ტეგები

, , ,


“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” უკვე გავიხსენეთ, როგორ გამოეხმაურა კრემლი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების  შესახებ და ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერქიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

სსრ კავშირის პრეზიდენტის 7 იანვრის ბრძანებულება, რომელიც მოჰყვა  ცხინვალში ქართული მილიციის დამატებითი შენაერთის შეყვანას,  სსრ კავშირის კონსტიტუციასა და სსრ კავშირის კანონებთან შეუსაბამოდ აცხადებდა როგორც სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებას ოლქის საბჭოთა რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ, ისე საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 11 დეკემბრის აქტებს. თავის მხრივ უზენაესმა საბჭომ გორბაჩოვის ბრძანებულება მიიჩნია ანტიკონსტიტუციურად და ამის დასაბუთება საკუთარი დადგენილების ტექსტში სცადა.

dadge

ა) საქართველოს რესპუბლიკის კანონის იურიდიული ძალის უარყოფა არ შეუძლია სსრ კავშირის ხელისუფლების არც ერთ ორგანოს, რადგან, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და სსრ კავშირის კონსტიტუციის თანახმად საქართველოს რესპუბლიკა სუვერენული სახელმწიფოა და  თავის საზღვრებში ახორციელებს ტერიტორიულ უზენაესობას (საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 70- ე მუხლი და სსრ კავშირის კონსტიტუციის 78 -ე მუხლი), რომლის ძალითაც რესპუბლიკის კანონები  და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა აქტები განუხრელად უნდა შეასრულოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულმა ყველა სახელმწიფო და  საზოგადოებრივმა ორგანომ: საწარმომ, დაწესებულებამ და ორგანიზაციამ.

ბ) საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და სსრ კავშირის კონსტიტუციის თანახმად რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს უფლება აქვს გადაწყვიტოს ეროვნულ – სახელმწიფოებრივი მოწყობის ყველა საკითხი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესმა ორგანომ ისარგებლა აღნიშნული უფლებით და გააუქმა თავის დროზე უკანონოდ შექმნილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, სადაც ამჟამად ექსტრემისტები და სეპარატისტები არა მარტო აშკარა დისკრიმინაციას უწევენ და ავიწროვებენ იქ მცხოვრებ მკვიდრ მოსახლეობას, არამედ ცდილობენ საქართველოს მოსწყვიტონ ეს რეგიონი.

გ) სსრ კავშირის კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ სსრ კავშირის უზენაესი საბჭო უფლებამოსილია დაამტკიცოს ახალ ავტონომიურ ფორმირებათა შექმნა ( 73 – ე მუხლის მე -2 პუნქტი), ამ საკითხის გადაწყვეტა კი მოკავშირე რესპუბლიკის პრეროგატივაა ( საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 72 მუხლის მე-3 პუნქტი).

ავტონომიური ოლქის გაუქმების ფაქტის დამტკიცების საკითხი არ დასმულა სსრ კავშირის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს  წინაშე, ვინაიდან ამგვარი წესი არ არის გათვალისწინებული არც სსრ კავშირის კონსტიტუცით და არც საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით.

სსრ კავშირის უზენაესი საბჭო ვალდებულია სსრ კავშირის კონსტიტუციის  87-ე მუხლიდან ამოიღოს დებულება საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ყოფნის შესახებ და ამით სსრ კავშირის კონსტიტუცია შეუსაბამოს იურიდიულ და ფაქტობრივ სინამდვილეს.

zvio 2საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო არ აკანონებს ეროვნებებისა და ხალხების თვითგამორკვევის უფლებას სახელმწიფოებრივი ერთეულის შექმნის ჩათვლით, ამასთან დაუშვებლად მიიჩნევს  ამ უფლების გავრცელებას საქართველოში მცხოვრებ იმ ეროვნულ უმცირესობებზე , რომელთაც საკუთარი სახელმწიფოებრიობა აქვთ საქართველოს ფარგლებს  გარეთ. საერთაშორისო სამართალიც კი მათ ანიჭებთ მხოლოდ ეროვნულ -კულტურული ავტონომიის უფლებას და თანასწორუფლებიანობას ცხოვრების ყველა სფეროში ( ადამიანის  მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 27 – ე მუხლი, ახლახან მიღებული პარიზის ქარტია ახალი ევროპისთვის და სხვა აქტები), რაც საქართველოში ყოველთვის იყო და არის უზრუნველყოფილი ყველა ერის წარმომადგენლისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყოფილი ოლქის გარდა, სადაც 65 ათასი ოსი ეროვნების მოქალაქე ცხოვრობს, საქართველოს სხვა რაიონებში 100 ათასზე მეტი ოსი ეროვნების მოქალაქე სახლობს, რომლებიც ყველა სამოქალაქო და ეკონომიკურ -კულტურული უფლებებით სარგებლობს.

მიუღებულია სსრ კავშირის ხელისფლების უმაღლესი ორგანოებისა და პირადად სსრ კავშირის პრეზიდენტის პოზიცია, ვინაიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს სეპარატისტულ მოქმედებათა მთელი დროის განმავლობაში, როდესაც მან მიიღო საქართველოს ტერიტორიული დაქუცმაცებისკენ მიმართული აშკარად ანტიკონსტიტუციური აქტები ( 1990 წლის 20 სექტემბერსა და 16 ოქტომბერს), საკავშირო ორგანოებმა არავითარი ოფიციალური რეაგირება არ მოახდინეს, მხარი არ დაუჭირეს საქართველოს რესუბლიკის უზენაეს საბჭოს და მის პრეზიდიუმს, რომლებმაც საოლქო საბჭოს მოქმედებანი არაკონსტიტუციურად გამოაცხადეს სწორედ  სსრკ კავშირის კონსტიტუციის ძალით, რასაც ასე ხშირად იშველიებს სსრ კავშირის პრეზიდენტი.

თუ სსრ კავშირის კონსტიტუციას ვერწმუნებით, კავშირისა  და, უწინარეს ყოვლისა, სსრ კავშირის პრეზიდენტის ამოცანაა უზრუნველყოს სსრ კავშირის კონსტიტუციით განმტკიცებული მოკავშირე რესპუბლიკის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

ხელისუფლების საკავშირო ორგანოები ფაქტობრივად აქეზებდნენ ოს სეპარატისტებს უკანონო ქმედებებისთვის: 9 დეკემბერს უკანონოდ შექმნილ „რესპუბლიკაში“ არჩევნები მოეწყო. ამ  შემთხვევაშიც  სსრ კავშირის პრეზიდენტმა, სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა და თვით უზენაესმა საბჭომ დუმილი ამჯობინეს.

სსრ კავშირის პრეზიდენტმა მხოლოდ მას შემდეგ მოახდინა რეგირება, რაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იძულებული გახდა გაეუქმებინა სამხრეთ  ოსეთის ავტონომიური ოლქის საქართველოს რესპუბლიკისგან დამოუკიდებელ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ საოლქო საბჭოს გადაწყვეტილება.

საგულისხმოა, რომ რეგიონში საგანგებო მდგომარეობის შემოღება განაპირობა საკავშირო ორგანოების მიმნებებლობამ, რითაც ისარგებლეს ოსმა სეპარატისტებმა და ქ. ცხინვალში მოკლეს და დაჭრეს საქართველოს რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების რამდენიმე წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ იქ იმყოფებოდნენ სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები.

ექსტრემისტებმა, რომლებიც გრძნობენ ცენტრი მხარდაჭერას  წესად გაიხადეს თავდასხმა  საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებზე, რომელთაც ეკისრებათ საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა.