ტეგები

, ,


საკუთარ სამშობლოში დევნილობის მწარე ხვედრი პირველებმა ცხინვალის რეგიონის მკვიდრმა ქართველებმა გაიზიარეს.  1991 წლის ქართულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიებით შევეცდებით აღვადგინოთ მაშინდელი მძიმე სურათი. გაზეთ”ახალგაზრდა ივერიელის” 1991 წლის იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისის სტატიებით გაგახსენებთ, თუ როგორ იწყებოდა საქართველოში საკუთარ სამშობლოში დევნილობა. სტატიების ავტორებს მოყვანილი აქვთ დევნილების ციტატები. ისინი კი სისასტიკესა და დაუნდობლობაზე  შემზარავ ამბებს ყვებოდნენ. აქ წაიკითხავთ 1991 წლის ზამთრის საშინელებაზე, ცხინვალის რეგიონში რომ ტრიალებდა და იქაურებს საკუთარი სახლ-კარის მიტოვებას აიძულებდა.

ltolvilebi

“დღეისთვის სასტუმრო „აფხაზეთი“ სამაჩაბლოდან ლტოლვილთა თავშესაფრად იქცა. ოფიციალური მონაცემებით, მათი რიცხვი 1500 – ზე მეტია. ისინი – ქალები, ბავშვები, მოხუცები, მამაკაცებიც – დაბნეულობით, შიშით, მოლოდონით დაღდასმულები, ახლა ერთ დიდ, სკასავით მოზუზუნე ოჯახში ცხოვრობენ. ჯგუფ – ჯგუფად შეკრებილები ელიან სამაჩაბლოდან ჩამოტანილ ახალ ამბებს იქ დარჩენილი  ოჯახის წევრებისა თუ ნათესავების ბედზე.

“ნეტა თუ ჩვენები ცოცხლები არიან?”- ძნელად გასაცნობიერებელ ამ ფრაზას უკვე მიეჩვია ლტოლვილთა სმენა. მეხვეწებიან, მათი სახელები და გვარები არ მოვიხსენიო, რადგან შეიძლება იქ დარჩენილ ნათესავებს ეს „სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.“

  • – ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ. სროლისას ზუზუნი რომ  გაჰქონდა სახლზე ტყვიებს, ერთ პატარა ოთახში შევიყუჟებოდით ხოლმე. იქიდან წამოსვლას და  ოჯახის დატოვებას არ ვაპირებდი, მაგრამ დარჩენა შეუძლებელი გახდა. ღამე რამდენჯერმე დაგვიბრახუნეს კარებზე – აქედან თუ ახლავე არ აბარგებულხართო,და ისეთი სიბინძურე უთხრეს მეუღლეს, გამეორებაც მიჭირს. გოგონების პატრონი ვარ, რა მექნა…ჩავყარეთ პატარა ჩანთაში ზოგი რამ და მეზობელ ოსს გამოცილება ვთხოვეთ. გარეთ გამოსულებს  მეზობელი ქალები ქვებით გამოგვეკიდნენ, სხვებმა გააჩერეს, ამათი გულისთვის ციხეში წასვლა არ ღირსო. ძლივს გამოვაღწიეთ.  ჩვენს კორპუსში მხოლოდ ერთი ქართული ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ აივანზე გამოსულები ერთმანეთთან გამოლაპარაკებასაც კი ვუფრთხოდით. ახლა კი არა, კარგა ხანია ასეა.  ჰოდა, გამოვედით – მეთქი იმავე საღამოს, თავი დედაჩემთან შევაფარეთ. დილაუთენია ისევ შევიარეთ ბინაში, ერთიანად გაძარცვული და გაპარტახებული დაგვხვდა.
  • – ბოლო წლებში მეტისმეტად შეგვიძულეს: ჩვენს ბავშვებს უფლებას არ აძლევდნენ იმათთან ერთად ეთამაშათ ეზოში. ცალკეული კარგი ოსი მეზობელი რას გვიშველს? ერთი მათგანი რამდენიმე ხანი მეთვალყურებოდა დედაჩემის ბინას, მაგრამ კედელზე მიაყუდეს, მოღალატე ეძახეს და მაინც თავისი გააკეთეს. გორბაჩოვის ბრძანება რომ გამოაცხადეს სულ „ურას“ იძახდნენ კორპუსებიდან. შობა დღეს ეკლესიის სამრეკლოზე სროლა ატეხეს. აქ უნდა ჩაგხოცოთო.
  • – ყველაფერს გვინდგურებენ. სახლებში შემოდიან, თეთრეულსაც კი ნაკუწ – ნაკუწ ჭრიან. გოგი მუსხელიშვილის სახლში შეიჭრნენ, ხელები და ფეხები გადაუმტვრიეს. ავადმყოფი მწოლიარე დედა გადმოუგდეს  მეორე სართულის ფანჯრიდან. რაღას გადარჩებოდა? და ამას მეზობლები აკეთებდნენ.
  • – 5 წლის ბავშვი არ დაინდეს, არ დაინდეს 50 წლის ექიმი ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება მათ ემსახურებოდა. შ-მ თავი ჩამოიხრჩო – ამბობენ, თვალწინ გაუუპატიურეს ცოლ – შვილიო. ახლახან აქ იყო, მათ ჩამოყვანს აპირებდა, ახლა შემოთვალეს დამმარხავიც არავინ ჰყავს, ვინ ხართ პატრონიო.
  • – დიდი ხანია ვიჩაგრებით, ჩვენი უმაღლესდამთავრებულები წლების მანძილზე სამსახურს ვერ შოულობდნენ, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მხოლოდ ოსები ინიშნებოდნენ. მათ ველოლიავებოდით, სამსახური რომ არ დაეკარგათ.

