ტეგები


ჯაბა იოსელიანის თავკაცობით ქართველ  მაშველთა კორპუსი ( “მხედრიონი”) 1989 წელს დაარსდა. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” კიდევ არა ერთხელ მოგვიწევს “მხედრიონის” გახსენება. ამჟამად იმის შესახებ, თუ რა მიზნების და ამოცანების გაერთიანებად აცნობდა ხალხს თავს “მხედრიონი,” მისმა დამაარსებლებმა რა ჩაწერეს “მაშველთა კორპუსის” დებულებაში. გაეცანით ამონარიდებს ამ დოკუმენტიდან..

mxed

“საქართველოს მაშველთა კორპუსი არის სულიერი აღორძინებისა და ჰარმონიული განვითარების ასოციაციასთან არსებული და სხვადასხვა რაიონებში მოქმედი ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი მაშველი რაზმების ერთობლიობა.

კორპუსი მოწოდებულია დროული კვალიფიციური დახმარება გაუწიოს საქართველოს მოსახლეობას სტიქიური და სხვა უბედური შემთხვევების დროს, დაიცვას წესრიგი ყოველგვარი ექსტრემალური სიტუაციების წარმოშობისა და გავრცელების ზონებში.

კორპუსი მოქმედებს შესაბამისი სამაშველო – საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობით და ჰყავს უფროსი, რომელსაც ნიშნავს აღნიშნული საბჭო.

სამაშველო საკოორდინაციო საბჭო ყალიბდება სულიერი აღორძინებისა და ჰარმონიული განვითარების ასოციაციასთან კორპუსში შემავალი მაშველი რაზმების შენაერთთა მეთაურთაგან და იმ ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ კორპუსის ჩამოყალიბებასა და მუშაობაში.

კორპუსის ძირითადი მიზნებია:

ხელი შეუწყოს  სრულიად საქართველოს მოსახლეობას შეინარჩუნოს და განავითაროს თავისი ფიზიკური, სულიერი და მორალური პოტენციალი, ბოლომდე გამოავლინოს თავისი ჰუმანური იდეალები და კაცთმოყვარული ბუნება;

უშუალოდ მონაწილეობდეს საქართველოს ბუნებრივ, ისტორიულ-ტრადიციულ და კულტურულ ფასეულობათა დაცვის საქმეში;

წვლილი შეიტანოს ქრისტიანულ – ზნეობრივი ფასეულობებისა და მორალური პრინციპების დაცვის, პროპაგანდისა და აღორძინების საქმეში.

ხელი შეუწყოს ქართველ ალპურ მაშველთა ეროვნული ინსტიტუტის ჩამოყალიბებას, მისი პროფესიული კულტურისა და ეთიკური ნორმების განმტკიცებას;

კორპუსის ძირთადი ამოცანები და საქმიანობის ფორმებია: სტიქიური უბედურების ზონაში მოხვედრილი მოსახლეობისთვის დროული და კვალიფიციური დახმარების გაწევა;

წესრიგის დაცვა სტიქიური უბედურებისა და სხვა ექსტრემალური სიტუაციების წარმოშობისა და გავრცელების ზონებში.

ზვავსაშიშროებისა და მეწყრული მოვლენების გამოვლენა და შეტყობინება;

იმ რაიონების და ზონების კონტროლი, სადაც მოძრაობენ მთამსვლელთა და ტურისტთა ჯგუფები;

კვალიფიციური კონსულტაციების გაწევა ტურისტული, სპორტული და სხვა ორგანიზაციებისთვის;

კორპუსის წევრთა მომზადება – გადამზადება და სისტემატური სასწავლო საწვრთნელი ღონისძიებების ჩატარება;

ქართულ ტრადიციულ ღირებულებთა და კულტურის ძეგლთა დაცვა.

კორპუსის მაშველი რაზები ყალიბდება საქართველოს ყველა რეგიონში  ( ისტორიულად არსებული ეთნოგრაფიული მხარეების ან ქალაქების მიხედვით) და ერთიანდება ამ მხარეთა სადროშოებში. კორპუსი შედგება სადროშოების მაშველი რაზებისა და  საკონტროლო – სამაშველო საგუშაგოებისგან.”