ტეგები

, ,


უზენაესი საბჭოს 1991 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ზვიად გამსახურდია ( უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე) შეეცადა აეხსნა ნაბიჯი, რომელსაც უზენაესი საბჭო დგამდა. ვგულისხმობთ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებას. გამსახურდიამ აღნიშნა, რომ ავტონომიური ოლქის გაუქმებით დაკმაყოფილდებოდა “შიდა ქართლისა და სრულიად საქართველოს მოთხოვნა, აგრეთვე საქართველოში მცხოვრები ოსი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნა.” უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ოლქის გაუქმების შემდეგ საქართველოში უნდა ყოფილიყო დაცული შიდა ქართლის ოსური მოსახლეობის უფლებები, გარანტირებული უნდა ყოფილიყო ოსური ენის ყოველმხრივი განვითარება, ოსური სკოლების შენარჩუნება, ფართო კულტურული ავტონომია.

რამ მიაღებინა საქართველოს ახლადარჩეულ ხელისუფლებას რადიკალური გადაწყვეტილება? 

“ჩვენ ვაღიარებთ ოსი ხალხის, ისევე როგორც სხვადასხვა ხალხის უფლებას თვითგამორკვევის და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისას, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს მათ ისტორიულ სამშობლოში, დღევანდელ ჩრდილოეთ ოსეთში და არა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც მათ მიტაცებული აქვთ და რომელიც წარმოადგენს სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს.

zviaდღეს ოსი სეპარატისტები ცდილობენ მოსწყვიტონ საქართველოს მისი შუაგული, ქართველი ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის კერა და თვითგამორკვევის რეალიზაციის საბაბით ქმნიან ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა  რესპუბლიკას,“თანაც გვარწმუნებენ, რომ ეს გეგმა არაფრით ემუქრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ, საკმარისია გავეცნოთ 1990 წლის 20 სექტემბრის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მიერ მიღებულ დეკლარაციას „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ,“რომ აშკარა გახდეს – იქმნება დამოუკიდებელი პოლიტიკური წარმონაქმნი.“

უზენაესი საბჭოს სესიაზე გამოსვლისას ზვიად გამსახურდიამ დეტალურად მიმოიხილა ოსი სეპარატისტების მიერ იმ პერიოდში გადადგმული რადიკალური ნაბიჯები და მათზე ცენტრალური ხელისუფლების რეაქცია: „ეს დეკლარაცია „ცნობს ოსი ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებას“ და აცხადებს ავტონომიურ ოლქს „ოსი ხალხის სახელმწიფოებრივ ფორმად”.. უგულებელყოფს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას და საერთოდ, საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სასიცოცხლო ინტერესებს, სსრ კავშირის კონსტიტუციის ქვაკუთხედ პრინციპებს, რომლებიც ავტონომიურ ოლქებს მთლიანად უმორჩილებს მოკავშირე რესპუბლიკების სუვერენიტეტს და ადგილობრივი ხელისუფლების სტატუსს მიაკუთვნებენ. უფრო მეტიც, ამავე დროს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის“ შესახებ.

ეს აქტები გაბათილებულ იქნა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით, მაგრამ ა.წ. 16 ოქტომბერს ეს დადგენილება არა მარტო უარყოფილ იქნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ, არამედ შეიქმნა რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი და დაინიშნა არჩევნები ე.წ. „სამხერთ ოსეთის,“ ამჯერად, „საბჭოთა რესპუბლიკის“ უზენაესი საბჭოსი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 22 ნოემბერს გააუქმა ეს დადგენილება და გააფრთხილა ამ აქციის ჩამდენები, რომ  ამ მოქმედებისთვის სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ, არჩევნები მაინც ჩატარდა 9 დეკემბერს.

ამგვარად, კონფლიქტის მოწესრიგება  მშვიდობიანი საშუალებებით ვერ მოხერხდა და ჩვენ ვდგავართ ფაქტის წინაშე – საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიქმნა დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული, რომელიც არ ცნობს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობას და ხელყოფს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.“

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში წარმოადგინა ცნობები შიდა ქართლში ოსი მოსახლეობის გაჩენისა და ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ, ასევე ავტონომიურ ოლქში ეთნიკური ოსებისა და ეთნიკური ქართველების მდგომარეობაზე. რამდენიმე საინტერესო ამონარიდი ზვიად გამსახურდიას მოხსენების ამ ნაწილიდან:

macha“სამხრეთ ოსეთად წოდებულ იქნა ის ტერიტორიული სივრცე, რომელიც ჩრდილოეთიდან გადმოსულმა ოსებმა დაიკავეს. ისინი უმთავრესად სახლდებოდნენ დიდი და პატარა ლიახვისა და ქსნის ხეობებში. ამის გამო, შემდგომში, ოსური მოსახლეობა დასახლებული აღმოჩნდა გორისა და დუშეთის მაზრებში, შედარებით მცირე რიცხვი – რაჭასა და შორაპნის მაზრებში.

ქართველები გარკვეულ კეთილგანწყობას ამჟღავნებდნენ ოს ხიზანთა მიმართ და ხელს უწყობდნენ მათი კულტურის შემდგომ განვითარებას, ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართული ანბანის მიხედვით შედგენილი პირველი ოსური სასულიერო წიგნი ქართველი მისიონერი მღვდლების მიერ 1753 წელს იქნა გამოცემული ხელნაწერის სახით. ბეჭვდა ხორციელდებოდა ქართული ანბანის გამოყენებით. მაშინ ოსური ანბანი შედგენილი არ იყო. ქართული ასოების საფუძველზე პირველი ოსური ანბანი შექმნა ივანე იალგუზიძემ, ხოლო მეცხრამეტე საუკუნის ოცდაათიან წლებში შემოღებულ იქნა ოსური ანბანი რუსულ ანბანზე დაყრდნობით.”

