ტეგები

,


“ჩვენ ვაცხადებთ, რომ საოკუპაციო ჯარებს უკვე მიეცა სტატუსი, მიეცა სწორედ უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარის სტატუსი იმით, რომ კონსტიტუციაში, მის პრეამბულაში ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც საოკუპაციო  ჯარები”. ზ. გამსახურდია ( ამონარიდი საახალწლო მიმართვიდან, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ 1991 წლის დადგომისას მოისმინა) 

ZVIOსაქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა სხვა საინტერესო გზავნილებსაც შეიცავდა. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ილაპარაკა საქართველოს მიზანზე  – დასავლეთის ქვეყნებთან ძველი კავშირების აღდგენა და მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში ჩართვა, ყურადღება გაამახვილა ყოფილ ავტონომიურ ოლქში ( ცხინვალის რეგიონი) შექმნილ მძიმე ვითარებაზე და  გამოთქვა იმედი, რომ ქართული მილიცია იქ შეძლებდა წესრიგის დამყარებას. ზვიად გამსახურდიამ აღნიშნა – სსრკ შინაგანი ჯარი “თითქმის ექვემდებარება ჩვენს მიერ დანიშნულ კომენდანტს”-ო და გამოთქვა საკუთრი ვერსია საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან შევარდნაძის გადადგომასთან დაკავშირებით.

ამოინარიდი  ზვიად გამსახურდიას სააახლწლო მიმართვიდან

“გარკვეული  ძალები, გარკეული რეაქციული ძალები ცენტრისა კვლავ განაგრძობენ ფარულ მოქმედებას, რაც გამოიხატება უმთავრესად ანარქიისთვის პირობების შექმნაში, გარკვეული ანარქიული ძალებისადმი მხარდაჭერაში. აგრეთვე, ე.წ. ავტონომიებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უნდა ითქვას  იგივე – არის გარკვეული ჩარევები ჩვენი ქვეყნის შინაურ საქმეებში, ოღონდ ფარული, არაოფიციალური და თქვენ იცით, ყოველივე ამას მოჰყვა გარკვეული დესტაბილიზაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. მაგრამ ყოველივე ამას ვუპირისპირებთ ჩვენს კანონდებლობას. ჩვენ გარკვევით განვუცხადეთ ცენტრს, რომ გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია, გვაქვს ჩვენი კანონმდებლობა, რომლის პრიმატობა საქართველოს ტერიტორიაზე გარანტირებულია ამავე კონსტიტუციით და ჩვენ არ დავუშვებთ სხვა რომელიმე ქვეყნის კონსტიტუციის ჩარევას ჩვენს შინაურ საქმეებში, სხვა კონსტიტუციის პოზიციებიდან შეფასებას ჩვენი შიდა -პოლიტიკური ვითარებისა და საქმიანობისა;  როგორც ჩანს, ჯერჯერობით ამას ითვალისწინებენ და როგორც მოგახსენეთ, ჩვენს საქმეებში აქტიურად არ ერევიან, თუმცა იმის თქმაც, რასაკვირველია, არ შეიძლება, რომ ჩვენ მთლიანად თავისუფლები ვართ, მთლიანად დამოუკიდებლები ვართ, განსაკუთრებით ეკონომიკის თვალსაზრისით. ეს ძალზედ ძნელი მისაღწევია ჯერჯერობით. თვით ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩეხოსლოვაკიაა, აცხადებს, რომ მან მართალია მიაღწია პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მაგრამ სრულ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირისგან  და ამ ე.წ. ვარშავის პაქტის ქვეყნებისგან ვერ მიაღწია, ვინაიდან ეს არის ძალზედ ხანგრძლივი პროცესი, ძალზედ ხანგრძლივი პროცესები დასჭირდება იმას, რომ საქართველო მთლიანად განთავისუფლდეს იმ იზოლაციისგან, რომელიც მას მოუწყო იმპერიამ და მისმა ხელმძღვანელობამ  ამ წლების მანძილზე. მოგეხსენებათ, ჩვენ მოწყვეტილი ვართ მსოფლიოს, ჩვენ არ ვართ ჩართული მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი დღეს სწორედ ეს არის – მსოფლიო ეკონომიკურ ინტეგრაციაში ჩართვა და იმ კავშირების აღდგენა, რომლებიც ჰქონდა საქართველოს დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებთან დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის მანძილზე.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა წარმატებით მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებას ამ სფეროში. ძირეულად გარდავქმენით არსებული კონსტიტუცია და მას თითქმის არაფერი აქვს საერთო საბჭოთა კონსტიტციასთან. არის ცალკეული კანონები, რომლებსაც აგრეთვე სჭირდება რეფორმა, განსაკუთრებით, მოქალაქეობის შესახებ კანონი. მას ჩვენ ვამზადეთ. აუცილებლად იქნება კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ცენტრალური პრესა განგაშს ტეხს და ცდილობს ისევ და ისეც ნაციონალიზმში დაგვდოს ბრალი, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია ასეთი ბრალდებებისა არც ერთი მხრიდან. მივყვებით იმ  კურსს, რომელიც განპირობებულია მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციების პლატფორმით. ეს პლატფორმა მოწონებულია ქართველი ერის მიერ, მოწონებულია, აგრეთვე მსოფლიოს მიერ. მსოფლიო პრესაში იყო ძალზე დადებითი შეფასებები ამ პროგრამისა, ამ პლატფორმისა სწორედ საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე. ასე, რომ ჩვენი კურსი უცვლელია და მასზე  გავლენას ვერ მოახდენს ვერავითარი გარეშე ძალა.

