ტეგები

, ,


1990 წლის ბოლოს “ქართველ მაშველთა კორპუსმა” (“მხედრიონი”) გამოაქვეყნა ზვიად გამსახურდიასადმი მიმართვა, რომელიც ეხმიანებოდა გამსახურდიას მიერ “მხედრიონის” მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს და მის დადანაშაულებას “პუტჩის” მოწყობის მცდელობაში. ამასთან, გამსახურდია ანვითარებდა მისაზრებას, რომ 1990 წლის დეკემბერში ოპერის ბარში დაწყებულმა შიმშილობის აქციამ (  აქციის  ორგანიზატორი ” მხედრიონი” იყო) ხელისუფლება შეაფერხა – დროული რეაგირება მოეხდინა ცხინვალის რეგიონში განვითარებულ პროცესებზე. გამსახურდია მაშველთა კორპუსს იარაღის ჩაბარებას მოუწოდებდა. “მხედრიონი” იარაღის ჩაბარებას უარობდა და ხელისუფლებას მის მიმართ ცილისმწამებლური კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებდა.

mexdrioni

( “მხედრიონის” 1990 წლის დეკმებრის შიმშილობის აქცია ოპერის ბაღში.  გამოტანილი იყო ლოზუნგენი: ” ძირს ცილისმწამებლები!,” “მოვითხოვთ პრესის და ტელევიზიის თავისუფლებას!” “უბრალოება, თავმდაბლობა და ზნეობა!”)

“ქართველ მაშველთა კორპუსის” პრეს -ცენტრის  განცხადება. 1990 წლის 17 დეკემბერი.

“ა.წ. 15 დეკემბერს საქართველოს ტელევიზიამ გადასცა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა, რომელშიც აღნიშნულია: „რაც შეეხება საოკუპაციო ჯარს, ვისაც სურს საოკუპაციო ჯარის დროულად გაყვანა საქართველოდან, ხელი უნდა შეგვიწყოს ეროვნული არმიის შექმნაში, ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებაში. ამისთვის შიმშილობები კი არ არის საჭირო ჩვენს წინააღმდეგ, არამედ არაოფიციალურმა შეაიარაღებულმა ფორმირებებმა უნდა ჩაგვაბარონ იარაღი, ჩააბარონ სახელმწიფოს, ჩაგვაბარონ, რასაკვირველია, გარკვეული პირობების გათვალისწინებით. მართალია, იარაღი გვაქვს, მაგრამ კიდევ დიდი რაოდენობით გვჭირდება ეროვნული გვარდიისთვის. ჩაგვაბარონ ტექნიკა, რომელიც მათ მიტაცებული აქვთ და გააუქმონ არაოფიციალური, კონტროლიდან გამოსული ფორმირებები. სამაჩაბლოში მილიციის დროულად შეყვანა იმიტომ  ვერ მოვახერხეთ, რომ მილიცია იყო კონცენტრირებული აქ, თბილისში, როდესაც დაიწყო “მხედრიონის“ “პუტჩი“ და მათი შეიარაღებული შიმშილობა ოპერის ბაღში. ამან ძალზე დააბრკოლა ჩვენი აქტიურობა სამაჩაბლოში, ვინაიდან მთელი  ყურადღება თბილისზე  და შავნაბადაზე იყო გადმოტანილი, სადაც აგრეთვე შეგროვილნი იყვნენ ეს არაოფიციალური, შეიარაღებული დაჯგუფებები. იყო თბილისში“ პუტჩის“ მცდელობა, „პარადის“ მოწყობის მცდელობა და სხვა. ამან დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს, სამაჩაბლოს კონტროლის ქვეშ აყვანა დროულად ვერ მოხერხდა“.

მიგვაჩნია, რომ გამოსვლის ეს ნაწილი შეიცავს გარკვეულ ცილისწამებას, რის გამოც ვთხოვთ ბატონ ზვიად გამსახურდიას გვიპასუხოს შემდეგ კითხვებზე:

  1. რაში გამოიხატება „მხედრიონის“ მხრიდან ხელის შეშლა ეროვნული არმიისა თუ ეროვნული გვარდიის შექმნის და ჩამოყალიბების საქმეში?

2. რას ნიშნავს იარაღის ჩაბარება „გარკვეული პირობების გათვალისწინებით?“

3. რა ფორმებში გამოიხატა  „მხედრიონის“ „პუტჩი“ და მოსალოდნელი „პარადი“ და გაქვთ თუ არა საფუძველი ასეთი განცხადების გაკეთებისთვის?. საზოგადოებას შევახსენებთ : „პუტჩი“ ( გერ. Putsch )- შეთქმულთა ჯგუფის ავანტიურისტული ცდაა  მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება.

4. იქნებ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს „შეიარაღებული შიმშილობა?“

5. რა ძალები აკონტროლებდნენ „მხედრიონის“ შიმშილობის აქციას  კონკრეტულად, რაოდენობისა და სახეობის ჩვენებით და როდის და რა ძალები სჭირდებოდა სიტუაციის კონტროლის ქვეშ მოქცევას სამაჩაბლოში?

6. ხომ არ არის დაკავშირებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის  ბატონ ვახტანგ გოგუაძის „ნებაყოფლობითი“ გადადგომა თანამდებობიდან იმ თანაგრძნობასთან და სოლიდარობასთან, რომელიც მან გამოუცხადა „მხედრიონს“ და შეუერთდა 8 დეკემბერს შიმშილობის აქციას?

სასურველია, ამ კითხვეზე გაცემულ იქნას ზუსტი და ამომწურავი პასუხები, ვინაიდან ყველა ამ ცილისწამებასთან ერთად, თქვენს გამოსვლაში, ბატონო თავმჯდომარევ, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ „მხედრიონი“ ყოფილა თავი და თავი ყველა იმ უბედურებისა, რაც ხდება საქართველოში.

გთხოვთ  დროულად გამოგვეხმაუროთ ჩვენს კანონიერ მოთხოვნებზე.’

1990 წლის 17 დეკემბერი.