ტეგები

, ,


“თუ მე და გორბაჩოვი „პერესტროიკის „ სათავეში ერთად ვიყავით, თუ თავიდან წარმატებაც საერთო გქვონდა და წარუმატებლობაც, ამ დროისთვის მე უკვე მარტო edoდავრჩი. ასე რომ ჩემს გადადგომას ჰქონდა მიზეზები: პიროვნული და სახელმწიფოებრივი, ემოციური და პრაგმატული, მორალური და მომავალზე ზრუნვით გამოწვეული იყო. თავად განსაჯეთ, დეპუტატების საკმაოდ დიდი ჯგუფი სისტემატურად და მიზანმიმართულად ყველგან და ყოველთვის ლანძღავენ  და მიწასთან ასწორებენ საგარეო საქმეთა მინისტრს.. თავდაცვის სამინისტროს პარტიული კრება ორჯერ მიმართავს გორბაჩოვს და სამშობლოს ინტერესების ღალატისთვის მის წინააღმდეგ  სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს, ხოლო გორბაჩოვი ამ დროს მის დასაცავად ხმასაც არ იღებს.

პიროვნული ასპექტის გარდა იყო უფრო მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი ინტერესიც. ქვეყანას ექმურებოდა დიდი საფრთხე, საზოგადოება კი ვერაფერს ხედავდა. საჭირო იყო ხალხის გამოფხიზლება, ჩემი გამოსვლა გადადგომის შესახებ, სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე 1990 წლის დეკემბერში მოკლე იყო..” – ასე იხსენებს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმთა მინისტრის პოსტიდან გადადგომის ფაქტს ედუარდ შევარდნაძე თავის მემუარებაში. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებშიც” გავიხსენებთ ამ ამბავს.  სსრკ -ს სახალხო დეპუტატთა მეოთხე ყრილობაზე ედ. შევარდნაძის გამოსვლის  ეს ტექსტი 1990 წლის დეკემბრის ქართულ პრესაში გამოქვეყნდა.

_________________________________________________

“მინდა გავაკეთო მოკლე განცხადება ორ ნაწილად. პირველი – გუშინ გამოვიდა ზოგიერთი ამხანაგი – ესენი არიან ჩვენი ვეტერანები, მათ დასვეს საკითხი, რომ საჭიროა მივიღოთ დეკლარაცია, რომელიც აუკრძალავს პრეზიდენტს, ქვეყნის ხელმძღვანელობას ჯარების გაგზავნას სპარსეთის ყურეში. დაახლოებით ასეთი იყო შინაარსი. ამ გუშინდელმა გამოსვლებმა, პირდაპირ გეტყვით, მოთმინების ფიალა ამივსო.

ბოლოს და ბოლოს რა ხდება სპარსეთის ყურესთან დაკავშირებით? მე მომიხდა ერთი ათჯერ მაინც – ქვეყანაშიც და მის გარეთაც – გამოვსულიყავი და განმემარტა საბჭოთა კავშირის დამოკიდებულება, ჩვენი პოლიტიკა ამ კონფლიქტისადმი. ეს სერიოზული, მიფიქრებული, გააზრებული პოლიტიკაა, რომელიც შეესაბამება სახელმწიფოთა შორის ცივილიზებული ურთიერთობების ყველა სტანდარტს. ჩვენ ერაყის სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, რომელიც წლების მანძილზე ყალიბდებოდა. ეს ურთიერთობა შენარჩუნებულია, მაგრამ არავითარი მორალური უფლება არ გვაქვს შევურიგდეთ პატარა, უმწეო ქვეყნის მიმართ აგრესიას, ანექსიას, მაშინ ქარს გავატანდით ყველაფერს, რაც გავაკეთეთ ამ ბოლო წლებში ყველამ ჩვენ, მთელმა ქვეყანამ, მთელმა ჩვენმა ხალხმა ახალი პოლიტიკური აზროვნების პრინციპების დამკვიდრების საქმეში. ეს – პირველი.

