ტეგები

, ,


1991 წელი უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისთვის ძალიან კონკრეტული წინადადების წაყენებით დაიწყო. მათ ერთი თვე მიეცათ შინაგან საქმეთა ორგანოებისთვის იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარებისთვის და გარანტიაც, რომ თუ ამ ერთი თვის მანძილზე ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ იარაღს, გათავისუფლდებოდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.

საქართველოს რესპუბლიკის  უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 28 დეკემბერს მიიღო დადგენილება უკანონო შეიარაღებული ფორმირებების აკრძალვის შესახებ და ზემოხსენებული პირობაც მასში ჩამოაყალიბა. დადგენილების ტექსტი 1991 წლის 1 იანვარს გამოქვეყნდა მაშინდელ ოფიციალურ პრესაში.

_____________________________________

დადგენილება კანონით გაუთვალისწინებელ შეიარაღებულ ფორმირებათა აკრძალვის შესახებ

იმის გათვალისწინებით. რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი შინაგანი ჯარების – ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ, რაც აძლევს შესაძლებლობას საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს მოიხადონ თავისი საპატიო ვალი სამშობლოს წინაშე და აგრეთვე მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ რესპუბლიკაში მოქმედი კანონით გაუთვალისწინებელ ფორმირებებს დესტაბილიზაცია შეაქვთ საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში, საფრთხეს უქმნიან სამოქალაქო მშვიდობას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და კანონით დაცულ ინტერესებს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1.აიკრძალოს რესპუბლიკაში გაუთვალისწინებელ შეიარაღებულ ფორმირებათა შექმნა და მოქმედება.

2. წინადადება მიეცეთ კანონით გაუთვალისწინებელ შეიარაღებულ ფორმირებეში გაწევრიანებულ პირებს ერთი თვის განმავლობაში ჩააბარონ იარაღი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებს.

3. დადასტურდეს, რომ თუ დადგენილების მეორე პუნქტის თანახმად აღნიშნული პირები დათქმულ ვადებში ნებაყოფლობით ჩააბარებენ იარაღს, მათ მიმართ არ იქნება გამოყენებული კანონით გათვალისწინებული ღონისძიებანი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია.

1990 წლის 28 დეკემბერი