ტეგები

, ,


ვიდრე საქართველოს მოსახლეობა რეფერენდუმზე მხარს დაუჭერდა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას, რეფერენდუმი ლიტვაში ჩატარდა. 1991 წლის თებერვლის ქართული პრესა მკითხველს ლიტველების ერთსულოვანი არჩევანის შესახებ ატყობინებდა.

 

LITVA

 

“ამ დღეებში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ლიტვაში. პირველად მოწყობილმა მოსახლეობის გამოკითხვამ გამოავლინა რესპუბლიკის პარლამენტის კურსის პრაქტიკულად ერთსულოვანი მხარდაჭერა. რესპუბლიკის მცხოვრებთა 90 პროცენტზე მეტი დაეთანხმა ლიტვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას.

როგორ მიმდინარეობდა გამოკითხვა? მისი მოწმე გახდა საქინფორმის კორესპონდენტი, რომელმაც ვილნიუსიდან გადმოგვცა შემდეგი ინფორმაცია:

გამოკითხვის უბნები გაიხსნა დილის 7 საათზე. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში  მდებარეობს ნომერ პირველი უბანი. დამახასიათებელი ნიშან -თვისება: მრავალი მეთვალყურე სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, რომლებიც მკაცრად ადევნებენ თვალს გამოკითხვის მიმდინარეობას. ეს ადამიანები გარეგნულადაც კი გამოირჩევიან დანარჩენებისგან – მათ მწვანე  სამკლავურები უკეთიათ. საქმიან და სერიოზულ განწყობილებას სულაც არ უშლის ხელს სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელიც შეიქმნა ყველასათვის, ვინც აქ მოდის. მაგიდებზე ყვავილებია, კედლებზე – ლიტვის ეროვნული დროშები.”

ლიტველების მსგავსად ანალოგიურ სარეფერენდუმო შეკითხვაზე ლატვიელებს 1991 წლის 3 მარტს უნდა ეპასუხათ. მანამდე ლატვიას ამერიკელი კონგრესმენები სტუმრობდნენ, რასთან დაკავშირებითაც პრესა წერდა:

“ახდენილი სიზმარი უწოდეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ჰელსინკის კომიტეტის დელეგაციის წევრებმა ლატვიაში თავიანთ ჩასვლას. დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონგრესმენმა სტენი ჰოიერმა ლატვიის სახალხო დეპუტატებს მიმართა რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ტრიბუნიდან და თქვა: ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლებმა ბალტიისპირეთში თავიანთი უპრეცედენტო ვიზიტით მთელ მსოფლიოს განუცხადეს, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ ბალტიის რესპუბლიკების ხალხების.

უზენაესი საბჭის თავმჯდომარემ ანატოლი გორბუნოვმა სტუმრებთან საუბრისას თქვა, რომ მიმდინარე წლის 3 მარტს რესპუბლიკაში მოეწყობა გამოკითხვა ლატვიის მომავლის შესახებ. მან თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ  შტატებს სსრ კავშირთან მოლაპარაკებებში შეეძლო უფრო მკაფიოდ დაესვა ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი და წამოაყენა წინადადება მოეწყოს კონფერენცია ბალტიის საკითხზე. მასში შეიძლებოდა მონაწილეობა მიეღოთ ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, საბჭოთა კავშირისა და ბალტიისპირა რესპუბლიკების წარმომადგენლებს. ეს ნაბიჯი გამართლებული იქნებოდა, რადგან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის ყოფნა მეორე მსოფლიო ომის შედეგია. ამას გარდა გორბუნოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შეეძლო ოფიციალურად ეცნო ლატვიის რესპუბლიკის კანონიერად არჩეული უზენაესი საბჭო და მთავრობა.”