ტეგები

, , ,


“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” 1991 წლის იანვარია. მაშინ კი ცხინვალში, ვითარების უკიდურესად დაძაბვაში თავისი როლი შეასრულა გორბაჩოვის ბრძანებულებამ, რომელიც ჩვენს მკითხველს უკვე გავახსენეთ და რომლითაც  სსრ კავშირის პრეზიდენტმა ა) სსრ კავშირის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სანჭოს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ, ბ) მოითხოვა ყოფილი ავტონომიის ტერიტორიიდან მილიციის ქვეგანაყოფის სასწრაფოდ გაყვანა. საქართველოს უზენაესმა საბჭომ საკუთარი დადგენილებით უპასუხა სსრ კავშირის პრეზიდენტს, ჩვენი მკითხველი გაეცნო ამ დადგენილების ტექსტსაც. ამჯერად გთავაზობთ მიხეილ გორბაჩოვისადმი ზვიად გამსახურდიას საინტერესო მიმართვას, რომელიც 1991 წლის 12 იანვრით თარიღდება. ამ მიმართვაში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე განმარტავდა, თუ რა რეალობამ განაპირობა ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

gamsa“თქვენი ბრძანებულებით გვთავაზობთ ყოფილი ოლქის ტერიტორიიდან გამოვიყვანოთ ყველა შეიარაღებული ფორმირება, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების გარდა, მაგრამ მხედველობიდან გამოგრჩათ  ან ინფორმირებული არ ხართ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამ ჯარების გარდა დისლოცირებულია საბჭოთა არმიის ნაწილებიც. რა ვუყოთ? თქვენი ბრძანებულების თანახმად მათაც  არა აქვთ უფლება იმყოფებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე და იქიდან გამოყვანილ უნდა იქნენ.

თქვენმა ბრძანებულებამ შეაძრწუნა მთელი ქართველი ხალხი, აგრეთვე რესპუბლიკის არაქართველი მოსახლეობა, უამისოდაც მტკივნეულად რომ  განიცის შიდა ქართლის – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის – რეგიონში მომხდარ ამბებს. ყოფილი ოლქი უკანასკნელი წლების მანძილზე ექსტრემისტთა ხელშია, რომლებმაც  ხელმძღვანელი პოსტები დაიკავეს ოლქის ხელისუფლების ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, იქაურობა გადაიქცა ანტიქართული ისტერიის კერად, 1989 წლის ნოემბრიდან კი ფაქტობრივად და იურიდიულად -დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის პლაცდარმად, რაც  იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ საქართველოს რესპუბლიკას წაართვან მისი  ოდინდელი ტერიტორია, რომლის შენარჩუნებისთვისაც ქართველი ხალხი 2000 წელზე მეტ ხანს იბრძოდა.

მოგეხსენებათ შიდა ქართლში ოსთა ნაწილს მათი ისტორიული სამშობლოდან  –  ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლების ისტორია. იცით ისიც რომ  ავტონომიური ოლქი ხელოვნურად შეიქმნა საქართველოს ინტერვენციისა და ოკუპაციის შემდეგ, რაც განხიორციელდა საბჭოთა რუსეთის მაშინდელი მთავრობის ბრძანებითა და ი. სტალინისა და ს. ორჯონიკიძის აქტიური მონაწილეობით, რომლებიც არ მოერიდნენ იმას, რომ ოლქის საზღვრებში მოექციათ აგრეთვე ქალაქი ცხინვალი და ათობით სოფელი მკვიდრი ქართველი მოსახლეობითურთ.

„სუვერენული რესპუბლიკის“ შექმნისთვის ოსი ეროვნების ექსტრემისტთა მოქმედებას, მაშინ, როცა ასეთი არსებობს კავკასიონის ქედს გადაღმა, არ შეიძლება არ გამოეწვია ქართველი ხალხის, საქართველოს იმ ოსი მოსახლეობის უმრავლესობის ერთსულოვანი წინააღმდეგობა, რომლის მეტი ნაწილი ცხოვრობს ყოფილი ოლქის ფარგლებს გარეთ.

