ტეგები

, ,


“დამოუკიდენლობის გაკვეთილებში” გაეცანით საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას პასუხებს შეკითხვებზე, რომლებითაც მას გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” კორესპონდენტმა 1990 წლის დეკემბრის დასაწყისში მიმართა. უზენაესი საბჭო ახალი არჩეული იყო, მისი თავმჯდომარე  რესპუბლიკაში შექმნილ დაძაბულობაზე და  ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობდა.  “ეს  სიტუაცია შექმნილია იმ ძალების მიერ, რომლებსაც სურთ დესტაბილიზაცია, ანარქია.  უნდა განხორციელდეს ყველა არსებული შეიარაღებული ფორმირების მშვიდობიანი განიარაღება”, – ამბობდა ის. აქვე წაიკითხავთ იმაზეც, თუ რას ფიქრობდა ზვიად გამსახურდია ინტელიგენციაზე,  როგორ აფასებდა დასავლეთის მაშინდელ პოზიციას საბჭოთა კავშირში გაშლილ ეროვნულ – გამანთავისუფლებელი მოძრაობების მიმართ და როგორ პასუხობდა შეკითხვას: “საქართველოს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად აღიარებისთვის საჭიროა კონტაქტები საერთაშორისო ასპარეზზე.  გაქვთ თუ არა დაგეგმილი ვიზიტები უცხოეთის ქვეყნებში?”

“საქართველოს დღევანდელი დაძაბული პოლიტიკური ვითარება არ იძლევა საშუალებას უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას.” – ასეთი იყო პასუხი.

___________________________________________________________

pk

 

დღეს რესპუბლიკაში  არსებული მწვავე მდგომარეობის მიზეზი კრემლია. საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა გორბაჩოვმა ამასწინათ სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს სესიაზე განაცხადა, რომ საქართველოში დაიწყო მღელვარება, მაგრამ იგი აჩქარდა – პოსტფაქტუმ უნდა ეთქვა ეს  და აი, სიგნალი მიღებულია. ეს  სიტუაცია შექმნილია იმ ძალების მიერ, რომლებსაც სურთ დესტაბილიზაცია, ანარქია.  უნდა განხორციელდეს ყველა არსებული შეიარაღებული ფორმირების მშვიდობიანი განიარაღება, უნდა შეიქმნას ეროვნული გვარდია, რომელსაც უკვე გააჩნია სოლიდური საფუძველი.

ეროვნული კონგრესის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა: ამერიკაში, ამ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ყველას აქვს იარაღის ტარების უფლება, როგირი იქნება თქვენი კომენტარი?

zviadiამერიკამდე ჩვენ ბევრი გვაკლია ყოველგვარი თვალსაზრისით, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების თვალსაზრისით და, სამწუხაროდ, შეგნების თვალსაზრისითაც, ჯერჯერობით, მოსახლეობის ყველა ფენაში არ არის მოქალაქეობრივი შეგნება იმისა, რომ ბოროტად არ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული იარაღი, უნებართვოდ ხელში ჩაგდებული და, ვინ იცის, რა გზებით მოპოვებული. თუმცა ამერიკასაც და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებსაც დიდ სიძნელეებს უქმნის ასეთი კანონები. სჯობია, თანამედროვე ცივილიზაციისა და კულტურის მიღწევებში  შევეჯიბროთ მათ, ვიდრე იარაღის უკანონო ტარებაში.

რას იტყვით ინტელიგენციის იმ ნაწილზე, რომელიც ადრე ხშირად მოძღვრავდა ხალხს და სიმშვიდისკენ, წესრიგისკენ მოუწოდებდა, დღეს კი რატომღაც დუმილს არჩევს...

ეს მართლაც დამაფიქრებელია, სწორედ აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ვინ ვინ არის. დასკვნა ერთია: ყოველთვის იყო ჭეშმარიტი და ცრუ ინტელიგენტობა. ცრუ ინტელიგენტობა მაშინ ამას აკეთებდა, ხმაურობდა, რადგან ეს გარკვეულ ძალებს აძლევდა ხელს და დღესაც, სწორედ, ამიტომ არჩევენ დუმილს. აქედან ჩანს, რომ ისინი მარიონეტებს წარმოადგენენ. ის ყველასათვის ცნობილი აქციები, შიმშილობები, ეროვნულ – გამათავისუფლებელი ხასიათისა იყო, დღევანდელი მოვლენები კი მხოლოდ კრემლს აძლევს ხელს. ცრუ ინტელიგენტობა ახლა სდუმს, რათა არ გაანაწყენოს ცენტრი.

ცხადია, რომ საბჭოური პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურების რღვევის პროცესი უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლის. რა ღონისძიებები გატარდება თოთოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად?

