული მეთოდებით მიღებული იქნა ე.წ. დეკლარაცია აფხაზეთის სუვერენიტეტის შესახებ.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ხაზგსამით აღნიშნავს, რომ ამ სესიაზე გასატან საკითხებს კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვთ და შეიძლება მიღებულ იქნან მხოლოდ ხმათა ორი მესამედის კვალიფიციური უმრავლესობით ისევე, როგორც ყველა შესწორება აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციისა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გარანტირებულ იქნეს ავტონომიური რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის კანონიერი უფლებები.

მეორე მხრივ კვალიფიციური უმრავლესობით მიღებულ ამა თუ იმ აქტს, რომელივ სცილდება აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებს და ახდენს საქართველოს რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებული კომპეტენციის უზურპირებას, არ შეიძლება ჰქონდეს იურიდიული ძალა საქართველოს რესპუბლიკის  ( 72-ე, 79-ე, 82-ე, 104-ე მუხ.) და თვით აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის (66 -ე, 93-ე მუხ) თანახმად.

აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკისა და მთელი საქართველის რესპუბლიკის მოსახლეობის საარსებო მნიშვნელობის საკითხების კენჭისყრის მექანიზმის გამოყენებით, პოლიტიკური და სოციალური რეალობის გაუთვალისწინებლად გადაწყვეტის ნებისმიერმა ცდამ შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფული დესტაბილიზაცია, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ არაკანონიერი აქციის ინიციატორებს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი იმედოვნებს, რონ საღი აზრი გაიმარჯვებს და აფხაზეთის ასსრ თავის  ღირსეულ ადგილს იპოვის საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში ყველა იმ გარანტიებით,რომელიც არსებობს სამართლებრივ სახემიფოში.”