ტეგები

, ,


1991 წლის დასაწყისში გაზეთმა “თავისუფალმა საქართველომ” ( “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” გამოცემა)  გამოაქვეყნა ინტერვიუ უზენაესი საბჭოს თავმჯომარესთან ზვიად გამსახურდიასთან. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” შეგვაქვს ორი საინტერესო ამონარიდი ამ ვრცელი ინტერვიუდან, რომელიც მარიკა აბაიშვილმა ჩაწერა. პირველი ეხება მაფიოზური დაჯგუფებებისა თუ კლანების  უსერიოზულეს პრობლემასთან ზ. გამსახურდიას დამოკიდებულებას, ამ პრობლემასთან ბრძოლის მისეულ ხედვას, მეორე კი საოკუპაციო ძალებთან მიმართების პოლიტიკას. 

 zvi„ზ. გამსახურდია:  მაფიოზური დაჯგუფებების ესოდენ დიდი სიმრავლე, პირველ რიგში, კომუნისტური, ტოტალიტარული წყობილების მანკიერებაა, ვინაიდან მან მოუსპო ადამიანს საშუალება კანონიერი და სამართლიანი გზით შემოსავლის ქონისა, კარგი ცხოვრებისა და წარმატების მიღწევისა მოღვაწეობის ამა თუ იმ სფეროში, ამიტომ მიჰყვეს ხელი უკანონო და დანაშაულებრივ გზას, რითაც გამრავლდნენ მაფიები. ეს არის ფაქტობრივად დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც უპირისპირდებიან სიმართლეს, სიკეთეს, ჭეშმარიტებას, კანონიერებას. მათ წინააღმდეგ ბრძოლა დამსჯელი ორგანოების მეშვეობით, რასაკვირველია, უსარგებლოა; ისევ და ისევ საჭიროა იმ სისტემის დანგრევა, რამაც ეს ყოველივე წარმოშვა. ამ სისტემის ლიბერალიზაცია არის საჭირო, მისი მისადაგება ადამიანის ნორმალური მოთხოვნილებისადმი, შემოსავლის გაზრდა, რათა ადამიანმა შემოსავლის ძიებაში არ დაარღვიოს კანონიერება.

ჩვენი სახელმწიფო წყობილების გაჯანსაღება, ეკონომიკური ღონისძიებები გამოიწვევს შემდგომ ამ მაფიების დაშლას, ისინი შეწყვეტენ არსებობას. სანამ კომუნისტური სისტემის რეციდივები გვექნება, მაფია ყოველთვის იარსებებს.

მ. აბაიშვილი: მაგრამ მაფია კულტურასა და მეცნიერებაშიც არსებობს. ეს ის დაჯგუფებებია, რომლებსაც ამა თუ იმ სფეროში ყველა სადავე ხელში აქვთ ჩაგდებული. ვინც ამ ორბიტაზე მოხვდება, მისი ნაწარმოები აუცილებლად შესრულდება, მის ფილმებს უეჭველად ჩართავენ რეტროსპექტივაში, მისი ნაშრომი დაუბრკოლებლად გაიგზავნება საზღვარგარეთ პრესტიჟულ სამეცნიერო ფორუმებზე, საბოლოოდ კი ზარალდება მეცნიერება და კულტურა.

ზ. გამსახურდია: პატარა სამეფოები, პატარა იმპერიები კულტურასა და მეცნიერებაში უნდა მოისპოს. აქ პატარა ლიდერები – მეფეები და თავადები – არიან, რომლებიც თავის კლანს იკრებენ გარშემო. ეს კლანი შემდეგ იბრძვის თავისი ინტერესებისთვის. თავისი მოგებისთვის და ყველანაირი პირადი კეთილდღეობისთვის. როდესაც უფრო დემოკრატიული გახდება მმართველობა ამ სფეროებში, ეს გამოიწვევს ამ მაფიების არსებობის შეწყვეტას.

საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ ზარმაცთა, მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია.”

გაზეთ “თავისუფალ საქართველოში” გამოქვეყნებულ  ინტერვიუში უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე საოკუპაციო ჯართან  საქართველოს ახლადარჩეული ხელისუფლების ფრთხილ, მაგრამ პრინციპულ დამოკიდებულებაზეც საუბრობდა. 

ზ. გამსახურდია: „ არ არის საჭირო ავანტიურისტული მოქმედება, რისკენაც ზოგიერთები მოგვიწოდებენ: ომის გამოცხადება, პირდაპირი შეიარაღებული შეტაკება და სხვა მიგვაჩნია ავანტიურად, ამიტომ ასეთ ნაბიჯებს ნამდვილად არ გადავდგამთ და არ გავამწვავებთ ურთიერთობას, განსაკუთრებით საოკუპაციო ჯართან. თუმცაღა პროვოკატორები წამდაუწამ მოგვიწოდებენ მათთან კონფლიქტისა და ურთიერთობის გამწვავებისკენ. ეს არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად.

ჩვენი აზრით საოკუპაციო ჯარებთან ჩვენი ურთიერობა უნდა განსაზღვროს საერთაშორისო სამართალმა, მათ უნდა ველაპარაკოთ საერთაშორისო სამართლის ენაზე. ყოველგვარი ფიზიკური წინააღმდეგობა, ჯიბრი, შეტაკება და სხვა მიგვაჩნია ავანტიურად და არასწორ მოქმედებად. ამ გაგებით გარკვეულ სიფრთხილეს ვიჩენთ, მაგრამ ამავე დროს არ ვღალატობთ ჩვენს მთავარ პრინციპებს და პოზიციის ურყევობას ვამჟღავნებთ.”