ეგრეთ წოდებული „რესპუბლიკის“ თვითმარქვია ხელმძღვანელთა ცინიკურმა უარმა ანგარიში გაუწიონ კონსტიტუციურ საფუძვლებს, უარმა შეესრულებინათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება, რომელმაც უკანონოდ ცნო სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აქტი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შექმნის თაობაზე, უკიდურესად გაამწვავა  პოლიტიკური  ვითარება რეგიონსა და მთელ საქართველოში. ხელისუფლების საკავშირო ორგანოებისა და პირადად  თქვენი დუმილი საზოგადოებრიობას არწმუნებდა, რომ საჭირო იყო გადაეწყვიტა საკითხი დამოუკიდებლად, თავის სუვერენულ უფლებებზე დაყრდნობით, რომლებსაც თავხედურად თელავდნენ ფეხქვეშ ერთი მუჭა შეიარაღებული ექსტრემისტები, „სამხრეთ ოსეთის“ ხალხის თვითგამორკვევისათვის მებრძოლთა სამოსელში რომ არიან გამოწყობილი.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს არავითარი „სამხრეთი ოსეთი,“არის მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონი, სადაც გარკვეული დროიდან ცხოვრობენ ჩრდილოეთ ოსეთიდან გადმოსახლებული ოსი ეროვნების პირები, რაც დამტკიცებულია ქართველი ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლებით. ეს ოდინდელი ქართული მიწა-წყალია, რომლის წართმევას ქართველი ხალხი არასდროს არ შეურიგდება, სანამ ცოცხლობს თვით ხალხი. არ  შეიძლება გავაიგივოთ შიდა ქართლის ვითარება სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ავტონომიებთან, რაც თქვენთვის რა  თქმა უნდა გასაგებია, რამეთუ კარგად იცნობთ რუსეთის იმპერიის ისტორიას. მაგრამ სხვა რესპუბლიკების საშინაო საქმეები თვით  რესპუბლიკების საქმეა.

ერთი რამ ცხადია: დამღუპველია ვუდგებოდეთ ყველაფერს ერთი საზომით, სსრ კავშირის კონსტიტუციაში მოხსენიებულ ყველა ავტონომიას – მათი წარმოქმნის ისტორიულ – სამართლებრივი საფუძვლების  გაუთვალისწინებლად.

საჭიროდ მიგვაჩნია ხაზგამით აღვნიშნოთ , რომ არც ერთი ეროვნული უმცირესობა საქართველოში არ განიცდის არავითარ შეზღუდვებს ეროვნულ – კულტურული ავტონომიის განვითარებაში. ეს ფაქტია, რომლის შემოწმებაც ადვილია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის ხელმძღვანელობა ახორციელებდა აშკარად დისკრიმინაციულ პოლიტიკას რეგიონში მცხოვრები მკვიდრი ქართველი მოსახლეობის მიმართ და როცა ამ  პირობებში ოსი ეროვნების სეპარატისტები შეუდგნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, ურომლისოდაც, თითქოს შეუძლებელი იყოს რეგიონში მცხოვრებ ოსთა ეროვნული კულტურის განვითარება, რომლებსაც ვითომდა დისკრიმინაციას უწევენ ქართველები, ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა აივსო – ოლქის გაუქმება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გახდა შექმნილ სიტუაციაში. ამ აქტმა არა მარტო ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოუღოს სეპარატისტულ მოქმედებას, არამედ აღადგინოს ისტორიული სამართლიანობა.

შემდგომი მოვლენები კარგად მოგეხსენებათ, ისინი ჩამოყალიბებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 იანვრის დადგენილებაში.

თქვენ არ უნდა გაგაკვირვოთ თქვენი ბრძანებულების მკვეთრად უარყოფითმა შეფასებამ, რადგან მასში აქცენტები გადატანილია თითქოსდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არამართლზომიერ  ქმედებაზე და სრულიად არ არის დაგმობილი სეპარატისტთა მოქმედება შიდა ქართლში, არადა სწორედ მათი მიზეზით იყო კიდეც მიღებული გადაწყვეტილება ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ. გვინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ეროვნული პარლამენტი ოლქის არსებობისადმი მეტად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად მაინც არ აპირებდა მის გაუქმებას, რაც გამოცხადებული იყო ოფიციალურად  და არაერთხელ.

განსაკუთრები მიუღებელია ბრძანებულების დებულება რეგიონის ან საქართველოს შინაგან სამინისტროს ქვეგანაყოფების დაუყოვნებლივი გამოყვანის შესახებ, მაშინ როცა იქ თარეშობენ ოსი ექსტრემისტები, ტერორით აშინებენ ქართველ მოსახლეობას სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების წაყრუებით. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ვერც ერთი სუვერენული სახელმწიფო ვერ დაუშვებს, მის ტერიტრიაზე წარმოიქმნას სამართლებრივი ვაკუუმი, რომელშიც იმოქმედებენ შეიარაღებული ძალები, მის იურისდიქციას რომ არ ექვემდებარებიან და მისი სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ რომ მოქმედებენ. 1922 წლის ხელშეკრულება მიგვაჩნია უკანონოდ საქართველოს მიმართ, რადგან იგი დაიდო საქართველოს ოკუპაციის პირობებში, ქართველი ხალხის ნების გაუთვალისწინებლად. მაგრამ კიდეც რომ დავდგეთ თქვენს პოზიციაზე და დავადასტუროთ, რომ იგი ნამდვილია, იბადება კითხვა – განა ეს ხელშეკრულება არ იძლეოდა მოკავშირე რესპუბლიკების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას? ! ვისღა იცავს დღეს კავშირი?

