ტეგები

, ,


1990 წლის 11 დეკემებრს საქართველოს უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ამ  გადაწყვეტილებას წინ უძღოდა  შედარებით რბილი ნაბიჯები, რომლებსაც ცხინვალში მიღებულ გადაწყვეტილებებს თბილისში უპირისპირებდნენ. 11 დეკემბერს უზენაესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ კანონში კი განმარტების სახით ჩაიწერა:

zviaმიუხედავად საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების არაერთი გაფრთხილებისა აღკვეთილიყო ავტონომიური ოლქის თვითმარქვია ხელისუფლების უკანონო მოქმედებები, ავტონომიურ ოლქში 9 დეკემბერს მაინც მოეწყო ე.წ. ‘სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რითაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას რეალური საფრთხე შეექმნა.” 

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” 1990 წლის 11 დეკემბერს ვიხსენებთ –  უზენაესი საბჭოს სესიას და მის მიერ მიღებულ ურთულეს გადაწყვეტილებას  სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ. უცვლელად გთავაზობთ ტექსტებს, რომლებიც მაშინდელმა ოფიციალურმა პრესამ შემოინახა.

________________________________________________________

11 დეკემბერს გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიის მორიგი სხდომა. დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუმება.

ამ საკითხზე მოხსენება გააკეთა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ.

კამათში მონაწილეობდნენ დეპუტატები: ალექსანდრე ვარძელაშვილი, ალექსანდრე ქობულაშვილი, ავთანდილ მარგიანი, ნოდარ ნათაძე, ლოვარდ ტუხაშვილი, ანდრია აფაქიძე, ფოტი ჩიტლოევი, ვლადიმერ მირცხულავა, თეიმურაზ გვანცელაძე, ლევან ალექსიძე,

დეპუტატების წინაშე გამოვიდა სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალ – მაიორი გენრიხ მალიუშკინი.

სესიამ ერთხად მიიღო კანონი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ. ამასთან დაკავშირებით მიღებულია აგრეთვე კანონი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებათა შეტანის შესახებ.

დეპუტატებმა განიხილეს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წესის საკითხი, რაც მოახსენა სესიას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის მუდმივი კომისიის თავმჯდომარემ ვაჟა ადამიამ. კამათში მონაწილეობდნენ დეპუტატები: ნოდარ ნათაძე, მზექალა შანიძე, ეთერ გუგუშვილი, რომან  გოცირიძე, ნუგზარ მოლოდინაშვილი, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ჯონი ხეცურიანი.

უზეანესმა საბჭომ მიიღო კანონი საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების   წესის შესახებ.

osi

“სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სეპარატისტული ძალები ცდილობენ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ შექმნით მოახდინონ სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია, ხელყონ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, ჩამოაშორონ საქართველოს თავისი ისტორიული, განუყოფელი ნაწილი, რაც აშკარად ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, არამედ სსრ კავშირის  კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

მიუხედავად საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების არაერთი გაფრთხილებისა, აღკვეთილიყო ავტონომიური ოლქის თვითმარქვია ხელისუფლების უკანონო მოქმედებები, ავტონომიურ ოლქში 9 დეკემბერს მაინც მოეწყო ე.წ. ‘სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რითაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას რეალური საფრთხე შეექმნა.

ვითვალისწინებთ, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა 1922 წელს შეიქმნა ამ რეგიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის ნების უგულებელყოფით და სრულიად საქართველოს ინტერესების საზიანოდ, რაც არაერთხელ დადასტურდა ოლქის არსებობის მანძილზე, აგრეთვე იმას, რომ ოს ხალხს  საბჭოთა კავშირში გააჩნია საკუთარი სახელმწიფოებრიობა თავის ისტორიუ ტერიტორიაზე – ჩრდილოეთ ოსეთში და რომ საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრები ოსი მოსახლეობის მცირე ნაწილი ცხოვრობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებში, სადაც მას აქვს და მომავალშიც ექნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლებამ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე -3 და მე – 11 პუნქტების  შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

  1. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
  2. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, მისი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო – აღმასრულებელი კომიტეტი და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები.
  3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის ნომერი 2 დეკრეტი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ“ და საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონი „სამხრეთ  ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ“.  
  4. დადასტურდეს საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებები სეპარატისტული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკად გარდაქმნის ანტიკონსტიტუციურობის შესახებ.
  5. ცნობილ იქნეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 9 დეკემბრის არჩევნები და მისი შედეგებისაქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიამ წარმოადგინოს წინადადებანი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა თაობაზე
  1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს წარმოუდგინოს წინადადებანი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ადმინისტრაციულ -ტერიტრიული მოწყობის შესახებ. განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ზომები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად. თვითმარქვია ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ფუნქციების აღსაკვეთად. შეუსაბამოს მთავრობის  გადაწყვეტილებები ამ კანონს.
  2. საქართველოს პროკურატურამ განიხილოს და  გადაწყვიტოს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში  არ დაემორჩილენ საქართველოს რესპუბლიკის სახემწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებს, უხეშად დაარღვიეს კონსტიტუციით დადგენილი არჩევნების ჩატარების წესები, ხელყვეს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა და ბოროტად გამოიყენეს თანამდებობის პირთათვის კანონით მინიჭებული უფლებები და რწმუნებები.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია. 1990 წლის 11 დეკემბერი, თბილისი.”