ტეგები

,


“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” დეტალურად ვიხსენებთ საქართველოს უახლეს ისტორიას. ვიხსენებთ მოვლენებს, ფაქტებს, ყველაფერს, რაც შექმნის მღელვარე წარსულის მეტ – ნაკლებად სრულყოფილ სურათს. რადგან 1991 წელს თავიდან მივუყვებით, პატრიარქის 1991 წლის საშობაო ეპისტოლესაც გაგახსენებთ, კერძოდ კი იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკას და პოლიტიკურ დაპირისპირებას ეხებოდა.

ilia“მეტად რთულ, მძიმე და დაპირისპირებულ დროში ვცხოვრობთ, როცა დგება საშიშროება დამანგრეველი ძალადობის ბატონობისა, პოლიტიკით ახალგაზრდობის მასობრივმა დაინტერესებამ მოსწყვიტა ისინი მეცნიერების ღრმად შესწავლის სურვილს, მოსწყვიტა შრომას; სამაგიეროდ თავი იჩინა მრავალმა პოლიტიკურმა პარტიამ, ასოციაციამ და სხვადასხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ.

ჩამოყალიბდა ისეთი პოლიტიკური პოზიციები, რომელნიც შერიგებისა და გაერთიანებისაკენ კი არ მოუწოდებენ ახალგაზრდებს, არამედ ქმნიან ბარიერებს, აცალკევებენ ხალხის ერთ ნაწილს მეორისაგან, რაც, არცთუ იშვიათად, აშკარა დაპირისპირებასა და მტრობაში გადადის. სამწუხაროდ, პირად ინტერესებსა და შეხედულებებს საზოგადოებრივი და ეროვნული ინტერესები ეწირება. უნდა ითქვას ისიც, რომ ხშირად ჩვენი ახალგაზრდობა თავის მსჯელობაში მეტად კატეგორიულია და მისი მოთხოვნები რეალობას მოწყვეტილი.

დავფიქრდეთ, ადრე ხომ არ არის ამდენი დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიის არსებობა, ადრე ხომ არ არის ჩვენი ასე დაყოფა?

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები მაშინაა სასურველი, როცა ქვეყანა დამოუკიდებელი იქნება, როცა ჩვენი თავის ბატონ-პატრონი ჩვენ ვიქნებით.

ახლა კი ყოვლად აუცილებელია გაერთიანება, ერთ ძალად შეკვრა და ქრისტიანული სიყვარულითა და ურთიერთგაგებით ჩვენს წინაშე წამოჭრილი პრობლემების დაძლევა.

ქვეყნად ყველაფერი იცვლება, მხოლოდ ჭეშმარიტებაა მარადიული. მიდიან ადამიანები, წარსულს ბარდება და მივიწყების ფერფლით იფარება სახელები ერთ დროს მიწიერი დიდებითა და პატივით გამორჩეულთა; მიდიან ბრძენნი და უბრალონი, მომხვეჭელნი, დიდებისმოყვარენი, კანონმდებელნი, მსოფლიო ბატონობის მსურველნი… ამ მშფოთვარე სამყაროს წინაშე უძლეველი არის მხოლოდ ბეთლების გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ყრმის უწყინარი სიყვარული, მისი ჭეშმარიტი მეუფება სამყაროზე…

ამ საშობაო ეპისტოლეში მინდა მივმართო საქართველოში მცხოვრებ არაქართველ მოსახლეობას: რუსებს, აფხაზებს, ოსებს, ებრაელებს, ბერძნებს, სომხებს, ესტონელებს, აზერბაიჯანელებს, უკრაინელებს, ქურთებს და სხვათ. დანო და ძმანო ჩვენნო, მამაშვილური სიყვარულით შეგახსენებთ, რომ თქვენც ჩვენი ისეთივე სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველნი. საქართველოში არასოდეს ყოფილა ვინმეს შევიწროება ეროვნული ან სარწმუნოებრივი ნიშნით; თქვენ იყავით და კვლავაც იქნებით ჩვენი ძმები და ამ დამოკიდებულებას ვერავითარი ძალა ვერ დაარღვევს. გახსოვდეთ, ქართველთა ბედნიერება თქვენი ბედნიერებაცაა. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად უნდა ვიშრომოთ, ჩვენი სულიერი და მატერიალური კეთილდღეობისათვის.

მიდის წელი სავსე განსაცდელითა და მღელვარებით, წელი რომელმაც ნათელი მომავლის რწმენა ჩაგვისახა. ჩვენ იმედით შევყურებთ ხვალინდელ დღეს, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული ყოვლისა (გამოცხ. 22,13).

ჩვენს წინაშე მომავლის კარი იღება. დე იყოს იგი მშვიდობიანი, ღვთისსათნო და ბედნიერი; ღვთის მოწყალების იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბედნიერ და მშვიდობიან ახალ წელს. „აკურთხე, უფალო გვირგვინი ამის წელიწადისა სახიერებითა შენითა“.

ქრისტეშობა, თბილისი. 1991 წ.