ტეგები

, ,


“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” საქართველოს 1991 წლის თებერვალს ვიხსენებთ. ჩვენმა მკითხველმა უკვე  იცის, თუ რა ინფორმაცია მიეწოდებოდა საქართველოს მოსახლეობას “მხედრიონის”  ბაზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რასაც მალევე მოჰყვა ჯაბა იოსელიანის და “მხედრიონის” სხვა თავკაცების დაკავება.  ახლა ინციდენტის დღეს ვიხსნებთ, როცა თბილისში ორი მიტინგი გაიმართა, ერთი ოპერისა და ბალეტის თეატრთან, მეორე კი უზენაესი საბჭოს შენობის წინ. ერთ მიტინგზე შავნაბადაზე მომხდარის გამო უზენაესი საბჭო და საბჭოთა სამხედროები დაადანაშაულეს, მეორე მიტინგზე კი “მხედრიონი”და  კრემლი. საინტერესო იყო, როგორ  გააშუქა ეს მიტინგები ერთის მხრივ  ეროვნულ – დემოკრატიული პარტიის გაზეთმა, მეორე მხრივ კი გაზეთმა “საქართველოს რესპუბლიკამ.” აღნიშნული გამოცემები ცალმხრივად გვანახებდნენ რეალობას, ერთი “ეროვნული კონგრესის,”მეორე  – უზენაესი საბჭოს მხრიდან, ამ უკანასკნლეთა შორის დაპირისპირება კი უფრო და უფრო მწვავდებოდა. მეტ – ნაკლებად სრული სურათის აღსადგენად  1991 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ცნობებს გთავაზობთ. ეს ცნობები ერთმანეთის პარალელურად მოწყობილ მიტინგებს აღწერს. 

“ქართული ქრონიკა” ( ეროვნულ – დემოკრატიული პარტიის გამოცემა) 

“1991 წლის 18 თებერვალს 16 საათზე ოპერის თეატრთან ჩატარდა საპროტესტო მიტინგი, რომელიც ორგანიზებული იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მიერ. აქციაში მონაწილეობა მიიღო ეროვნულ კონგრესში შემავალი ორგანიზაციების და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

მიტინგი მიყავდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრს ჯუმბერ კოპალიანს. სიტყვა წარმოთქვეს: ვ.ვაშაკიძემ, ჯ.იოსელიანმა, გ.ჭანტურიამ, ვ.გოგუაძემ, რ.მიქაბერიძემ და სხვებმა.

მიტინგის მონაწილეებმა ერთსულოვნად დაგმეს „მხედრიონის“ ბაზაზე სამხედროების მხეცური თავდასხმა, როგორც გამსახურდიასა და სამხედროების ერთობლივი ოპერაცია. ასევე გაიკიცხა უზენაესი საბჭო, რომელიც ოფიციალური ტერორის პოლიტიკას ეწევა, ებრძვის დემოკრატიას საქართველოში და კრემლის აშკარა დასაყრდენს წარმოადგენს.

მიტინგზე თავი იჩინეს უზენაესი საბჭოს მიერ გამოგზავნილმა პროვოკატორებმა. ერთ-ერთმა მათგანმა სროლაც კი ატეხა, რის შემდეგაც იგი დააკავეს და განაიარაღეს მომიტინგეებმა. პროვოკატორი აღმოჩნდა გორდა სანიკიძე, პოკურატურის თანამშრომელი, მწერალ ლევან სანიკიძის შვილი, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატის ძმა, „მრგვალი მაგიდის“ წევრი.

მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ გვარდიაში მათი ჩარიცხვა მიზნად ისახავდა ქართველი ერის ინტერესების დაცვასა და არა გამსახურდიას დიქტატურის განმტკიცებასა და ძმათამკვლელი ომის პროვოცირებისთვის ხელშეწყობას.

ორატორებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ უზენაესი საბჭოს მიზანია საქართველოში სამოქალაქო ომის პროვოცირება, იმპერიის დამსჯელი რაზმების შემოყვანა და ამ გზით ჭეშმარიტი ოპოზიციის – ეროვნული კონგრესის განადგურება.

