ტეგები


1991 წლის დასაწყისში ქართული პრესა აქტიურად  წერდა პირველ ნაბიჯებზე, უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული გვარდიის შესაქმნელად რომ იდგმებოდა. 1991 -ის იანვრის ბოლოს წვევამდელებს ეროვნულ გვარდიაში უხმობდნენ. გაგახსენებთ, თუ რა იმედები და მოლოდინები ახლდა “ეროვნული გვარდიის” შექმნას და გაგაცნობთ იმასაც, თუ როგორ ეხმაურებოდა “ამერიკის ხმა” საბჭოთა კავშირსა და საქართველოში მიღებულ რამდენიმე გადაწყვეტილებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული გვარდიის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილებას და საქართველოს უზენაესი საბჭოს უარს კრემლის შეთავაზებაზე – საბჭოთა რესპუბლიკებში მილიციას და საბჭოთა საჯარისო ნაწილებს მოეწყოთ ერთობლივი პატრულირება, რის  მიზნადაც წესრიგის დაცვა სახელდებოდა. საინტერესოა ხსენებულ საკითხებზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას განმარტებებიც. დასაწყისში ამონარიდი გაზეთ “ახალგაზრდა ივერიელის” სტატიიდან ” ეროვნული გვარდია გიხმობთ.” 

“ალბათ გინახავთ წვევამდელის ჯარში გაცილება. აურზაური, ცრემლები, შიში და სევდა ახლდა თან მუდამ. სიხარული კი არასდროს.

ეროვნული გვარდია.. როგორ მოგვნატრებია ეს სიტყვები. ეს დღეებია, სწორედ, აქ gvardia 2იბადება გვარდია – თბილისში, ვ. ჯანჯღავას სახელობის სასწავლო ცენტრში. მისი “ნათლობა“ კი უკვე შედგა: რამდენიმე დღის წინათ, მცხეთის მილიციასთან დაკავშირებული ინციდენტის გაშუქებისას წესრიგის დამცველთა შორის პრესამ და ტელევიზიამ ხომ ეროვნული გვარდიაც მოიხსენია. მას გელა ლანჩავა მეთაურობდა. საერთოდ, გვარდიის მეთაურთა შემადგენლობაც ეს – ესაა ყალიბდება.

gelaგელა ლანჩავა: გვარდია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იქმნება. მისი მთავარი პრინციპი მშვიდობიანობის, რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ინტერესების დაცვაა. ოფიციალურად გვარდიაში გაწვევა უზენაესი საბჭოს შესაბამისი დადგენილების შედეგ დაიწყო. საერთოდ კი ორი წელია რესპუბლიკიდან გაწვევა არ ყოფილა. ახლა კი 18-25 წლის ახალგაზრდებს გვარდია უხმობს, აქამდე ჯარმოხდილთაგან შემდგარი ათასეული არსებობდა. მისი წევრები დღეს გვარდიის შექმნაში გვეხმარებიან. ჯერჯერობით 300 ახალგაზრდა გავიწვიეთ, როგორც  ვვარაუდობთ, მათი რიცხვი წლის ბოლომდე 12000-ს მიაღწევს.”

 

031

“საქართველოს რესპუბლიკამ საკუთარი ეროვნული გვარდია შექმნა და აკრძალა მილიციისა და  ჯარის ერთობლივი პატრულირება, რომელიც პარასკევს უნდა დაწყებულიყო საბჭოთა კავშირის ყველა ქალაქში. “ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი  ჯულიან ნეგელე მოსკოვიდან იუწყება, რომ როგორც საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, თვით რეპუბლიკებმა უნდა გადაწყვიტონ დაუშვან ეს პატრულირება თუ არა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გასცა ბრძანება, რათა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაზაფხულისთვის რეორგანიზაცია მოახდინოს მისი ქვედანაყოფებისა და გადააქციოს ისინი საქართველოს ეროვნულ გვარდიად. საქართველოს უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა, რომ ეროვნული გვარდიის მიზანია დაიცვას სამშობლოს ინტერესები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს რესუბლიკის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები.

საქართველოში დღეს ორი სეპარატისტული მოძრაობა არსებობს: შავ ზღვასთან, კერძოდ, აფხაზეთში, და  თბილისიდან ჩრდილო – აღმოსავლეთით, ყოფილ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სისხლიმღვრელი აჯანყება. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატებმა მისცეს ხმა იმას, რომ ახალგაზრდები საბჭოთა არმიის ნაცვლად, საქართველოს გვარდიაში გაიწვიონ. მათ, აგრეთვე, შესთავაზეს იმ ქართველებს, რომლებიც ახლა საბჭოთა არმიაში მსახურობენ, მოხალისეებად საქართველოს ეროვნულ გვარდიაში დაიწყონ სამსახური. საეჭვოა, რომ საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრო მოიწონებს საქართველოს ამ გადაწყვეტილებას.

მილიციისა  და საბჭოთა  ჯარის ერთობლივი პატრულირების სპონსორებია საბჭოთა კავშირის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. ამ ძალისხმევის ოფიციალური გამართლებაა შეამცირონ ბოროტმოქმედება ქუჩებში, აღადგინონ კანონიერება და წესრიგი. მისი მოწინააღმდეგეების აზრით კი ერთობლივი პატრულირება საალყო მდგომარეობის შემოღების ტოლფასია. საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრი ბორის პუგო გაზეთ „რაბოჩაია ტრუბუნის“ ოთხშაბათის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში შეეცადა გაეფანტა ეს შიში. მისი  თქმით, საბჭოთა კავშირის რეპუბლიკათა ლიდერების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული სურთ თუ არა გამოსცენ პატრულირების წინააღმდეგ დეკრეტი. მისი თქმით, თუ არ სურთ, ღმერთი იყოს მათი მფარველი, როგორც უნდათ ისე მოიქცნენო.