ყოველივე ეს ერთხელ კიდევ მოწმობს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევანის სისწორეს, რომელმაც გამოაცხადა გარდამავალი პერიოდი სრული დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ თავს ვცნობთ სსრ კავშირის შემადგენლობაში იმ პირობით, რომ საბჭოთა კავშირი აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენულ უფლებას მთლიანად აღიდგინოს ძალით წართმეული სახელმწიფოებრიობა საართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური რეალიების გათვალისწინებით.

ამა წლის 7 იანვრის ბრძანებულების მსგავსი აქტები ხელს არ უწყობენ ვითარების სტაბილიზაციას, არ ანელებენ დაძაბულობას რეგიონში, პირიქით, ამხნევებენ სეპარატისტებს, მათს  ექსტრემისტებს უბიძებენ აქტიურობისკენ. სწორედ ამ ბრძანებულების შემდეგ ვითარება რეგიონში დრამატულად გართულდა, დაიღვარა სისხლი.

შექმნილი ფეთქებადსაშიში სიტუაცია შეიძლება შეანელოს მხლოდ თქვენი ბრძანებულების მოქმედების შეჩერებამ და თქვენ მიერ იმ პოზიციის დაკავებამ, რომელიც უნდა ეკავოს სსრ კავშირის კონსტიტუციის შესაბამისად სსრ კავშირის პრეზიდენტს – ესე იგი იცავდეს მოკავშირე რესპუბლიკის სუვერენობას, უკუაგდოს ყველა კონიუნქტურული მოსაზრება, საკადრისი პასუხი გასცეს ძალებს, რომლებსაც ეთნოკრიზისის პროვოცრება იმპერიის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად მიაჩნიათ, მაგრამ ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალება ხომ უკვე შეუძლებელია. გვესმის , რა თქმა უნდა, რომ ძალით, რომელიც თქვნ გაქვთ, შეგიძლიათ სცადოთ ჩაახშოთ ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში, მაგრამ   როგორი იქნება ეს გამარჯვება?! და განა ეს გამარჯვება იქნება?!

გამოვთქვამთ რწმენას, რომ თქვენ, პატივცემულო მიხეილ სერგის ძევ, ერთხელ კიდევ ჩასწვდებით ქართველი ხალხის მისწრაფებებს, შეეცდებით გაიგოთ მისი იმ გადაწყვეტილების მთელი სიღრმე და გაქანება, რომ  მოიპოვოს ნამდვილი სახელმწიფოებრივი თავისუფლება, დაამყაროს რადიკალურად ახალი ურთიერთბა მოკავშირე რესპუბლიკებთან და ამ წუთიერ პოლიტიკურ მოსაზრებებს არ ანაცვალებთ მთელი ქართველი ხალხის, აგრეთვე საქართველოში მცხოვრები ხალხების, მათ შორის ოსთა უმრავლესობის ბედს, რომლებიც მზად არიან მხარში ამოუდგნენ თავიანთ ქართველ ძმებს სამართლიანი საქმისათვის ბრძოლაში.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში მცხოვრებ ოსთა უმრავლესობის ნებაა დაამყაროს რეგიონში მშვიდობა და თანხმობა, კვლავაც განავითაროს ეროვნული კულტურა, რისთვისაც სულაც არ არის სავალდებულო ჰქონდეს ხელოვნურად შექმნილი ავტონომიური ოლქი, ან თუნდაც რესპუბლიკა, რასაც ნათლად მოწმობს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში შექმნილი ვითარება, სადაც ეროვნულ -კულტურული ავტონომიის დონე გაცილებით დაბალია.

რაც უფრ ადრე მიხვდებიან ხელისუფლების საკავშირო ორგანოები, თუ როგორია შიდა ქართლში  ნამდვილი ვითარება, და  სათანადო პოზიციას დაადგებიან, მით უფრო სწრაფად მოხდება მდგომარეობის სტაბილიზაცია რეგიონში.

საჭიროა სეპარატისტებმა გაიგონ, რომ მათ არ უნდა იქონიონ ცენტრის მხარდაჭერის იმედი და უნდა შეურიგდნენ დამარცხებას.

დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს!

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია, 1991 წლის 12 იანვარი.