ჩვენი მოძრაობის, ჰელსინკის კავშირის მოღვაწეობა, თავიდან დაიწყო სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით, ჩვენ ვამხილეთ ადამიანის უფლებათა დარღვევები  საქართველოში და ჩვენი საბოლოო პროგრამაც ამას ითვალისწინებს. ბოლომდე ერთგულნი ვიქნებით ჩვენი იდეებისა. ჩემის აზრით, ეროვნული პარლამენტის მიერ სულ ახალახანს მიღებული კანონებიც არის ამის უტყუარი დასტური. ჩვენ მუდამ ვიბრძოლებთ თოთოეული მოქალაქის უფლებათა უზრუნველსაყოფად.

საქართველოს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად აღიარებისთვის საჭიროა კონტაქტები საერთაშორისო ასპარეზზე. გაქვთ თუ არა დაგეგმილი ვიზიტები უცხოეთის ქვეყნებში?

რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტების საჭიროება არსებობს, ისახება გარკვეული პერსპექტივებიც, არის რეალური წინადადებანი სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობებისა. მაგრამ კონკრეტულად ჯერ ვერაფერს ვიტყვით, ამას გარკვეული დრო დასჭირდება.. გარდა ამისა, საქართველოს დღევანდელი დაძაბული პოლიტიკური ვითარება არ იძლევა საშუალებას უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას.

თქვენი აზრით უახლოეს მომავალში შეიცვლება თუ არა დასავლეთის პოზიცია საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკათა ეროვნულ – გამანთავისუფლებელი მოძრაობების მიმართ?

ჯერჯერობით ოფიციალური დასავლეთის პოზიცია ამ საკითხის მიმართ უცვლელია. თუმც, უნდა აღინიშნოს რომ მათ ჰყავთ ოპოზიციაც, რომელიც არაორაზროვნად მოუწოდებს ოფიციოზს დადგეს არა მჩაგვრელთა, არამედ ჩაგრულთა მხარეზე.

უნდა ითქვას, რომ ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტი მერკანტილური, პრაგმატული პოზიციებიდან უდგება ამ პრობლემებს და თუ აღდგება ისეთი დამოკიდებულება, როგორიც იყო პრეზიდენტ რეიგანის დროს – ერთგულება თავისუფლების იდეალებისადმი – ვფიქრობთ, რომ ჩვენ ეს დაგვეხმარება. ამასთანავე, უნდა  შეიცვალოს დასავლეთის ყველა წამყვანი სახელმწიფოს აზრი, რადგან მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის პირობებში მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის პოზიციის შეცვლა წარმოუდგენელია. უნდა გამოიკვეთოს ერთიანი მიმართება ამ საკითხისადმი.

ამასწინათ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში შედგა საიდუმლო სხდომა, რომელზეც  განიხილეს საქართველოს საკითხი, ჩვენ ვიცით მხოლოდ ფაქტი, სხვა მონაცემები არა გვაქვს.

აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში განხორციელდა კომუნისტური პარტიის ქონების ნაციონალიზაცია. როდის დაიწყება ასეთი პროცესი საქართველოში და თქვენი აზრით, რამდენად წინააღმდეგობრივი იქნება იგი?

დღეს კომუნისტური იდეა საქართველოში გაკოტრებულია ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში. ჩვენ არ დავუშვებთ უსამართლობის დაკანონებას. კომპარტიის ქონების ნაციონალიზაცია აუცილებლად მოხდება, როგორც უკანონო გზით, დიქტატით და ხალხის ძარცვით მითვისებულის, თუმცა წინააღმდეგობები ალბათ იქნება.

რომელი ძალა გესახებათ დღეს კომუნისტური პარტიის რეალურ ოპოზიციად რუსეთში?

მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთში არსებობს რადენიმე ცალკეული ანტიკომუნისტური დაჯგუფება, ისინი რეალურ ძალას არ წარმოადგენენ, არა აქვთ საკმარისი ავტორიტეტი ფართო მასებში, არა აქვთ ერთიანობა. რაც შეეხება ელცინის ოპოზიციას, ეს ძირითადად მორალური ოპოზიციაა, პიროვნული წინააღმდეგობიდან გამომდინარე. ამიტომ გადამწყვეტი ზეგავლენის მოხდენა ძალთა განლაგებაზე არ შეუძლია.

დღე სხშირად საუბრობენ საერთო კავკასიური სახლის შექმნაზე. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს იდეა?

ამ ეტაპზე ეს იდეა უტოპიურია. წარმოუდგენელია საუბარი ინტეგრაციაზე, როცა არც საქათველოსა და არც ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებს არ გააჩნიათ საკუთარი სახელმწიფოებრიობა, განა შეიძლება უსახლკაროები ერთიან სახლს აშენებდნენ?

————————————————-

1990 წელი,