სასტუმროს შესასვლელთან მამკაცები შეკრებილან,- იარაღი ჩვენ არა გვქონდა, საკუთარ ოჯახში ავტომატებით მომხდურს  კი შიშველი ხელებით როგორ გავუმკლავდებოდით?  იქ ჩვენს ყოფნას აზრი არ ჰქონდა, კარგი იქნება, თუ უფრო ორგანიზებულად იმოქმედებს ჩვენი მილიცაიო. – ამბობენ.  ” ( “ახალგაზრდა ივერიელი.” 1991 წლის იანვარი)

———————————————————–

ltolvilebi 2“სამაჩაბლოში ისევ ისვრიან ქართველები მამულის შენარჩუნებისთვის, სხვები კი – მიტაცებისთვის. ოსებისგან შევიწროვებული ქართველები იძულებით ტოვებენ  მამა – პაპისეულ კარ-მიდამოს. ლტოლვილებით ივსება დედაქალაქი. ამდენად, სრულიად საქართველოს ივანე მაჩაბლის საზოგადოებაში ხალხმრავლობა არ ილევა.

წუხელ 19 ლტოლვილი მოგვადგა, –  მითხრა საზოგადოების თავმჯდომარემ დიანა მაჩაბელმა,- აქედან 11 ბავშვი იყო, სულ პატარა 3 წლისა, სულ დიდი კი თერთმეტისა. შვიდი კილომეტრი ამ თოვლსა და ქარში ფეხით უვლიათ, მთლად გათოშილებმა საშველად მოგვაკითხეს. სასწრაფოდ აღმოვუჩინეთ დახმარება. დასაბინავებლად რომ ვისტუმრებდით, ერთი პატარა მალიმალ კითხულობდა – დედა, საცა დავიძინებთ, სროლა მართლა აღარ იქნებაო?

  • – ჩვენმა შვილებმა ომის საკუთარი თვალებით ნახეს, ომის საშინელებამ, სროლამ, აფეთქებამ, ხანძარმა, მკვლელობამ მათ თვალწინ ჩაიარა. მთელი ღამე ბორგავენ. –  მიყვება ხანშიშესული ქალი.
  • – ჩვენ ნათესავის ბინაში ვცხოვრობთ. ახლა ტალონებისთვის მოვედი აქ. 10 თვის ბავშვისთვის  შაქარი არა მაქვს, რომ საჭმელი გავუმზადო.
  • – მე 3 შვილით ჩამოვედი, ძლივს გამოვაღწიე ცხინვალიდან.

ივანე მაჩაბლის საზოგადოებაში ამჟამად 6000 ზე მეტი ლტოლვილია რეგისტრირებული. ყოველდღე მატულობს მათი რიცხვი. წყალტუბოს, ბორჯომის, კოჯრის, წყნეთის დასასვენებელ სახლებშიც მრავლად არიან. საიმედო და სანუგეშო  თვით ლტოლვილთა სურვილია – სამუდამოდ არავის მიგვიტოვებია სამაჩაბლო. სიმართლე როგორც კი იზეიმებს, როგორც კი ჩვენსას დავიმკვიდრებთ, ყველანი ჩვენს კერებს დავუბრუნდებით, დავუბრუნდებით თუკი მოდავე, მოსარჩლე და მტერი აღარ გვეყოლებაო.” ( “ახალგაზრდა ივერიელი”, 1991 წლის თებერვალი)