მეორე. არაერთგზის განმიმარტავს და ეს თქვა მ.ს.გორბაჩოვმა უზენაეს საბჭოში: საბჭოთა ხელმძღვანელობას არა აქვს არავითარი გეგმები, არ ვიცი, იქნებ რაღაც გეგმა აქვს რომელიღაცა ჯგუფს. არადა, გაისმის ბრალდებები, თითქოს საგარეო საქმეთა მინისტრს სპარსეთის  ყურეში, ამ რეგიონში ჯარების გადასხმის გეგმა ჰქონდეს. მე განვმარტავდი, ვამბობდი, რომ არ არის ასეთი გეგმები, არ არსებობს ბუნებაში და არავინ  აპირებს თუნდა ერთი სამხედროს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების თუნდაც ერთი წარმომადგენლის გაგზავნას იქ.

მესამე საკითხი: დიახ, მე ვთქვი,  ამას ვადასტურებ ყველას გასაგონად და ვაცხადებ, რომ, თუ შეილახება საბჭოთა ადამიანების ინტერესები, თუ დაზარალდება თუნდაც ერთი კაცი, სადაც უნდა ხდებოდეს ეს, ნებისმიერ ქვეყანაში, არა მარტო ერაყში, საბჭოთა მთავრობა, საბჭოთა ქვეყანა დაიცავს  თავის მოქალაქეთა ინტერესებს. მე ვფიქრობ ამაში დეპუტატებმა მხარი უნდა დაუჭირონ ხელმძღვანელობას.

მაგრამ მე მინდა დავსვა სხვა საკითხი: შემთხვევითია თუ არა ყოველივე ეს? შემთხვევითია თუ არა პარლამენტის ორი წევრის განცხადება იმის შესახებ, რომ მოვახერხეთ მოგვეშორებინა შინაგან საქმეთა მინისტრი და ახლა დადგა დრო ანგარიში გავუსწოროთ საგარეო საქმეთა მინისტრს? ამ განცხადებამ უკლებლივ მთელი მსოფლიოს პრესა და ჩვენი გაზეთები მოიარა.

განა ეს ყმაწვილები – ასე ვიტყოდი, რადგან ასაკი ამის უფლებას მაძლევს, ასეთი გულადები არიან, რომ ასეთი განცხადებანი გააკეთონ მთავრობის წევრების მისამართით? „  ამის შემდეგ შევარდნაძემ  აღნიშნა, რომ საჭიროა პოლიტიკაში ადამიანის პირადი ღირსების დაცვა  და გამოთქვა თვალსაზრისი, რომ შექმნილი სიტუაცია რეფორმატორებს და რეაქციონერებს შორისუმწვავესი ბრძოლის შედეგია.

“ნამდვილი დევნაა. რა პუბლიკაციებს არ ნახავთ, რა გამოთქმებს არ წააწყდებით: „ ძირს გორბაჩოვის ხროვა!“ ამატებენ შევარდნაძესაც და კიდევ რამდენიმე გვარს.

მე შემძრა, პირდაპირ გეტყვით, შემძრა ჩვენი ყრილობის მუშაობის დაწყების პირველი  დღის ამბებმა. ღილაკის დაჭერით წყდებოდა არა მარტო პრეზიდენტის, არამედ გარდაქმნის, დემოკრატიზაციის ბედი. განა ეს ნორმალურია?

ამხანაგო დემოკრატებო, თქვენ მიმოიფანტეთ, რეფორმატორები ბუჩქებში მიიმალნენ, დგება დიქტატურა! – ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ! არავინ იცის როგორი იქნება ეს დიქტატურა, როგორი დიქტატორი მოვა  და რა წყობა დამკვიდრდება.

მე უნდა გადავდგე. დაე, ეს იყოს ჩემი პირადი წვლილი. თუ გნებავთ პროტესტი მოსალოდნელი დიქტატურის წინააღმდეგ. დიდ მადლობას მოვახსენებ მიხაილ გორბაჩოვს, მე მისი მეგობარი, მისი თანამოაზრე ვარ, ყოველთვის  მხარს ვუჭერდი და სიკვდილამდე მხარს დავუჭერ გარდაქმნის იდეებს, განახლების იდეებს, დემოკრატიზაციის იდეებს. ჩვენ დიდი საქმეები გავაკეთეთ  საერთაშორისო სარბიელზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ  ახლა გადადგომა ჩემი მოვალეობაა –  როგორც ადამიანის, მოქალაქის, კომუნისტის. არ შემიძლია შევურიგდე იმ ამბებს, ჩვენ ქვეყანაში რომ ხდება და იმ განსაცდელს, რომელიც ჩვენს ხალხს მოელის.“