“ცხინვალის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის 32 ლექტორ – მასწავლებლიდან ქართველია მხოლოდ 1, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის ქართული სკოლების მასწავლებელთა გადამზადების საქმეში.

ამჟამად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ფუნქციონირებს 145 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელთაგან 47 ქართულია, 36 ოსური, 5 რუსული, 3 ქართულ – რუსული,  45 რუსულ – ქართული, 6 ქართულ – რუსულ – ოსური.

აქვე უნდა ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებობს ორი ტიპის სკოლა: პირველი – სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მხოლოდ ოსური ენა და ლიტერატურა ისწავლება ოსურად, ხოლო დანარჩენი საგნები – რუსულად. მეორე – სადაც დაწყებით კლასებში ყველა საგანი ოსურ ენაზე ისწავლება, ხოლო 5 კლასიდან მხოლოდ  ოსური ენა და ლიტერატურა  ისწავლება ოსურად, დანარჩენი საგნები რუსულად. ამ ტიპის არც ერთ სკოლაში ქართული ენა საერთოდ არ ისწავლება. ე.ი. ავტონომიური ოლქის 145 სკოლიდან 90 – ზე მეტ სკოლაში პრაქტიკულად რუსული სწავლებაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკაში ე.წ. ოსურ სკოლაში სწავლება ხდება რსფსრ-ში არსებული ანალოგიური სკოლის პრინციპით, ანუ სავსებით იგნორირებიულია სუვერენული რესპუბლიკის კონსტიტუციური მოთხოვნები. ყველაფერი ეს მიმართულია ოსი მოსახლეობის ძალდატანებით გარუსებისაკენ, რასაც სამწუხაროდ ხელს უწყობს ოსი ინტელიგენციის აშკარად ტენდენციური ( მეტი რომ არაფერი ვთქვათ) ნაწილი, ძირითადად პირადი ამბიციებით რომ ხელმძღვანელობას.

აქვე გვინდა დავიმოწმოთ ცნობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატათა საბჭოს აღმასკომისათვის 1979-80 წლებში რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების შესახებ. 10 წელში დამატებითი თანხების რაოდენობამ 10 099 300 მანეთი შეადგინა.

1989 წლის აღწერის მიხედვით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის 29 პროცენტს ქართველები შეადგენენ, 66,2  პროცენტს ოსები. ოლქის პარტიულ აპარატში 1990 წლის მონაცემებით 140 კაციდან ქართველია 34, ოსი –  85. თვით პარტიის საოლქო კომიტეტის აპარატში 37 კაციდან ქართველია 6, ოსი -29. სახელმწიფო აპარატში 227 ადგილიდან ოსებს დაკავებული აქვთ 176, ქართველებს – 49. მომსახურების სფეროში 2408 ადგილიდან ოსებს – 1500, ქართველებს – 631.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებათა შემადგენლობა შემდეგ სურათს იძლევა: ოლქში სულ არის 109  კლუბი, 153 ბიბლიოთეკა, 2 მუზეუმი, სამხატვრო სასწავლებელი, 2 სამხატვრო სკოლა, 1 სამუსიკო სასწავლებელი და 2 სამუსიკო სკოლა, ოსური და ქართული დრამატული თეატრები, სამხატვრო – საგამოფენო გალერეა და სხვა. ოლქის კულტურის სამმართველოს უფროსი და ხუთივე რაიონული განყოფილების გამგე ეროვნებით ოსია. საერთოდ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კულტურის ორგანოების საგანმანათლებლო დაწესებულებების თეატრალური, საკონცერტო და სანახაობითი ორგანიზაციების ნომენკლატურულ მუშაკთა 77, 5 პროცენტი ოსი ეროვნების წარმომადგენელია.

სამხრეთ ოსეთის ქართულ მოსახლეობას არსებითად არა აქვს შესაძლებლობა განავითაროს ქართული კულტურა, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თავისუფლად გამოიყენოს დედაენა რომელიც რესპუბლიკის საელმწიფო ენაა. ხდება აშკარა დევნა ქართული კულტურისა, ქართული ისტორიული ძეგლების უხეში ხელყოფა, ოდინდელი ქართული ტოპონიმიკის ხელოვნური დამახინჯება ან გადარქმევა. ნიშანდობლივია, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არ მოიპოვება ოსური კულტურის არც ერთი ისტორიული ძეგლი და ტოპონომიკა ქართულია. მიუხედავად ამისა, არ არსებობს არავითარი პირობა არამცთუ კულტურული ძეგლების შემდგომი განვითარებისა, არამედ ისტორიულად არსებული ძეგლების სრულყოფილი შესწავლისა…

ქართული მოსახლოების მდგომარეობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში დღესაც სავალალოა, ავიღოთ თუნდაც საკადრო პოლიტიკის საკითხი, ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქართველი მოსახლეობის წარმომადგენელთა ხვედრითი წილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის პარტიულ, საბჭოთა და სამეურნეო აპარატში უფრო მცირეა, ვიდრე ეს მას ოლქის მოსახლეობის პროცენტული შემადგენლობით ერგება.”