„მრგვალმა მაგიდამ“ მთავრობის სახლთან ჩაატარა ალტერნატიული მიტინგი. მიტინგზე მივიდნენ საშუალო სკოლის მოსწავლეები ტრასფარანტებით – „ ჩვენ თქვენთან ვართ, ძია ზვიად!“ და სხვა.

თავის გამოსვლებში ზ. გამსახურდიამ და თ. ქორიძემ “ეროვნული კონგრესის“ წევრებს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე  ქართველი ერის მოღალატეები უწოდეს. „ეროვნული კონგრესის წევრი,“ ოპერატორი გიორგი ხაინდრავა ცდილობდა ფირზე აღებეჭდა მიტინგი, მაგრამ აქციის ორგანიზატორებმა მას ამის უფლება არ მისცეს.

გამსახურდიას ბრძანების თანახმად, საქართველოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უარს ამბობენ მიიღონ და გამოაქვეყნონ  ეროვნული კონგრესის მასალები.”

 

“საქართველოს რესპუბლიკა”  –  “საქინფორმის” ცნობა 

mit“18 თებერვალს თბილისში მთავრობის სახლთან გაიმართა მრავალათასიანი მიტინგი, იქ გამოსულმა ორატორებმა – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ, უზენაესი საბჭოს წევრებმა თეიმურაზ ქორიძემ და მანანა ძოძუაშვილმა, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი ხოშტარიამ და სხვებმა აღნიშნეს, რომ კვლავ გრძელდება განსაცდელის ჟამი ჩვენი ხალხისათვის. საქართველოში არ არის ინტერფრონტი, ძლიერი კომპარტია, ამიტომ კრემლი დასაყრდენს ეძებს სხვა ძალებში, რომლებიც მოქმედებენ ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის დროშით.

უკანასკნელ დღეებში, ითქვა მიტინგზე, მთელ რიგ რაიონებში – ყვარლის, გურჯაანის, კასპის და სამტრედიის რაიოენბში მოხდა პრეფექტებზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე თავდასხმები. ამით, განაცხადეს ორატორებმა, კიდევ უფრო ამწვავებენ მდგომარეობას, ამზადებენ ნიადაგს რესპუბლიკაში ახალი სამხედრო ინტერვენციისთვის.

დიახ, ჩვენც ვგმობთ სამხედროების მიერ ძალის გამოყენებას რესპუბლიკის მოქალაქეთა წინააღმდეგ, მაგრამ, ამავე დროს, არ შეიძლება თვალი ავარიდოთ პროვოცირებულ კონფლიქტებსაც. ორატირების აზრით ასეთი შეტაკებები კრემლის და მხედრიონის მიერ არის ინსცენირებული და ამას შესაძლოა საქართველოში ბალტიისპირეთის ამბების გამეორება მოჰყვეს, საფრთხე შეექმნას ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, რესპუბლიკის მთავრობას.

ჩვენ სხვებზე ნაკლებად როდი ვართ დაინტერესებულები, რომ საქართველოდან გაიყვანონ საბჭოთა არმიის ნაწილები, აღინიშნა მიტინგზე, მაგრამ ვიყოთ რეალისტები, ამისთვის საჭირო იქნება კიდევ გარკვეული დრო. ამავე დროს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბთან 23 თებერვლისთვის დანიშნული აქციის განხორციელება ხელს აძლევთ ჩვენს მოშურნეებს, მას შეიძლება ძალზე არასასურველი შედეგები მოჰყევს.

იმავე დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის შენობასთან გაიმართა მიტინგი, რომლის მონაწილეებმა, როგორც ისინი ამტკიცებდნენ, დაგმეს სამხედროთა თავდასხმა შავნაბადაში „მხედრიონის“ წამომადგენლებზე. გამოითქვა მოთხოვნა, რომ გამოძიონ და გამოაქვეყნონ მისი შედეგები.”