ტეგები

, ,


1991 წლის თებერვალში გორის რაიონში მაცხოვრებელი ოსების ერთი ჯგუფი აღუშფოთებია პროგრამა “ვრემიას” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ. ამ ჯგუფს ( ეკატერინე ბოსიკოვას ხელმძღვანელობით) მოსკოვში ჩასვლა და ცენტრალური ტელევიზიის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვა გადაუწყვეტია. გორელ ოსებს საჯარო მიმართვაც დაუწერიათ გაეროს მაშინდელი გენერალური მდივნის, საბჭოთა კავშირის  პრეზიდენტის და  საქართველოს უზენაესის საბჭოს თავმჯდომარის სახელზე. მათ მიუმართავთ პროგრამა “ვრემიას” ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისთვისაც.

cxმიმართვის ავტორები პროტესტს აცხადებდნენ “ვრემიაში” გასული “ცრუ ინფორმაციის “გამო, მოითხოვდნენ სპეციალური კომისიის  შექმნას ყოფილ ავტონომიურ ოლქში შექმნილი ვითარების შესასწავლად და ობიექტურად შესაფასებლად. მოხოვნებს შორის ასევე ყოფილა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან საბჭოთა საჯარისო ნაწილის გასვლა და კიდევ ასეთი რამ: “იმ ოსებმა, რომელთაც არ სურთ საქართველოს, ქართველი ხალხის დამოუკიდებლობა, იზიარებენ იმპერიის დამპყრობლურ, უმართებულო ქმედებებს, დროა დატოვონ საქართველოს მიწა-წყალი.”

მიმართვაზე ხელისმომწერნი თავს “საქართველოს ერთგულ ოსი ეროვნების ინტელიგენციად” წარმოადგენდნენ. ისინი მხარდაჭერას უცხადებდნენ უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ და ცხინვალის რეგიონში ვითარების უკიდურესად დაძაბვაში გორბაჩოვს ადანაშაულებდნენ.

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გაეცანით გორელი ოსების ერთი ჯგუფის  საჯარო მიმართვის სრულ ტექსტს. ეს საინტერესოა.

os

 

 

“18 თებერვალს საინფორმაციო პროგრამა „ვრემიაში,“ როგორც ყოველთვის, ვიხილეთ, ცილისმწამებლური გადაცემა საქართველოს შესახებ. საკავშირო პრესა, რადიო და ტელევიზია, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის მანძილზე, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში, კერძოდ, სამაჩაბლოში ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთში“ შექმნილი დაძაბული ექსტრემალური სიტუაციის ირგვლივ, მაგრამ პროგრამა „ვრემიაში“ პროვოკატორი რუსი გენერლის ცრუ ინფორმაციამ  აღგვაშფოთა ყველასთან ერთად და განსაკუთრებით გორში და გორის რაიონში მცხოვრები კეთილი ნების ოსი ეროვნების ინტელიგენციის წარმომადგენლები.

ველიკორუსული იმპერიის ჯალათური სულის მსახურები, კვლავინდებურად სიბოროტით აღსავსენი შხამსა და გესლს ანთხევენ ქართველი ერის მიმართ, იმ მრავალტანჯული ერის მიმართ, რომელიც თავისუფლებისკენ  მიმავალ ღვთიურ გზას შესდგომია. უფრო მეტად აღმაშფოთებელია, როცა პრეზიდენტი გორბაჩოვი უკანონო, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებით ქართველი ხალხის წინააღმდეგ ამხედრებს ოს ექსტრემისტებს.

გორი და მეზობელი რაიონები აივსო ცხინვალიდან ლტოლვილი ქართველებით. ოსი ექსტრემისტები ცეცხლს  უკიდებენ ქართველთა სახლებს, თუმცა არც კეთილი ნების ოსებს ინდობენ და მათაც ვერაგულად უსწორდებიან.

„ვრემიაში“ ნაჩვენები სიუჟეტითა და ცრუ ინფორნაციით, თურმე ქართველები ხოცავენ ოსებს, წვავენ მათ სახლებს პირიქით კი ხდება.

საქართველოში მცხოვრებმა ყველა საღად მოაზროვნე ოსმა იცის, რომ ოს ექსტრემისტებს საბჭოთა არმია ამარაგებს იარაღით და იმის ნაცვლად რომ კბილებამდე შეიარაღებული ოსი ექსტრემისტები გავაცნოთ მსოფლიოს, ქართველ ხალხს ვაცნობთ ცუდად.

