ტეგები

,


1991 წლით თარიღდება ოთარ ჭილაძის წერილი „გაურკვევლობის მარწუხებში.“ ეს არის გამოხმაურება რუსი მწერლების მიერ ქართველი მწერლების მიმართ წაყენებულ პრეტენზიაზე –  როგორ შეეძლოთ  პირში წყალჩაგუბებულებს ეცქირათ მათი ( რუსი მწერლების რწმნით) „მთელი იმ უმსგავსობისთვის,“ რაც მაშინ საქართველოში ხდებოდა. გასაგები უნდა იყოს რა აწუხებდათ რუს მწერლებს, მით უფრო რომ სსრკ ცენტრალური პრესა სისტემატურად ავრცელებდა სხვადასხვა დეზინფორმაციას და ქართველებს გამალებით ადანაშაულებდა  საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ჩაგვრაში „დამოუკიდებლობის გაკვეთილებში“ გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ამონარიდს რუსი მწერლების  პრეტენზიაზე  ოთარ ჭილაძის გამოხმაურებიდან. ეს ამონარიდები აღწერს ავტორის  თავისთავად საინტერესო დამოკიდებულებას საქართველოს გარშემო და საქართველოში მაშინ მიმდინარე დაძაბულ პროცესებზე.

„ადამიანის დადანაშაულება ადვილია, ამის მეტი რა ვიცით თუნდაც ჩვენივე ცხოვრებიდან, otaraსაამისოდ არც ბევრი დროა საჭირო, მაგრამ ძალზეც ძნელია მისი დაცვა და გამართლება, რაც არ უნდა უდანაშაულო იყოს ის. ძნელია, არამარტო ცხოვრებაში, არამედ წიგნშიც, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, სხვა არც არაფერია ჭეშმარიტი მწერლისა და ინტელიგენტის მოვალეობა. ამიტომ, ვიდრე ვინმეს გავამტყუნებდეთ, ბევრად აჯობებს, თუკი ჯერ საკუთრ სულში ჩავიხედავთ – უფრო ღრმად, უფრო დაკვირვებით, უფრო გაბედულადაც,მაგრამ სხვათა გამტყუნება მაინც გაცილებით იოლია, ვიდრე საკუთარი, თუნდაც უმნიშვნელო ნაკლის აღიარება.

საერთოდ ადამიანი ასეთია, სხვის თვალში ბეწვსაც ამჩნევს, როცა საკუთარში დირეც ვერ დაუნახავს. გარდა  ამისა, სხვათა გამტყუნება შენს გამართლებას გულისხმობს, რაკი სხვას ადანაშაულებ, თავად მართალი ყოფილხარ როგორც კაცის, ისევე ღმერთის წინაშე. ამის ბრალია ალბათ, რომ ბოლო დროს  ყველანი რატომღაც სხვისგან მოვითხოვთ მონანიებას. მარტო ჩვენი თავი გვგონია დაჩაგრული და მარტო სხვა გვგონია დამნაშავე, ხოლო, რაც შეეხება საქართველოს, აქ უფრო საინტერესო, ჭეშმარიტად უნიკალურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე:  საქართველოსგან არა მარტო ჩაუდენელი, არამედ ( და ეს არის  სწორედ შემაშფოთებელი) მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის მონანიებასაც მოითხოვენ. „

 

„გუშინ არაფრის თქმა შეიძლებოდა და თქმას აზრი ქონდა, დღეს ყვლაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ სათქმელმა აზრი დაკარგა და იქნებ მართლაც აღარ ღირდეს არათუ ლაპარაკი, არამედ საერთოდ ცხოვრებაც. თუკი ჩემი არსებობაც  მდენად აღიზიანებს ვინმეს, რომ ჩემს დასაკნინებლად, ჩემს დასათრგუნად და ალბათ ჩემს მოსასპობად, მზად არიან ნებისმიერი უსინდისობის ჩასადენად. მაგრამ ჩემი სიკვდილი, მით უფრო ნებაყოფლობითი, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუკი ჩემი სიკვდილის მოსურნე ამის შემდეგ უკეთესი გახდება. ეს კი ძნელი წარმოსადგენია, უფრო სწორედ ძნელი დასაჯერებელია, რამდენადაც ცხოვრებისეული გამოცდილებით საწინააღმდეგოა მოსალოდნელი. ჩემი სიკვდილის მსურველი ჩემს  შემდეგ სხვას დაადგამს თვალს და ახლა სხვისი, მორიგი მსხვერპლის ყოფნა -არყოფის საკითხი გახდება გადასაწყვეტი.

ბოროტების სათავე არასწორი ინფორმაციაა და ასე თუ გაგრძელდა, ადვილი შესაძლებელია, მართლა იმძლავროს ბოროტებამ – საქართველოს არა მარტო ადმინისტრაციულ,  ფიზიკურ არსებობასაც დაესვას კითხვის ნიშანი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში  ასე არ უნდა მოხდეს.

ნებისმიერი სხვა ქვეყნის მსგავსად საქართველოც განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია კაცობრიობისა, გინდაც  კაცობრიობამ არც იცოდეს მისი არსებობის შესახებ, ანდაც ყურმოკვრით  გაეგოს მისი სახელი და რაც კიდევ უფრო სამწუხაროა ( კაცობრიობას) მხოლო მცდარი წარმოდგენა ჰქონდეს ქვეყანაზე, რომელიც მიუხედავად სიპატარავისა და სიმარტოვისა ( ასეთია მისი ხვედრი) ხმლითა და გუთნით,  საჭრეთლითა და წიგნით იცავადა ყოველთვის ადამიანურ ღირსებას, ეროვნულ თვითშეგნებას და რელიგიურ მრწამსს, რისთვისაც მთელი კაცობრიობის სამარცხვინოდ უსასტიკესად ისჯებოდა და ისჯება დღესაც. ამის გამო კატეგორიულად ვერ დავეთანხმები ზოგიერთი ჩვენი კოლეგის მოწოდებას – ზეეროვნული პოზიციებიდან განვსაჯოთ მიმდინარე პროცესები. ვერ გავიზიარებ, რადგან სწორედ ზეეროვნული იდეების გაუთავებელმა ქადაგებამ წარმოშვა ამდენი კონფლიქტი და გაუგებრობა ჩვენს ისედაც დაძაბულ და გართულებულ ცხოვრებაში, ზეეროვნული იდეების ქადაგება, ნებით თუ უნებლიედ, იმპერიული სულისკვეთების სამსახურია და არა თანამედროვე, ჰუმანისტი, დემოკრატი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ინტელიგენტის საკადრისი პოზიცია.“