კიდევ ერთი ზომა, რომელიც ქართველმა კანონმდებლებმა გაატარეს და რომელიც ალბათ გააღიზიანებს საბჭოთა მეთაურებს, არის ადგილობრივი კომუნისტური საბჭოების გაუქმება და წამგებიანი კოლმეურნეობების დახურვა. „ინტერფაქსი „ იუწყება, რომ საბჭოები საქართველოში უნდა გადაიქცეს ადგილობრივ ასამბლეებად, რომელთა სათავეში პრეფექტები იდგებიან. ისინი კი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს დაემორჩილებიან.”

1991 წლის 2 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად გამსახურდიამ ისაუბრა ეროვნული გვარდიის შექმნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კრემლის რეაქციაზე და ახსნა ისიც, თუ რატომ თქვა უარი უზენაესმა საბჭომ მილიციის და საბჭოთა საჯარისო ნაწილების ერთობლივ პატრულირებაზე.

“როგორი შეფასება მისცა კრემლმა საქართველოში ეროვნული გვარდიის შექმნას?

gams– კრემლის შეფასება შეიძლება გავიგოთ იმ წერილიდან, რომელიც გამოქვეყნდა „კრასნაია ზვეზდაში.“ ეს არის კრემლის რეაქციული სამხედრო ძალების რეაქცია. ამ წერილს ჰქვია „ ბატონი პრეფექტები და ბატონი გვარდიელები.“ ე.ი. „ბატონს“ ირონიულად ხმარობენ, რაკი ჩვენ „ტავარიშჩებს“ აღარ ვამბობთ და რაიკომის მდივნის, ამ პატარა უზურპატორების და დიქტატორების ნაცვლად შემოვიღეთ პრეფექტის დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელიც ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, ეს აღაშფოთებს ჩვენს მტერს და მეორე – ეროვნული გვარდიის შექმნა, რომელიც დაიცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. გორბაჩოვის პირველი ბრძანებულება, რომელიც 7 იანვარს გამოქვეყნდა, მე წინასწარ გამაცნეს. ეს გააკეთა გორბაჩოვის  დავალებით ლუკიანოვმა. იმ ტექსტში ეწერა: გიკრძალავთ ეროვნული გვარდიის შექმნასო. მე ვუთხარი რის საფუძველზე გვიკრძალავთ, რა იურიდიული საფუძველი გაქვთ ამ აკრძალვისთვის – მეთქი და დავუმტკიცე მათ, რომ არავითარი იურიდიული დასაყრდენი არ ჰქონდათ. გარდა ამისა, ვუთხარი რომ ეს არის შინაგანი ჯარი, რომლის შექმნის უფლება ყველას აქვს, თუნდაც თქვენივე კონსტიტუციიდან გამომდინარე – მეთქი.

მათ შეეშინდათ და ამოიღეს ეს პუნქტი, მაგრამ როგორც იცით, მოლდავეთს არ დაუთმეს. მათ პირდაპირ უბრძანეს, რომ გაეუქმებინა ეროვნული გვარდია და დააშლევინეს. ესეც იმის ნიშანია, რომ საქართველოსთან უფრო ფრთხილად იქცევიან, ვიდრე ნებისმიერ სხვა რესპუბლიკასთან. რაც შეეხება მომავალს, მე არ ვიცი რას იღონებენ. ჯერჯერობით ისინი საგანგებო წინააღმდეგობას ვერ გვიწევენ.

რა პერსპექტივა აქვს ეროვნულ გვარდიას, რითი შეიარაღდება, რამდენი კაცი იმსახურებს?

– დასაწყისისთვის დაახლოებით 12000, რაც შეეხება იარაღს, საკმარისი გვაქვს.

ბატონო ზვიად, საქართველოს უზენაესმა საბჭომ შეაჩერა ბრძანება ჯარებისა და მილიციის ერთობლივი მოქმედების შესახებ, რა რეაქცია მოჰყვა ამას კრემლიდან?

– ჯერჯერობით არავითარი რეაქცია არ არის, ერთი კია, ვფიქრობ, ამიერკავკასიის ჯარების სარდლობას თვითონ არ უნდოდა ამის გაკეთება, რადგან საფრთხეა თავდასხმის და იარაღის წართმევისა. აი, თვით მოსკოვშიც კი ჯარისკაცები ხანჯლებით გამოვიდნენ. ხალხი იარაღზე ნადირობს. საქართველოში რომ დაეწყოთ პატრულირება, იარაღის ნახევარი ქართველების ხელში გადავიდოდა, შეიძლება სისხლიც დაღვრილიყო, ომის დაწყება კი მათ ჯერჯერობით ხელს არ აძლევთ, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას არ გაინაღდებენ. თანაც, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი რეკლამირება მთავრობის მხრიდან, რომ ყველაფერს იღონებენ დამნაშავეობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს არის მოსახლეობის დამშვიდება, რადგან, მართლაც ცუდი მდგომარეობაა და ხალხი აუჯანყდა გორბაჩოვს, სთხოვენ, რომ როგორც უნდა, ისე დაამყაროს წესრიგი, ამიტომ მან უბრალოდ ეს აჩვენა ხალხს, პრაქტიკულად კი ვერ განახორციელა. ეს რომ განახორციელოს, სამხედრო დიქტატურა იქნება. ამის საშუალებას კი დასავლეთი ჯერჯერობით არ აძლევს. თუ გაინაღდა დასავლეთის მხარდაჭერა, მაშინ ნამდვილად გააკეთებს.“