ტეგები

,


latvia 2„ბარიკადების მუზეუმი“ რიგაში 2001 წლიდან არსებობს. ეს სივრცე დამთვალიერებელს ლატვიის ისტორიაში გარდამტეხ პერიოდზე მოუთხრობს. მუზეუმი ძველ რიგაში, სწორედ იმ შენობაშია განთავსებული, სადაც ბარიკადების მცველები გასათბობად და ცხელი ჩაის დასალევად შედიოდნენ. ბარიკადებზე კი ისინი 1991 წლის  სუსხიან იანვარში, ლატვიის დამოუკიდებლობისთვის იდგნენ.

 

 

იმ მღელვარე და ტრაგიკულ დღეებში ლატვიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ბარიკადების რამდენიმე მცველი შეეწირა, მათგან ერთი სკოლის მოსწავლე იყო. განსაკუთრებით მძიმე 20 იანვარი იყო, როცა საბჭოთა ომონმა (სსრკ შინაგანი ძალების განსაკუთრებული დანიშნულების რაზმი) იერში ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე და მის მცველებზე მიიტანა.

მანამდე, 13 იანვარს, ლატვიის სახალხო ფრონტის მოწოდებით ნახევარ მილიონზე მეტი ლატვიელი გამოვიდა  რიგის ქუჩებში – ლიტვაში ჩატარებული საბჭოთა სადამსჯელო ოპერაციის გასაპროტესტებლად, ლატვიაში ინტერფრონტისა და საბჭოთა სადამსჯელო ნაწილების აქტივობის დასაგმობად და ლატვიის უზენაესი საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის მხარდასაჭერად. ლატვიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერებმა იმავე დღეს დაიწყეს  ბარიკადების აგება სტრატეგიული ობიექტების დასაცავად. მეორე დღიდანვე დაიწყო ბარიკადებზე საბჭოთა ომონელების თავდასხმები. პროსაბჭოთა ძალებმა (ინტერფრონტი) 10 000 კაციან შეკრებაზე თავი ლატვიის ხელისუფლებად გამოაცხადეს.

bari

1995 წელს რიგის ბარიკადების მცველებმა  1991 წლის იანვრის მოვლენის ხსოვნის ფონდი დაარსეს, მას შემდეგ ბარიკადების 30000 – ზე მეტ მცველს გადაეცა ჯილდო იმ იანვარში გამოჩენილი სამოქალაქო თავდადებისთვის. „ბარიკადების მუზეუმიც“ ხსენებული ფონდის ინიციატივით გაიხსნა. მასში დაცული ნივთებიც იმ ლატვიელების შეგროვებულია, 1991 წლის იანვარში  ბარიკადებზე ლატვიის თავისუფალ მომავალს რომ იცავდნენ. მუზეუმის არსებობა არის კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, თუ როგორ ეკიდებიან ლატვიელები საკუთარ ისტორიას, როგორ ახსოვთ ის, როგორ არ ივიწყებენ საკუთარ გმირებს.

gorba
1999 წელს ლატვიის სასამართლომ  რიგის „ომონის“ 10 ყოფილი ოფიცერი სცნო დამნაშავედ 1991  წლის იანვრის თავდასხმებში.

საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ამ შემთხვევაშიც თავი შორს დაიჭირა დანაშაულისგან და განაცხადა, რომ საბჭოთა დანაყოფები რიგის სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევას თვითნებურად ახდენდნენ, მოსკოვში კი ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ლიტვის შემდეგ, 1991 წლის მარტის დასაწყისში, ლატვიელებმაც გასცეს ერთსულოვანი პასუხი სარეფერენდუმო შეკითხვას – გსურთ თუ არა ლატვია იყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა?