ტეგები


1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში ზვიად გამსახურდიამ  კონკურენტები უდიდესი უპირატესობით დაამარცხა. პირველ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მას უზენაესი საბჭოსგან ჰქონდა მინიჭებული საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის სტატუსი. უკვე არჩეულ პრეზიდენტს, 1991 წლის მაისის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე, სთხოვეს პასუხი გაეცა საზღვარგარეთის პრესაში მის შესახებ გამოთქმულ ზოგიერთ შეფასებაზე – ლამის დიქტატორი რომ უწოდეს. გამსახურდიას პასუხი ასეთი იყო: „ძალიან ძლიერი და დიდია კრემლის გავლენა საზღვარგარეთის პრესაზე. კერძოდ, ისეთი  სააგენტოს მხრიდან, როგორიც „საკდესია,“  ისინი ყოველგვარი კრიტიკის გარეშე ხშირად იმეორებენ ცრუ ინფორმაციებს, რომელსაც „საკდესი“ გადასცემს. მე შეგახსენებთ, რაც გუშინ ვთქვი, რომ ჯერ არც ერთ დაქტატორს, მსოფლიოს ისტორიის მანძილზე, თავისი პირადი ინიციატავით არ დაუნიშნავს საპრეზიდენტო არჩევნები. ამაზე ალბათ დამეთანხმებით.

პირველ პრეზიდენტს  26 მაისის არჩევნების შემდგომ  გამოთქმული რამდენიმე საინტერესო  მოსაზრებით გაგახსენებთ. გთავაზობთ ციტატებს 1991 წლის მაისის ბოლოსა და ივნისში გამართული პრესკონფერენციების ჩანაწერებიდან.

„ – თქვენ პირველები იყავით ამ საბჭოთა იმპერიაში, ვინც ჩაატარეთ მრავალპარტიული არჩევნები და პირველებმავე ჩაატარეთ ძალიან კარგად საპრეზიდენტო არჩევნები. თუ შეიძლება კიდევ რაში უნდა იყოთ პირველები ამ იმპერიაში?

zviadiზვიად გამსახურდია: დემოკრატიაში, ადამიანის უფლებების პატივისცემაში და ლოცვაში. და უნდა ვიყოთ ამ ტოტალიტარულ იმპერიაში დემოკრატიის კუნძული, რომელიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს, თუ რა შეუძლია მთელი ერის, მთელი მოსახლეობის გაერთიანებულ ბრძოლას და ძალისხმევას. ამას ჩვენ აუცილებად გავაკეთებთ.

– ბატონო ზვიად, თანამდეროვე ან წარსული დროის რომელი პოლიტიკოსი, ქართველი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელია თქვენთვის ყველაზე ახლო და მისაღები თავისი მოღვაწეობით და სულიერი კულტურით?

ზვიად გამსახურდია: ჩემთვის ყველაზე ახლობელი პოლიტიკური მოღვაწე დღევანდელობაში არის პრეზიდენტი რეიგანი. რომლის უდიდესი თაყვანისმცემელი ვარ და დავრჩები ასეთად მთელი ჩემი ცხოვრება. არც თუ ისე შორეულ წარსულში, უდიდეს პატივს ვცემდი პრეზიდენტ დე გოლს, რომელიც აგრეთვე მიმაჩნია იდეალურ სახელმწიფო მოღვაწე”

ზვიად გამსახურდია: „ ჩვენ ეკონომიკის მრჩევლებად გვინდა მოვიწვიოთ იმ ქვეყნებიდან ეკონომისტები, რომლებმაც მოახდინეს ეკონომიკური სასწაული, კერძოდ: იაპონიიდან, დასავლეთ გერმანიიდან, სამხრეთ კორეიდან და სხვა.”

„ – გამსახურდიას, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, რა გატაცება აქვს?

ზვიად გამსახურდია: ომში გატაცება არ არსებობს, ომის დროს ერთადერთი გატაცება ბრძოლაა. დასავლეთის ბედნიერი სახელმწიფოების პრეზიდენტები ბედნიერად ცხოვრობენ და არა ისე, როგორც მე. ჩემი ცხოვრება ბრძოლაა. “

„ – თქვენი პირადი თვისებებიდან რომელი მოგწონთ თქვენ და რომლისგან  გინდათ გათავისუფლდეთ?

ზვიად გამსახურდია: იცით, ჯერ ვერავინ მოახერხა უშეცდომოდ გაევლო ცხოვრების გზა, ასევე მეც ვუშვებ მათ. არ მიყვარს საკუთარი თავის აფიშირება. ერთადერთი და მთავარი „პლუსი“ ის მაქვს, რომ ჩემი ხალხისთვის არასდროს მიღალატია. შეცდომები კი საკმარისზე მეტი დავუშვი. ”

„– თქვენს საჯარო გამოსვლებში ხშირად გაისმის ისეთი სიტყვები, როგორიცაა „მოღალატენი,“ „ხალხის მტრები,“ „პროვოკატორები“ და ა.შ. რა არის ეს – ტრადიციული ემოციურობა თუ რეალური პოლიტიკური პოზიცია საკუთარი ოპონენტების მიმართ?

ზვიად გამსახურდია: მე მიყვარს, როცა საგნებს თავიანთ სახელებს ვარქმევ და ეს ყველას თვალში ხვდება. რას მიბრძანებთ, რა დავარქვა იმას, რასაც მათი ქართველი კორესპონდენტები წერენ გაზეთ „მეგაპოლის ექსპრესში,“ თითქოს “საქართველოს ჰელსინკის კავშირი” გაერიცხოთ “ჰელსინკის საერთაშორისი კავშირიდან” და ამას წერენ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ეს ასე არ არის! და ეს იმ დროს, როცა საქართველო დგას ინტერვენციის საფრთხის წინაშე და საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება! განა ეს ღალატი არ არის? თქვენ თუ იცით, რაიმე სხვა სიტყვა, მას ხალისით გამოვიყენებდი. მოღალატენი ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება ნებისმიერ ხალხს, და მათ თავიანთი სახელები უნდა დავარქვათ, მაგრამ ამას უადგილოდ არასდროს ვამბობ, არასდროს ვაზვიადებ.

– თქვენზე ამბობენ, ღრმად მორწმუნე კაციაო, რას შესთხოვთ ღმერთს ლოცვისას?

ზვიად გამსახურდია: ამას წინათ დასავლეთის ერთმა გაზეთმა წარწერიანად დაბეჭდა ფოტო, სადაც მე თითქოს არჩევნებში ჩემი გამარჯვებისთვის ვლოცულობ. ჩემი პირადი წარმატებისთვის არასდროს ვლოცულობ. ვლოცულობ კაცობრიობისთვის და  ჩემი ხალხისთვის .”