დიახ, ბუნებით ქართველი დიდსულოვანი და მიმტევებელია, ყევლა ჩაგრულის, დევნილისა და უმიწაწყლოს შემფარებელია, ოსი ეროვნების ადამიანები არასდროს იჩაგრებოდნენ საქართველოში, არც არასდროს გვქონია  რაიმე გასაყოფი, საზიარო და შესაცილებელი.

თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე საქართველოში მხოლოდ ერთხელ ჩატარდა ჭეშმარიტებისა და დემოკრატიის საფუძვლებეზე დამყარებული უზენაესი საბჭოს არჩევნები. ამ არჩევნებეში ყველა კეთილი ნების ოსმა მიიღო მონაწილეობა, თოთოეულ მათგანს დროულად და მართებულად მიაჩნია სუვერენული რესპუბლიკის კონსტიტუციური უფლებამოსილებით „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ გაუქმება. მიუხედავად ამისა პროგრამა „ვრემიაში“ ძირითადად ქართულ მიწა-წყალს – სამაჩაბლოს – ისევ „იუჟნაია ოსეტიად“ იხსენიებენ, რაც გამაღიზიანებლად მოქმედებს როგორც ქართველებზე ,ასევე ჩვენზეც. ამიტომ მოვითხოვთ საკავშირო პრესამ, რადიომ და ტელევიზიამ შეწყვიტოს ასეთი გამაღიზიანებელი გამოსვლები, ხოლო რაც შეეხება „სამხრეთ ოსეთს,“  საქართველოში ოსეთი არ არსებობს, აქ მხოლოდ ოსური დასახლებებია. საქართველო საქართველოა და ვუწოდოთ მას დღევანდელი საჯაროობის, გარდაქნისა და დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე – საქართველოს რესპუბლიკა და არა ოლქებად დანაწევრებული „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.“

კმარა, თითოეული ჩვენთაგანის მოთმინების ფიალა აივსო. დაე, იცოდეს მსოფლიოს საზოგადოებამ, ყველა მშვიდობისმოყვარე ადამიანმა, რომ  პრეზიდენტი გორბაჩოვი „საერთაშორისო მშვიდობის განმტკიცების ლიდერი“ არის ჩვენი უბედურების, ჩვენი ცხოვრების გაუკუღმართების მოთავე,

დროა ყველა მოქმედებას დაერქვას თავისი სახლი, იცოდეს მსოფლიომ ვინ  არის დამნაშავე. დამნაშავეა ყველა, ვინც საუკუნეებით ნაჭედი ქართველი და ოსი ერის ძმობა, ერთობა, მეგობრობა, ნათესაობა დაარღვია. თითოეულ მათგანს ღმერთი დასჯის.

ჩვენ, ოსი ინტელიგენციის წარმომადგენლები, პროტესტს ვუცხადებთ პროგრამა „ ვრემიას“ ცრუ სიუჟეტებისა და ინფორმაციის გამო და მოვითხოვთ:

კომპეტენტური კომისიის შექმნას რომელშიც გაერთიანდებიან საერთაშორისო მასშტაბით – ჟურნალისტები, იურისტები, ჩვენი კავშირის კომპეტემნტური, სამართლიანი განწყობილების შემქმნელი ინტელიგენციის წარმომადგენლები.

კომისიამ ადგილზე ჩამოსვლით უნდა შეისწავლოს სამაჩაბლოში შექმნილი დაძაბული სიტუაციის მიზეზები და აუწყოს მსოფლიოს საქმის ძირითადი არსი.

მოვითხოვთ სამაჩაბლოდან ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან საბჭოთა არმიის გასვლას.

იმ ოსებმა, რომელთაც არ სურთ საქართველოს, ქართველი ხალხის დამოუკიდებლობა, იზიარებენ იმპერიის დამპყრობლურ, უმართებულო ქმედებებს, დროა დატოვონ საქართველოს მიწა-წყალი. ჩვენ საქართველოს შვილები ვართ. ქართულმა მიწამ გვშვა და ამ მიწისთვის დავიხოცებით. 

საქართველოს, ქართველი ხალხის ერთგული ოსი ეროვნების ინტელიგენციის წარმომადგენლები.”