ჩვენი დამოკიდებულება საოკუპაციო ჯარებისადმი, მოგეხსენაბთ, გამომდინარეა საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებიდან. ჩვენ ვაცხადებთ, რომ საოკუპაციო ჯარებს უკვე მიეცა სტატუსი, მიეცა სწორედ უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარის სტატუსი იმით, რომ კონსტიტუციაში, მის პრეამბულაში ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც საოკუპაციო  ჯარები და ნათქვამია, რომ მათ მიერ განხორციელდა ანექსია საქართველოსი. კონსტიტუცია არის უმაღლესი კანონი. ასე, რომ სხვა კერძო დადგენილება ამასთან დაკავშირებით, აღარ არის საჭირო, ისევე, როგორც აღარ არის საჭირო დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ვინაიდან საქართველომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია უკვე გააკეთა 1918 წელს, ასე, რომ იურიდულად ეს დეკლარაცია ძალაშია და განმეორებითი დეკლარაცია ჩვენ აღარ გვჭირდება. საქართველო იურიდიულად დამოუკიდებელი იყო და  დღესაც დამოუკიდებელია. ოღონდ სხვა საქმეა დე ფაქტო  ე.წ. ფაქტობრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს არის ჩვენი მიზანი – ფაქტობრივი აღდგენა დამოუკიდებლობისა, რომელიც ჩვენ ანექსიის შედეგად დავკარგეთ.

რაც შეეხება ავტონომიებს

ჩვენ გავაუქმეთ უკანონო ავტონომია ე.წ. სამხრეთ ოსეთისა. ამჟამად იქ მიმდინარეობს მდგომარეობის სტაბილიზაცია იმით, რომ ჩვენი მილიციის ძალები დღით – დღე უფრო და უფრო აქტიურად მოქმედებს, შინაგანი ჯარიც უკვე ვეღარ გვიწევს ისეთ წინააღმდეგობას, თითქმის ექვემდებარება ჩვენს მიერ დანიშნულ კომენდანტს.

მართალია, არის ცალკეული მოვლენები, რომელთაც მეტი გაკონტროლება სჭირდება: ჩვენ მოვითხოვთ ცენტრისგან, ის არ უნდა ჩაერიოს ჩვენს შინაგან საქმეებში, მას არა აქვს არავითარი უფლება რამე პრეტენზია წაგვიყენოს ამ ავტონომიების გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სეპარატისტები, პროვოკატირები განაგრძობენ თავიანთ საძრახის საქმიანობას. ისინი მოუწოდებენ სამოქალაქო ომისკენ მოსახლეობას. იმუქრებიან და ცენტრალური პრესა, სხვათა შორის, მათ სიამოვნებით უთმობს ტრიბუნას. ცენტრალურ პრესაში პირდაპირ ქვეყნდება მათი მუქარები. გვემექრებოდნენ სამოქალაქო ომით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევიყვანდით ეროვნულ მილიციას ეგეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენ, მიუხედავად ამისა, მაინც შევიყვანეთ. ჩვენი მილიცია მოქმედებს საკმაოდ ეფექტიანად და ალბათ, უახლოეს ხანში მიღწეული იქნება დიდი წარმატებები.

მოახდინა თუ არა მოსკოვში მიმდინარე პროცესებმა რაიმე ზეგავლენა ჩვენს შინაურ პოლიტიკაზე? არ არის დასამალი, რომ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია შევარდნაძის გადადგომამ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ გადადგომას ჯერ ვერ მივცემთ სათანადო შეფასებას, სანამ იგი დაკმაყოფილებული არ იქნება ცენტრალური ხელმძღვანელობის მიერ და თუ იგი დაკმაყოფილებული იქნება, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის გარკვეული მანევრი, რათა მას შეუქმნან კიდევ დიდი ავტორიტეტი, აამაღლონ მისი პოპულარობა და შემდეგ სცადონ მისი მეშვეობით საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევა და, შესაძლოა, მისი ჩამოყვანაც საქართველოში, რასაც ჩვენ, რასაკვირველია სათანადო შეფასებას მივცემთ, როდესაც საჭირო იქნება.”